სერენა უილიამსმა
Aa
Aa

სერენა უილიამსმა "უიმბლდონი" მოიგო

უიმბლდონის ფინალში საათსა და 23 წუთში გარბინ მუგურუსას დამარცხების შემდეგ, სერენა უილიამსი ძალიან მიუახლოვდა კალენდარულ "დიდ სლემს", რომელიც 1988 წლის შემდეგ არავის შეუსრულებია....

სწორედ ეს იყო ქალთა ფინალური მატჩის მთავარი ინტრიგა. ამერიკელის ეს ბრწყინვალე სვლა უნდა შეეჩერებინა 20 წლის ესპანელ გარბინ მუგურუსას, რაც, ერთი შეხედვით, რთული წარმოსადგენი ჩანდა, მაგრამ, მეორეს მხრივ, ახალგაზრდა ჩოგბურთელის შესაძლებლობების შეუფასებლობა არ შეიძლებოდა. ამ მოთამაშეთა წინა სამ მატჩში, მუგურუსამ სამი სეტი აიღო, შარშან კი გაანადგურა რეიტინგის ლიდერი როლან გაროსის მეორე წრეში (6:2, 6:2). 

ისიც აღსანიშნავი იყო, რომ თუ ფინალამდე უილიამსს მხოლოდ ორი სერიოზული მეტოქე ჰყავდა (ვიქტორია აზარენკა და მარია შარაპოვა), გარბინმა მესამე წრიდან მოყოლებული, ტოპ-ოცეულის ოთხი წევრი დაამარცხა - ანჟელიკ კერბერი (ნომერი 10), კაროლინ ვოზნიაცკი (5), ტიმეა ბაშჩინსკი (15) და აგნიეშკა რადვანსკა (13).

და მართლაც, თავის კარიერაში "დიდი სლემის" პირველი ფინალი ესპანელმა ძალიან კარგად დაიწყო - არ იგრძნობოდა არანაირი მორიდება სერენა უილიამსის მიმართ. ამერიკელმაც ოდნავ ინერვიულა, მაგრამ, როგორც კი კრიტიკული მომენტი დაუდგა, სერენამ მობილიზაცია შეძლო და 2:4-დან ზედიზედ ხუთი გეიმი აიღო.

მეორე სეტის პირველ ნახევარში ბრძოლა საერთოდ არ ყოფილა. უილიამსს ერთი რთული მომენტი ჰქონდა, როცა ორი ორმაგი შეცდომა დაუშვა, მაგრამ გაუმკლავდა პრობლემას. შემდეგ კი სრულად დომინირებდა კორტზე. მუგურუსას არაფერი გამოსდიოდა და სეტის დაწყებიდან 20 წუთის შემდეგ, ამერიკელი მატჩზე მოწოდებისთვის გაემზადა...

...და დაიწყო სრულიად სხვანაირი თამაში. ესპანელმა ბოლო ძალები მოიკრიბა, უილიამსმა კი შეცდომების დაშვება დაიწყო. ფავორიტმა საკუთარი მოწოდება "მშრალი" ანგარიშით წააგო. როცა სერენა მეორედ აწვდიდა მატჩზე, მუგურუსამ სამმაგი ბრეიკ-პოინტი მიიღო. 

ამერიკელმა სამივე საფრთხე ეისებით მოიგერია და მატჩბოლამდე მივიდა, მაგრამ პასიურად ითამაშა და მალე მეორე ბრეიკის საშუალება მისცა მეტოქეს. მუგურუსას საკუთარი მოწოდების აღება სჭირდებოდა ანგარიშის გასათანაბრებლად, მაგრამ ეს ვერ მოახერხა - სამი უნებლიე შეცდომით გეიმი ჩემპიონს ჩააბარა - 6:4, 6:4. 33 წლისა და 289 დღის სერენამ დაამხო მარტინა ნავრატილოვას რეკორდი და უიმბლდონის ისტორიაში ყველაზე ასაკოვანი ჩემპიონი გახდა.


უილიამსმა მეექვსედ მოიგო უიმბლდონი და 21-ედ "დიდი სლემის" ტურნირი. ახლა, კალენდარული "დიდი სლემის" შესასრულებლად აშშ-ის ღია პირველობის მოგება სჭირდება, სადაც ექვსჯერ გაუმარჯვა, მათ შორის, ბოლო სამ წელიწადში - სამჯერ. ცხადია, რომ თუ ორი თვის შემდეგ ის ჯანმრთელი შეხვდება საშინაო ტურნირს, მისი შეჩერება მხოლოდ რაღაც განსაკუთრებული შემთხვევითობით თუ მოხერხდება.

ამერიკის ღიაზე გამარჯვება სერენასთვის იმითაც იქნება მნიშვნელოვანი, რომ მოგებების რაოდენობით დაეწევა "დიდი სლემის" ტურნირების აბსოლუტურ რეკორდსმენს შტეფი გრაფს, რომელსაც 22 მოგება აქვს. სხვათა შორის, ბოლო კალენდარული დიდი სლემის" მფლობელი 1988 წელს სწორედ გრაფი გახდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები