ბონუჩიმ ჩეზარე პრანდელი გააკრიტიკა
Aa
Aa

ბონუჩიმ ჩეზარე პრანდელი გააკრიტიკა

"იუვენტუსის" და იტალიის ნაკრების მცველი ლეონარდო ბონუჩი "Rai Sport"-ს ესტუმრა და ბევრ საინტერესო საკითხზე ისაუბრა. 28 წლის მცველმა "სკუადრა აძურას" ყოფილი და ამჟამინდელი მწვრთნელები შეადარა. ყველასთვის მოულოდნელად, ბონუჩიმ ჩეზარე პრანდელი გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ მისთვის ანტონიო კონტესთან მუშაობა უფრო კომფორტულია.

"ჩეზარე პრანდელი ძალიან კარგი ადამიანია და შესანიშნავი მწვრთნელი, მაგრამ იტალიის ნაკრებში მუშაობის ბოლო პერიოდში ბევრი შეცდომა დაუშვა. ვფიქრობ, რომ არასწორად იყო შედგენილი 2014 წლის მუნდიალის მოსამზადებელი ციკლი და ეს ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზი გახდა განცდილი წარუმატებლობისა. დღეს უკვე აღარ არის დასამალი, რომ შეკრებებზე ძალიან ბევრ დროს ვატარებდით კომპიუტერულ-სამედიცინო ტექნიკასთან, რომლის მეშვეობითაც იკვლევდნენ, ვინ როგორ იყო მზად, რამდენი კილომეტრის გარბენა შეეძლო, იყო თუ არა ნორმაში სისხლის მიმოქცევა და ა.შ. რაც დრო გადიოდა, სულ უფრო ნაკლებ დროს ვატარებდით მინდორზე, ამან კი ის გამოიწვია, რომ ახალ ფეხბურთელებთან სრულიად შეუთამაშებელნი ვიყავით. გასაგებია, რომ თანამედროვე ტექნიკის გამოყენება აუცილებელია, მაგრამ ყველაფერს თავისი დრო და ზომა აქვს. ვფიქრობ, უფრო მეტი დრო რომ გაგვეტარებინა მინდორზე და ნაკლები გვენერვიულა სამედიცინო ანალიზებსა თუ დასკვნებზე, ჩვენი საქმე უკეთ წავიდოდა. ჯუზეპე როსი მხოლოდ იმიტომ დატოვეს განაცხადს მიღმა, რომ მისი ორგანიზმი დროის მოკლე მონაკვეთში 7 თამაშის ჩასატარებლად მზად არ იყო - და სულ რამდენი თამაში ჩავატარეთ მუნდიალზე როსის გარეშე? ჩემთვის ანტონიო კონტესთან მუშაობა უფრო კომფორტულია, თუმცა პიროვნულად პრანდელის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს" - განაცხადა ლეონარდო ბონუჩიმ

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები