მონცას ფ1-ის შესანარჩუნებელი გეგმა აქვს
Aa
Aa

მონცას ფ1-ის შესანარჩუნებელი გეგმა აქვს

მონცას ხელმძღვანელობას იმედი აქვს, რომ ფორმულა ერთთან ახალ ხელშეკრულებას გააფორმებს და მინიმუმ 2020 წლის ჩათვლით უმასპინძლებს იტალიის დიდ პრიზს. ავტოდრომს, რომელიც 1950 წლიდან მოყოლებული, ერთის გარდა (გამონაკლისი იყო 1980 წელს, როცა რბოლა იმოლას ტრეკზე ჩატარდა), ყოველ სეზონში ღებულობდა იტალიის ეტაპს, ფ1-თან კონტრაქტი მომავალ სეზონში დაუმთავრდება.

ფ1-ის კომერციულ უფლებათა მფლობელმა ბერნი ეკლსტოუნმა შარშან განაცხადა, რომ მონცა კალენდრიდან შესაძლოა ამოვარდს. ამის მიზეზად, მან ახლანდელი კონტრაქტის არახელსაყრელი პირობები დაასახელა. მაგრამ მილანის საავტომობილო კლუბი და მისი პრეზიდენტი, ფ1-ის ყოფილი პილოტი ივან კაპელი ყველაფერს ცდილობენ იმისათვის, რომ ლეგენდარულმა ტრეკმა კალენდარში ადგილი შეინარჩუნოს.

მილანის საავტომობილო კლუბმა და კაპელიმ შეიმუშავეს სპეციალური გეგმა, რომელიც ავტოდრომის პოპულარობას და მის რენტაბელობას შეუწყობს ხელს. კაპელი ამბობს, რომ ამ გეგმის გამო, ის ოპტიმისტურადაა განწყობილი და დარწმუნებულია, რომ მონცა კალენდარში ადგილის შენარჩუნებას შეძლებს. „ჩვენი გეგმა ახლო და საშუალო პერიოდში, მკაფიო მიზნებს გვისახავს, რაც კალენდარში ადგილის შენარჩუნების საშუალებას მოგვცემს“, - ამბობს კაპელი და დასძენს, რომ ფ1-ის გარდა, მონცაზე სხვა დიდი რბოლების ჩატარებაც იგეგმება, მათ შორის, სუპერბაიკის მსოფლიო ჩემპიონატის ეტაპისაც.

კაპელი დასძენს, რომ ახალი კონტრაქტი, თუ მისი შეთანხმება მოხერხდა, მონცას ფ1-ის ეტაპს 2020 წლის ჩათვლით შეუნარჩუნებს. კაპელი ამბობს, რომ ამ საკითხის განსახილველად, ეკლსტოუნს მონაკოს დიდი პრიზის დღეებში შეხვდება.

ცხელი ამბები