Aa
Aa

"ჩემპიონთა ლიგის" 32-ვე კლუბის ცნობილი გულშემატკივრები...

ფეხბურთს აღფრთოვანებაში ყველა სფეროს წარმომადგენლები მოჰყავს და ამა თუ იმ კლუბს, მით უმეტეს, პოპულარულ გუნდებს, უამრავი ცნობილი გულშემატკივარი ჰყავს. ყველას ჩამოთვლა შეუძლებელია და ჩვენც ზოგიერთ მათგანზე ვისაუბროთ და მიმდინარე ჩემპიონთა ლიგის გუნდების გამოჩენილი ფანები გავიცნოთ

A ჯგუფი

ბაზელი: როჯერ ფედერერი

ჩოგბურთის ლიონელ მესი როჯერ ფედერერი ბაზელელია და მშობლიური ქალაქის კლუბი ბავშვობიდან უყვარს.

“ყოველთვის განსაკუთრებულ შეგრძნებებს აღძრავს საშინაო მატჩებისას სტადიონზე ყოფნა. როდესაც ვმოგზაურობ და უცხოეთში ვარ, “ბაზელის” მატჩებს ტელევიზორში ვუყურებ და ამასაც აქვს თავისი პლუსი, რადგან შემიძლია ისე ხმამაღლა ვიყვირო, როგორც მინდა” - ამბობს ფედერერი.

ცსკა: დენის ლებედევი

რუსი მოკრივე WBA-ს ვერსიით 2012 წლიდან მოყოლებული ჩემპიონის ქამრით იწონებს თავს. იგი თავის დროზე რუსეთის არმიაში მსახურობდა და სიამაყით ამბობს, რომ "ცსკა"-ს სპორტული აკადემიის გამოზრდილია.

“მე ყოველთვის “არმიელების” გულშემატკივარი ვიყავი. ცსკა-ს ყველა გუნდს ვგულშემატკივრობ, ყველა სპორტში” - აღნიშნა ლებედევმა.

მოსკოვურ გუნდს ასევე ქომაგობენ - ცნობილი მსახიობი ოლეგ მენშიკოვი და რუსეთის ყოფილი თავდაცვის მინისტრი სერგეი ივანოვი.

ბენფიკა: მადონა

პოპის დედოფალი ცოტა ხნის წინ საცხოვრებლად ლისაბონში გადავიდა. იტალო-ამერიკელი მადონა მალევე მოიხიბლა “არწივებით”. მან თავისი ვაჟი დევიდ ბანდა ამ ტიტულოვანი გუნდის აკადემიაში შეიყავანა და სოციალურ ქსელში “არწივების” მაისურით პოზირებს ხოლმე, ხოლო “ბენფიკას” “გლორიოსოთ” (“დიდ გუნდად”) მოიხსენიებს.

ლისაბონელებს პორტუგალიის პრემიერმინისტრი ანტონიო კოშტა და მსახიობი ხოაკიმ დე ალმეიდაც გულშემატკივრობენ.

მანჩესტერ იუნაიტედი: უსეინ ბოლტი

მსოფლიოს უსწრაფესი კაცი, რომელმაც ახლახან დაასრულა კარიერა “წითელი ეშაკების” თავგადაკლულ ქომაგად იქცა. ამაში “დამნაშავე” რუდ ვან ნისტელროია. როდესაც “ელვამ” ჰოლანდიელის თამაში ნახა, “იუნაიტედის” გულშემატკივრობა გადაწყვიტა.

“ნისტელროი იმის მიზეზია, რატომაც “მანჩესტერის” ფანი გავხდი. ამ კლუბის თამაშების ყურება ჰოლანდიელის გამო დავიწყე და მას მერე არც შევშვებულვარ.

რუდის წასვლის მერე, კლუბში არაერთი დიდი ფეხბურთელი გამოჩნდა და ისინი შესანისნავად თამაშობენ” - ამბობს იამაიკელი.

მანჩესტერელებს ჩრდილოირლანდიელი მეგოლფე რორი მაკილროი, რეპერი დრეიკი და მომღერალი რიანა უჭერენ მხარ.

B ჯგუფი

ანდერლეხტი: ედი მერქსი

“ჩემი დებიუტი “ანდერლეხტის” რეალური ფანის რანგში პოლ ვან ჰიმსტის დებიუტს დაემთხვა. იგი მწვრთნელად დაინიშნა და “ანდერლეხტი” ფინეთში “კუოპიოს” ეთამაშებოდა, ეს 1982 წელს იყო.

ბრიუსელური კლუბის ყოფილმა თავმჯდომარემ კონსტანტ ვანდენ სტოკმა იცოდა, რომ მე და პოლი მეგობრები ვიყავით და ფინეთში დამპატიჟა” - განაცხადა “ტურ დე ფრანსის” ხუთგზის გამარჯვებულმა.

ამჟამად, ვან ჰიმსტი და მერქსი “ანდერლეხტის” მატჩებს ერთად ხშირად ესწრებიან ხოლმე.

ბაიერნი: ნიკო როსბერგი

“ფორმულა 1”-ის ყოფილი ვარსკვლავის დედა “დორტმუნდის” თავგადაკლული ფანია, მაგრამ როსბერგი”ბაიერნის” რამდენიმე ფეხბურთელთან მეგობრობს და ნელ-ნელა მიუნხენელთა ფანი გახდა.

იგი ერთი პერფორმანსითაც გამოირა, როდესაც თავისი ბოლიდით წრე დაარტყა და თან “ბაიერნის” ჰიმნს ასრულებდა, აკომპანიმენტს კი ჩინელი პიანისტი ლან ლანი უწევდა.

რეკორდმაისტერს კიდევ უამრავი ცნობილი ფანი ჰყავს - ლეგენდარული ჩოგბურთელი ბორის ბეკერი და ბიატლონისტი მაგდალენა ნიონერი.

სელტიკი: როდ სტიუარტი

ცნობილ მომღერალს გლაზგოელები დიდი მწვრთნელის ჯოკ სტაინის ფორმაციის გუნდმა შეაყვარა “ლისაბონელი ლომების” სახელით ცნობილმა გუნდმა 1967 წელს ჩემპიონთა თასი მოიგო და გახდა პირველი ბრიტანული გუნდი, რომელიც ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირს დაეუფლა.

2012 წელს “სელტიკ პარკზე” კლუბის 125 წლისთავზე “სელტიკმა” “ბარსელონას” მოუგო, როდ სტიუარტი კი ატირდა. თავის სიმღერაში “შენ ჩემ გულში ხარ”, იგი მღერის: “შენ “სელტიკი” ხარ, იუნაიტედი, მაგრამ ძვირფასო, მე გადავწყვიტე, შენ საუკეთესო გუნდი ხარ, რომელიც მინახავს”.

პსჟ: ტედი რინერი

ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ძიუდოისტი საკუთარ თავს “პსჟ-ს შვილს” ეძახის. იგი “პარკ დე პრენსზე” მატჩს როგორც წესი, არ ტოვებს ხოლმე.

ტედი რინერი: “ყველაფერი რონალდინიოს ეპოქაში დაიწყო (2001-2003 წლები). იგი დღემდე ჩემი კუმირია”.

პარიზული კლუბის ქომაგია საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზიც.

C ჯგუფი

ატლეტიკო: ესპანეთის მეფე ფელიპე VI

1976 წელს 8 წლის ასაკში პატარა ფელიპემ მამასთან მეხე ხუან კარლოს I-თან ერთად უყურა “ატლეტიკოს” მატჩს “სარადოსას” წინააღმდეგ. ეს იყო “კოპა ხენერალისიმოს” ბოლო ფინალი, ამის შემდეგ ამ ტურნირ “კოპა დელ რეის” სახელით ვიცნობთ. ის მატჩი “ათლეტებმა” მოიგეს და მონარქი მას მერე მათი გულშემატკივარია.

“ატლეტიკოს” სხვა ცნობილ ქომაგებს შორის არიან სუპერვარსკვლავი მსახიობი ხავიერ ბარდემი, მოკრივე ხავიერ კასტილიეხო და DJ კარლოს ხეანი

ჩელსი: უილ ფერელი

“ერთ თამაშზე მივედი და უმალვე კლუბის შარფი მაჩუქეს, მერე კი მაისურა გამომიგზავნეს. ეს მაისურა რამდენჯერმე ჩავიცვი და ნელ-ნელა “ჩელსის” თავგადაკლულ გულშემატკივრად ვიქეცი. თანაც ლურჯი ფერი ძალიან მიყვარს” - აღნიშნა ჰოლივუდის ვარსკვლავმა უილ ფერელმა.

“ლურჯებს” ჰყვარობს ასევე ცნობილი მსახიობი ოუენ უილსონი, პოპულარული ბენდის Blur-ის ვოკალისტი დეიმონ ალბარნი და აგრეთვე მომღერალი მორტენ ჰარკეტი.

ყარაბაღი: ბაჰრამ ბაგირზადე

აზერბაიჯანელი კომედიანტი რომელიც რუსეთში მოღვაწეობდა სინამდვილეში “ნეფტჩის” ფანია, მაგრამ ბოლო პერიოდში “ყარაბაღისადმი” დიდი სიმპათიები გაუჩნდა ამ კლუბის ბოლო წლების წარმატებების გათვალისწინებით.

“ყარაბაღი” გახდა პირველი აზერბაიჯანული გუნდი, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის კარი შეაღო.

“აზერბაიჯანის უმაღლეს ლიგაში ამჟამად 8 გუნდია, მაგრამ ახლა ყველანი “ყარაბაღს” გულშემატკივრობენ” - თქვა ბაგირზადემ.

რომა: მონიკა ბელუჩი

მშვენიერი ქალბატონი, იტალიელი მსახიობი, მოდელი და სექსსიმბოლო “გლადიატორების” ქომაგია. “მე “რომას” გულშემატკივარი ვარ და ფრანჩესკო ტოტის კარგად ვიცნობ” - ამბობს ბელუჩი.

აქვე აუცილებლად უნდა ვახსენოთ ლეგენდარული ოსკაროსანი კომპოზიტორი ენიო მორიკონე. 

“ბავშვობაში, როდესაც ვთქვი, რომ მინდოდა “ლაციოსთვის” მეგულშემატკივრა მამა მეჩხუბა და მალევე გადამარწმუნა. მან დამაჯერა, რომ “რომას” ფანი უნდა გავმხდარიყავი, რადგან “რომა” ვნება და ქალაქის სახეა” - აღნიშნა ერთხელ მორიკონემ.

D ჯგუფი

ბარსელონა: კობი ბრაიანტი

ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო კალათბურთელი არასდროს მალავდა “ბარსელონასადმი” სიყვარულს, მაგრამ NBA-ის სუპერსტარს სიმპათიები აქვს იტალიური “მილანისადმიც”.

“ჩემი სისხლი “ბარსასა” და “მილანის” ფერებშია” - ამბობს კობი.

ბრაიანტის გარდა, კატალონიელებს უამრავი პოპულარული ადამიანი გულშემატკივრობს. მათ შორისაა, პიკეს მეორე ნახევარი შაკირა და რეპერი სნუპ დოგი.

იუვენტუსი: ლუჩანო პავაროტი

ლუჩანო პავაროტი ისტორიაში ერთ-ერთი გამორჩეული ტენორი და საყოველთაოდ ცნობილი საოპერო მომღერალი გახლდათ. იგი 2007 წელს გარდაიცვალა და მთელი ცხოვრება ტურინელებს გულშემატკივრობდა.

“ტურინული გუნდი ბავშვობიდანვე შემიყვარდა. ყოველთვის აღფრთოვანებული ვიყავი “იუვეს” დახვეწილი სათამაშო სტილით. ამიტომაც, ეძახიან კლუბს “ბებერ ქალბატონს” - ამბობდა პავაროტი.

“ბიანკონერის” გულშემატკივრობს მსახიობი და მოდელი ემილი რატაიკოვსი და მომღერალი ეროს რამაზოტი.

ოლიმპიაკოსი: მიკის თეოდორაკისი

ცნობილი ბერძენი კომპოზიტორი ყოველთვის ამბობდა, რომ ფეხბურთი ხალხისთვის ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენაა, ერთ-ერთი უმთავრესი.

“ჩემი ცხოვრებისას ბევრ საკითხზე შევიცვალე დამოკიდებულება, მათ შორის პოლიტიკური კუთხით, მაგრამ “ოლიმპიაკოსისადმი” ჩემი დამოკიდებულება არასდროს შეცვლილა. შენ იბადები და კვდები შენი კლუბის ფერებით” - განაცხადა მან.

სპორტინგი: ერიკ კანტონა

“მანჩესტერ იუნაიტედის” ფრანგი ლეგენდა “სპორტინგით” მას მერე მოიხიბლა, რაც საკუთარი ვაჟის “ლომების” მატჩებზე ტარება დაიწყო. იგი ასევე ამაყობს და ბედნიერია იმით, რომ კლუბმა საიუბილეო 150 000-ე წევრად აქცია.

“მსიამოვნებს “სპორტინგის” თამაშებზე სიარული და მიხარია, რომ ამ დიდი კლუბის წევრი ვარ” - ნათქვამი აქვს ერთ-ერთ ინტერვიუში კანტონას.

E ჯგუფი

ლივერპული: სამუელ ლეროი ჯექსონი

ჰოლივუდის ვარსკვლავი ლივერპულში “ფორმულა 51”-ის გადაღებისას მოხვდა და “ენფილდზე” თამაშსაც დაესწრო და სწორედ აქედან მოყოლებული მოიწამვლა იგი “ლივერპულით”.

“სიმართლე ითქვას ამ შემთხვევამდე ფეხბურთის მატჩს ნორმალურად არც დავსწრებივარ. მას მერე კი, “ენფილდზე” დიდი დრო მაქვს გატარებული და “შენ არასოდეს იქნები მარტო” უამრავჯერ მიმღერია” - აღნიშნა 68 წლის მსახიობმა.

მერსისაიდელებს ქომაგობენ მსახიობები მიკი მაიერსი და ახალი ჯეიმს ბონდი დენიელ კრეიგი, ასევე რეპერი დოქტორ დრი და ჩოგბურთელი კაროლინ ვოზნიაცკი.

მარიბორი: ანჟე კოპიტარი

“ლოს ანჯელეს კინგსის” ვარსკვლავი სულ სხვა ქალაქიდანაა, მაგრამ “მარიბორის” ქომაგი გახლავთ. სლოვენიელმა ჰოკეისტმა 2015 წელს ტიტულის მოგება კლუბთან ერთად მინდორზე მე-11 ნომრიანი მაისურით იზეიმა.

მარიბორელებს მოთხილამურე ტინა მაზე და კალათბურთელი საშა ვუიაჩიჩიც გულშემატკივრობენ.

სევილია: პაზ ვეგა

ჰოლივუდური და ესპანური ფილმების ვარსკვლავი სევილიელია და როგორც კი, მშობლიურ ქალაქში ბრუნდება კლუბის უფროსობა საპატიო ლოჟაში პატიჟებს. ის “რამონ სანჩეს პისხუანის” საკმაოდ ხშირი სტუმარია.

სპარტაკი: სერგეი ლავროვი

რუსეთის “სახალხო გუნდის” ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი გულშემატკივარი ქვეყნის საგარეო მინისტრი სერგეი ლავროვია. ოდიოზურ ფიგურას უყვარს თავისი მობილური ტელეფონის პუბლიკასი გამოცენა, რომელსაც ბუდე “სპარტაკის” ფერებში აქვს.

“ჩემთვის “სპარტაკს” განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. კლუბს გამორჩეული სული და ხასიათი აქვს, რომელიც ზოგადად რუსი ხალხის სახეს გამოხატავს. ასე რომ, ჩემი სიყვარული ამ გუნდისადმი ბუნებრივია” - ნათქვამი აქვს ლავროვს.

მოსკოველებს პიანისტი დენის მაცუევი და ჩოგბურთელი ევგენი კაფელნიკოვი გულშემატკივრობენ.

F ჯგუფი

ფეიენოორდი: დენის ვან დერ გესტი

პოპულარული ძიუდოისტი დიდი ხანია როტერდამელებს ფანობს. იგი “ფეიენოორდის” ოფიციალური ელჩიც გახლდათ 2005/2006 წლების სეზონში.

“მართალია მე ჰარლემიდან ვარ, მაგრამ  “ფეიენოორდი” ჩემი გუნდია. ჩემ ქალაქში ყველა “აიაქსს” ქომაგობდა, რამაც ავტომატურად როტერდამელების გულშემატკივარად მაქცია, მე ასეთი ხასიათი მაქვს” - განაცხადა ვან დერ გესტმა.

მანჩესტერ სიტი: ძმები გალაჰერები

“ოაზისი” 2009 წელს დაიშალა და ძმები ლიამი და ნოელი სხვადასხვა გზით წავიდნენ, მაგრამ “სიტის” სიყვარული ძველებურად აერთიანებთ.

“პირველი თამაში რომელზეც მამამ წამიყვანა “სიტი”-”ნიუკასლი” იყო. ეს 1971 წელს მოხდა, მატჩი “მეინ როუდზე” იმართებოდა. მორჩა, ამის შემდეგ, “სიტი” ჩემი გუნდი გახდა” - ამბობს ნოელი.

“ქალაქელებს” ქომაგობს მოკრივე რიკი ჰატონიც.

ნაპოლი: პაოლო სორენტინო

იტალიელმა რეჟისორმა პაოლო სორენტინომ 2014 წელს შესანიშნავი ფილმის “დიდებული სილამაზისთვის” საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის კატეგორიაში ოსკარი აიღო და სამადლობელი სიტყვისას თქვა: “დიდი მადლობა ჩემი შთაგონების წყაროებს - ფედერიკო ფელინის, “თოქინგ ჰედსს”, მარტინ სკორსეზესა და დიეგო არმანდო მარადონას”.

შახტარი: სერგეი ბუბკა

ლეგენდარული სპორტსმენი, უკრაინელი ჭოკითმხტომელი სერგეი ბუბკა ბავშვობაში მშობლიური ლუგანსკიდან დონეცკში გადაბარგდა და “შახტარის” ფანად იქცა.

“ფებურთი ისევ ჩემ გულშია და ჩემი გული “შახტარს” ეკუთვნის. ბოლო წლებში კლუბი შესანიშნავ ფეხბურთს თამაშობს და ამისთვის მადლობა მირჩა ლუჩესკუს ეკუთვნის” - აღნიშნა ბუბკამ და დონეცკელთა ყოფილი მწვრთნელი რუმინელი ლუჩესკუ შეაქო.

G ჯგუფი

ბეშიქთაში: ვიგო მორტენსენი

პოპულარულ მსახიობს ფეხბურთი ძალიან უყვარს. მისი ერთ-ერთი ფავორიტი თურქული კლუბია, რომლის თამაშსაც 2012 წელს ფილმის გადაღებებისას დაესწრო.

“ეს გუნდი თავისი შემტევი სტილისა და საოცარი ფანების გამო მომეწონა” - განაცხადა მორტენსენმა, რომელიც “ბეშიქთაშის” თაობაზე პერიოდულად სოციალურ ქსელში გვეხმიანება ხოლმე.

ლაიპციგი: რალფ მიოლერი
ჰოლივუდის ვარსკვლავი, რომელსაც “გლდიატორში” აქვს ნათამაშები და ასევე პოპულარული ტელე-შოუების მონაწილეა, ლაიპციგელებით აღფრთოვანებულია.

“გასაოცარია თუ როგორ გაიარა ამ კლუბმა ოთხი დივიზიონი ოთხ წელიწადში. იმედი მაქვს, გუნდი ერთ დღეს ბუნდესლიგასაც მოიგებს” - თქვა მიოლერმა.

მონაკო: პრინცი ალბერი

მას მერე რაც, 2011 წელს “მონაკოს” მმართველი რუსი ბიზნესმენი დიმიტრი რიბალიოვლევი გახდა, მონაკოს პრინცი ალბერი გუნდის სათავეში აღარ არის, მაგრამ “პიველ ფანად” რჩება.

პრინცი ალბერი, რომელიც სიყრმეში კლუბში ირიცხებოდა და ვარჯიშობდა, “მონაკოს” ყელსახვევით ამაყად ზის ხოლმე საპატიო ლოჟაში.

მონეგასკებისადმი დიდი სიმპათიითაა განმსჭვალული სერბი ჩოგბურთელი ნოვაკ ჯოკოვიჩიც.

პორტუ: სარა სამპაიო

“მე პორტუდან ვარ და ჩვენ მსოფლიოში საუკეთესო საფეხბურთო კლუბი გვყავს” - ღიმილით და დამაჯერებლად აღნიშნა მშვენიერმა მოდელმა და “დრაკონების” ქომაგმა.
პორტუგალიურ გრანდს პილოტი ტიაგუ მონტეირო და მსოფლიოს ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანი ბელმირო დე ასევედო.

H ჯგუფი

აპოელი: იონ არნე რიისე

“ლივერპულისა” და “რომას” ყოფილმა ნახევარმცველმა კვიპროსულ გუნდში მხოლოდ 1 სეზონი გაატარა (2014/15), მაგრამ ეს სეზონი კარიერის ბოლოსკენ წასული ნორვეგიელისთვის დაუვიწყარი გამოვიდა.

აპოელ-ი ჩემპიონთა ლიგაზე “ბარსელონას”, პსჟ-სა და “აიაქსს” დაუპირისპირდა. ასევე, მოიგო კვიპროსის ჩემპიონატი და თასი. რიისე მას შემდეგ აპოელ-ის ქომაგია.

დორტმუნდი: ჰელენ ფიშერი

პოპულარული მომღერალი ბორუსიელთა თავგამოდებული ფანია. 2013 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალის წინ იგი დორტმუნდელებს შეჰპირდა რომ მათთვის სპეციალურ წარმოდგენას დადგამდა შედეგის მიუხედავად.

ფიშერმა ძალიან გააღიზიანა “ბაიენრის” გულშემატკივრები, როდესაც მიუნხენში კონცერტისას ერთ-ერთი მსმენელის მიერ სცენაზე ნასროლი “დორტმუნდის” ყელსახვევი აიღო და საიმოვნებით ისახსოვრა.

რეალი: რაფაელ ნადალი

რაფას ბიძას მიგელ ანხელ ნადალს “ბარსელონას” რიგებში 200-ზე მეტი მატჩი აქვს ჩატარებული, მაგრამ თავად ჩოგბურთელი, რომელსაც დიდი სლემის ტურნირები 16-ჯერ აქვს მოგებული მამის კვლას გაჰყვა და “რეალის” ფანი გახდა.

კითხვაზე, ისურვებდა და გახდებოდა თუ არა მომავალში ის “სამეფო გუნდის” პრეზიდენტი ნადალმა უპასუხა: “რატომაც არა”.

“რეალს” თვით ჯენიფერ ლოპესი და პენელოპა კრუზი ქომაგობენ. მადრიდელებს ჰყვარობს ცნობილი მეგოლფე სერხიო გარსიაც.

ტოტენჰემი: რუპერტ გრინტი

ამ ადამიან უფრო რონ უისლის სახელით იცნობთ, ის “ჰარი პოტერის” მეგობარია. თავისი “ჯადოქარი ჰარი” “ტოტენჰემსაც” ჰყავს კეინის სახით. გრიტნი “დეზებს” ბავშვობიდან გულშემატკივრობს და კლუბის სიყვარული მას ბაბუამ ჩაუნერგა.

“ტოტენჰემის” ფანთა არმიაში არიან - მოცურავე იან ტორპი და მომღერალი ფილ კოლინზი.

 

მოამზადა გიორგი კაკაბაძემ

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები