ზაზა ფაჩულია:
Aa
Aa

ზაზა ფაჩულია: "...ასე დაისჯები ყოველთვის, როცა კალათბურთს პატივს არ სცემ"

უკრაინასთან სენსაციური მარცხის (81-88) შემდეგ, საქართველოს ნაკრების კაპიტანმა ზაზა ფაჩულიამ საინტერესო კომენტარი გააკეთა.

"მხოლოდ ერთი მიმართულებით ვთამაშობთ – “ჯიგრით”. მაგრამ, სამწუხაროდ ასეთ დონეზე მარტო ჯიგრით თამაში საკმარისი არაა. აქ უნდა გამოიჩინო ინტელექტი, აქ უნდა გამოიჩინო ცოდნა, აქ უნდა მიაქციო ყურადღება პატარა დეტალებს, რომელიც საბოლოო ჯამში დაგეხმარება თამაშის მოსაგებად. ეს არის და ეს.

ჩვენ სამწუხაროდ, ბოლო ორი თამაშია პატარა დეტალებს ყურადღებას არ ვაქცევთ და მხოლოდ ჯიგრით ვთამაშობთ. ასე, ძალიან რთულია ევროპის ჩემპიონატზე გამარჯვება. თუნდაც, უკრაინასთან, რომელიც შეიძლება არაა ელიტარული გუნდი, მაგრამ ევრობასკეტზე მოხვდა და ე.ი კარგი გუნდია. ასე დაისჯები ყოველთვის, როცა კალათბურთს პატივს არ სცემ და არ ითამაშებ ისე, როგორც საჭიროა.

ქართულ სპორტში სანამ ამ დეტალებს ყურადღება არ მიექცევა, წარმატებაზე ფიქრი ძნელია. შეიძლება ორი თამაში მოიგო, მაგრამ თუ გვინდა, რომ მივაღწიოთ მედალს, ფინალს ან თუნდაც ჩემპიონობას, მარტო მონდომებით თამაში არ ყოფნის.

წარმატებისთვის კალათბურთის თამაშის ცოდნაა საჭირო, ორივე მხარეს – დაცვაშიც და შეტევაშიც. ესაა მწარე რეალობა და სიმართლე, სამწუხაროდ – ყურადღება ამას უნდა მიექცეს”, - ამბობს ფაჩულია კალათბურთის ფედერაციის პრესსამსახურთან საუბარში.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები ჯგუფური ეტაპის მე-4 შეხვედრას ხვალ, მასპინძელი ისრაელის ნაკრების წინააღმდეგ თბილისის დროით 23:30 საათზე გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები