Aa
Aa

"კაპიტნის წასვლის დროც მოვიდა... ეს ოქროს წლები არასდროს დამავიწყდება" - ფაჩულიას გამოსამშვიდობებელი წერილი

საქართველოს კალათბურთის ნაკრების კაპიტანმა ზაზა ფაჩულიამ ეროვნულ გუნდში კარიერა დაასრულა. ამის შესახებ მან თავად განაცხადა გუშინ იტალიასთან მატჩის შემდეგ. ზაზა ფაჩულიას განცხადება Twitter-ზე გავრცელდა. 

„ეს ჩემი გამოსათხოვარი ტურნირი იყო. ნაკრებში შესანიშნავი 17 წელი გავატარე. ამ წუთას იმედგაცრუებული ვარ, რადგან შეგვეძლო პლეიოფში გასვლა. ამაყი ვარ იმით, რასაც ახალგაზრდა თაობას ვუტოვებ“. - განაცხადა ფაჩულიამ.

მოგვიანებით მან სოციალურ ქსელში გამოსამშვიდობებელი წერილი გაავრცელა.

"ძალიან რთულია, დატოვო ის, რაც მრავალი წელი შენ ბიჭებთან ერთად მხრებით მოიტანე. B დივიზიონიდან ევროპამდე არ იყო მარტივი გზა, დამეთანხმებით. 17 წლის განმავლობაში იყო მრავალი წარმატება, წარუმატებლობაც, ყოველთვის უკეთესის მოლოდინი, მაგრამ ეს არის ის, რაც ჩვენ გამოგვივიდა და დანარჩენს, დიდი იმედი მაქვს, მომავალი თაობები გააგრძელებენ. ძალიან მინდოდა სხვანაირი დასასრული, მაგრამ სამწუხაროდ, ტრავმამ მეტის საშუალება არ მომცა, მაგრამ სურვილი და გამარჯვების ჟინი არასდროს დამიშურებია. ყველაზე ძალიან გული მწყდება გულშემატკივარზე, რომლის თანადგომას ეს ნაკრები ყოველთვის გრძნობდა და პირადად მე ჩემი კარიერის განმავლობაში. მინდა ძალიან დიდი მადლობა გადაგიხადოთ თითოეულ თქვენგანს, თქვენ უფრო დიდ სიხარულს იმსახურებდით და კვლავ მომავლის იმედით. ახლა კი მშვიდობით, ჩემო ნაკრებო და გულშემატკივარო, კაპიტნის წასვლის დროც მოვიდა! ეს ოქროს წლები არასდროს დამავიწყდება". - დაწერა ფაჩულიამ "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები