ლერი ხაბელოვი
Aa
Aa

ხაბელოვი: „ეს არის განსაკუთრებული დღე ქართული სპორტისთვის“

საქართველოს, როგორც ევროპის ზამთრის XVII ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის მასპინძელ ქვეყანას ევროპის ოლიმპიური კომიტეტების დროშა გადაეცა.

ფრიული, ვენეცია, ჯულიას (იტალია) რეგიონში დასრულდა ევროპის ზამთრის XVI ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი, რომელსაც იტალია 21-28 იანვრის ჩათვლით მასპინძლობდა. ფესტივალში სპორტის 13 სახეობაში, 47 ქვეყნის სპორტსმენებმა მიიღეს მონაწილეობა. საქართველოდან სპორტის 4 სახეობაში იასპარეზა 8 სპორტსმენმა.

ჩვენი გუნდიდან დიდ წარმატებას მიაღწია ქართველმა მოციგურავემ კონსტანტინე სუპატაშვილმა, რომელიც ევროპის XVI ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა.

დღეს ქალაქ უდინეში გაიმართა აღნიშნული ფესტივალის დახურვის საზეიმო ცერემონია, რომელსაც ესწრებოდნენ სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი, ვიცე-პრეზიდენტი, ,,ბაკურიანი 2025’’-ის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე მამუკა ხაბარელი, გენერალური მდივანი ემზარ ზენაიშვილი, ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერი ოთარ არბოლიშვილი, ბაკურიანის განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე ეკატერინე ორჯონიკიძე და საქართველოს ოლიმპიური დელეგაციის სხვა წევრები.

დახურვის ცერემონიალზე საქართველოს მედროშე იყო ევროპის XVI ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ვერცხლის მედალოსანი, ფიგურული მოციგურავე კონსტანტინე სუპატაშვილი. ცერემონიის დასასრულს ევროპის ოლიმპიური კომიტეტების (EOC) პრეზიდენტმა სპიროს კაპრალოსმა EOC-ის დროშა გადასცა ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერს ოთარ არბოლიშვილს. ევროპის ზამთრის XVII ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს საქართველო, კერძოდ ბაკურიანი 2025 წელს უმასპინძლებს.

სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი:„ეს არის განსაკუთრებული დღე ქართული სპორტისთვის - ჩვენ გადმოგვეცა ევროპის ოლიმპიური კომიტეტების დროშა, ნიშნად იმისა, რომ მომავალი ოლიმპიური ფესტივალი საქართველოში გაიმართება. შესაბამისად, დაგვეკისრა დიდი პასუხისმგებლობა. დრო ცოტაა, საქმე - ძალიან ბევრი. მომავალი ორი წლის განმავლობაში მოგვიწევს ყოველდღიური მუშაობა საორგანიზაციო საკითხებზე, ინფრასტრუქტურულ და სხვა მნიშვნელოვან პროექტებზე, რათა ევროპულ ფესტივალს სრულ მზადყოფნაში შევხვდეთ. იმედი მაქვს, რომ მთავრობის მხარდაჭერით, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან, ბორჯომის მუნიციპალიტეტთან, ბაკურიანის განვითარების სააგენტოსთან, შესაბამის სპორტულ ფედერაციებთან თანამშრომლობით ღირსეულად ვუმასპინძლებთ ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს.“

სეოკ-ის პრესსამსახური

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები