შარიქაძე:
Aa
Aa

შარიქაძე: "რაგბს სწორედ იმიტომ ვთამაშობ, რომ ქომაგს სიამოვნება მივანიჭო"

დღეს საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები ნოემბრის პირველ ტესტ-მატჩში კანადას "დინამო არენაზე" უმასპინძლებს.

დაპირისპირება 18:00 საათზე დაიწყება. შეხვედრის პირდაპირ ტრანსლაციას ტელეკომპანია "იმედი" განახორციელებს.

ბორჯღალოსანთა კაპიტანმა მერაბ შარიქაძემ გულშემატკივრის მნიშვნელობაზე ისაუბრა და მათ "დინამო არენაზე" მოსვლისკენ მოუწოდა.

„ჩვენთვის გულშემატკივარი ყველაზე ძვირფასია და მათ მხარდაჭერას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. რაგბს სწორედ იმიტომ ვთამაშობ, რომ ქომაგს სიამოვნება მივანიჭო. მოედანზე მხოლოდ მათთვის ვიბრძვით, მათთვის ვიხარჯებით და ხვალ ყველას სტადიონზე ველოდებით“ - განაცხადა თიბისი რაგბის სერიების პირველი მატჩისწინა პრესკონფერენციაზე შარიქაძე.

თიბისი რაგბის სერიების პირველ შეხვედრაში, ბორჯღალოსნები კანადას ‘დინამო არენაზე’ დაუხვდებიან (11 ნოემბერი, 18 საათი). დღეისათვის ამ გუნდებს შორის თანაბარი ბალანსია (3-3 მოგება) და

ხვალ მილთონ ჰეიგის შეგირდები ურთიერთშეხვედრებში დაწინაურებას ეცდებიან. შარიქაძე ამბობს, რომ გამარჯვების მოპოვება იოლი არ იქნება:

„კანადის წინააღმდეგ რამდენჯერმე მითამაშია და მარტივი არცერთი იყო. მათთან დიდი სხვაობით არასდროს მოგვიგია, ამ ზაფხულს კი მეტოქე სტუმრად პირველად დავამარცხეთ.

ნოემბერში ეს ჩვენი პირველი თამაშია. რაგბი უამრავი დეტალისგან შედგება და ერთი კვირა ყველაფრის გასავლელად საკმარისი არაა. ამ მხრივ ძლიერ წაგვადგა მონპელიეში გავლილი 3-დღიანი შეკრება. იმდენი რამაა შესათანხმებელი, რომ ხშირად კრებებით უფრო ვიღლებით, ვიდრე ვარჯიშით.

მთლიანობაში, კანადასთან მატჩისთვის კარგად მოვემზადეთ. პროგნოზებისგან თავს შევიკავებ, მაგრამ შემიძლია გითხრათ, რომ ხვალ კარგი სანახაობრივი თამაში იქნება. გვეიმედება იმ ახალგაზრდების, რომლებიც შემადგენლობაში არიან და მათიც, ვინც ამ ეტაპზე განაცხადში ვერ მოხვდნენ“.

ბორჯღალოსანთა მთავარმა მწვრთნელმა მილთონ ჰეიგმა იმ სიახლეებზე ისაუბრა, რომელიც 23-კაციან განაცხადშია და ახალგაზრდები საუკეთესოდ დაახასიათა: „მსოფლიო თასამდე 2 წელია და ახლა ახალბედების სანახავად საუკეთესო პერიოდია. ჩვენ დიდი ხნის განმავლობაში ვეძებდით ისეთ მოთამაშეებს, რომლებიც ფრთისა და 15 ნომრის პოზიციას დაფარავდნენ. ამ ბიჭებმა 20-წლამდელთა ნაკრებში თამაშისას თავი გამოიჩინეს და ახლა შანსი ეროვნულში ეძლევათ. კოშაძე შარშანაც გვყავდა ნაკრებში და ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა. სოსო მათიაშვილი 15 ნომრად პირველად იწყებს თამაშს. ზაფხულში მან ამ პოზიციაზე არგენტინასთან 30 წუთი ითამაშა და ახლა დაწყების შანსი დაიმსახურა. კვესელაძე თადარიგშია და მინდა გითხრათ, რომ ის ტრავმებმა შეაწუხა, თორემ ნაკრებში აქამდეც იქნებოდა.

როდესაც ფრთისა და 15 ნომრის პოზიციაზე მოთამაშეებს ვარჩევთ, მნიშვნელოვანია, რომ ისინი სამივე პოზიციას ფარავდნენ. მოდებაძეს და მათიაშვილს ამის პოტენციალი აქვთ, რაც დიდი პლიუსია. კოშაძე დიდ 10-ში შუამარბად თამაშობს, თუმცა ნაკრებში მას გარემარბად განვიხილავთ. ტესტებმა გვაჩვენა, რომ ის ჩვენს გუნდში ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი მოთამაშეა“.

ჰეიგს შერკინების მეორე ხაზში არსებული პრობლემის შესახებაც კითხეს: „ჩვენ ვეძებთ მაღალ, ათლეტურ ბიჭებს, რომლებიც ამ პოზიციას დაფარავენ, თუმცა ამ ეტაპზე, მიუხედავად ასაკისა, საუკეთესოები გიორგი ნემსაძე და გიორგი ჩხაიძე არიან. ისინი კარგად ასრულებენ დაკისრებულ მოვალეობას. ახალგაზრდები მოდიან, თუმცა ისინი დიდი რაგბისთვის ჯერ მზად არ არიან. მომავალი მსოფლიო თასებისთვის ძიება გაგრძელდება“.

 

Rugby.ge

ცხელი ამბები