სპალეტი: „კვარა მარადონას მიუახლოვდა, ნამდვილი ჩემპიონია“
„ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ „სამპდორიასთან“ მატჩამდე გამართულ პრესკონფერენციაზე ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა, რომელიც სერია ა-ს სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.
„კვარა ძალიან ძლიერი ფეხბურთელია. მარადონას მიუახლოვდა მისი თამაშითა და ადგილიდან აჩქარებით, ნამდვილი ჩემპიონია. ჯუნტოლიმ მის შესახებ გასულ ზაფხულში მითხრა და ჩემგან თანხმობა მიიღო. ეს ტრანსფერი ძალიან კარგი ინვესტიცია იყო, ბიჭმა მისი საქმე შეასრულა, მოსმენის უნარი გამოავლინა და განვითარდა. არაპროგნოზირებადია, მეტოქის დაცვას ანადგურებს, ორივე ფეხით ურტყამს. ასევე, გოლის გატანა თავითაც შეუძლია“.
სპალეტიმ კიდევ ერთ მნიშვნელოვან თემაზე ისაუბრა. სეზონის დასრულების შემდეგ იტალიელი სპეციალისტი „ნაპოლის“ დატოვებს, რადგან კლუბის პრეზიდენტ აურელიო დე ლაურენტისთან ახალი კონტრაქტის დეტალებზე შეთანხმებას ვერ მიაღწია.
„სკუდეტოს მოგების შემდეგ პრეზიდენტმა ყველას უთხრა ის, რაც მერჩივნა, რომ თავად მეთქვა. ისეთი ადამიანი არ ვარ, რომელიც აზრს ადვილად იცვლის, წასვლა გადავწყვიტე. „ნაპოლისთვის“ ყველაფერი გავიღე, მაგრამ ჩემი სიყვარული ამ გუნდის მიმართ არ დასრულებულა.
ვგრძნობ, რაც შემეძლო, ყველაფერი გავაკეთე, მაქსიმუმი გავიღე. ჩემში ის ენერგია აღარაა, რომ ის სტანდარტი დავაკმაყოფილო, რაც ხალხს უყვარს. ორი ნაბიჯით უკანდახევა გადავწყვიტე. წასვლის დროა.
მომწონს იდეა იმის შესახებ, რომ „ნაპოლის“ საპატიო მოქალაქე გავხდე. მსურს აქ 10 წლის შემდეგ დავბრუნდე, სადაც ბევრი მეგობარი მყავს“.
შეგახსენებთ, 33-წლიანი პაუზის შემდეგ „ნაპოლი“ 2022-23 წლების სეზონში იტალიის ჩემპიონი გახდა.
სერია ა-ში 37 ტურის შემდეგ „ნაპოლი“ 87 ქულით პირველ ადგილზეა, სეზონის დასკვნით შეხვედრაში „სამპდორიას“ უმასპინძლებს, მატჩი 4 ივნისს, 20 საათსა და 30 წუთზე დაიწყება.