პოლონეთის რალი სებასტიან ოჟიემ მოიგო
Aa
Aa

პოლონეთის რალი სებასტიან ოჟიემ მოიგო

სებასტიან ოჟიეს გამარჯვებით დასრულდა რალის მსოფლიო ჩემპიონატის მეშვიდე ეტაპი - პოლონეთის რალი. ეს მსოფლიო ჩემპიონის მიერ ამ სეზონში მოპოვებული მეხუთე გამარჯვებაა, რითაც კლასიფიკაციაში უახლოეს მდევართან, ნორვეგიელ თანაგუნდელ ანდრეას მიკელსენთან უპირატესობა 78 ქულამდე გაზარდა. ოჟიემ ზედიზედ მეორედ მოიგო პოლონური ეტაპი და როგორც ჩანს, მორიგ ტიტულს სეზონის დასრულებამდე კარგა ხნით ადრე გაინაღდებს.

„ამ სეზონში არაერთი შესანიშნავი გამარჯვება მოვიპოვე, მაგრამ ეს მათ შორის ყველაზე გამორჩეულია, რადგან სტარტის პირველივე მეტრიდან, ფინიშამდე უშეღავათო ბრძოლა გვქონდა და ოდნავი მოდუნებაც კი, გამარჯვების დაკარგვად დამიჯდებოდა“, - ამბობს ოჟიე, ვინც მიკელსენს მხოლოდ 11.9 წამით აჯობა. მანვე ბოლო, სუპერ სპეცმონაკვეთიც მოიგო, რითაც ბონუს ქულებიც დაიმსახურა.

მესამე ადგილისთვის დაძაბული ბრძოლა გაჩაღდა ესტონელ ოტ ტაენაკსა და ფინელ იარი-მატი ლატვალას შორის, რომელთაგან პირველი ცოტა ხნით რბოლას ლიდერობდა კიდეც. ბოლო ეტაპზე ლატვალამ შეცდომა დაუშვა და ხეს დაეჯახა. საბოლოოდ კი მეხუთე ადგილს დასჯერდა. ტაენკმა არც იცოდა, რომ ლატვალას ინციდენტი შეემთხვა და თავდაუზგავად განვლო დისტანცია, საბოლოოდ კი კვარცხლბეკის მესამე საფეხურზე დადგომის უფლება მოიპოვა.

 

მომდევნო ეტაპი ფინეთში, 30 ივლისს-2 აგვისტოს ჩატარდება.

 

პოლონეთის რალი

 

სებასტიან ოჟიე (საფრანგეთი, ფოლკსვაგენი) 2:26:11.500

ანდრეას მიკელსენი (ნორვეგია, ფოლკსვაგენი) +00:11.900

ოტ ტაენაკი (ესტონეთი, ფორდი) 00:23.000

ჰეიდენ პადონი (ახ.ზელანდია, ჰიუნდაი) 01:14.600

იარი-მატი ლატვალა (ფინეთი, ფოლკსვაგენი) 01:24.700

ტიერი ნოივილი (ბელგია, ჰიუნდაი) 01:44.500

კრის მიკი (ბრიტანეთი, სიტროენი) 01:57.700

რობერტ კუბიცა (პოლონეთი, ფორდი) 02:08.300

მადს ოსტბერგი (ნორვეგია, სიტროენი) 02:18.200

დანიელ სორდო (ესპანეთი, ჰიუნდაი) 02:48.400

ცხელი ამბები