მარსელი, კრიშტიანუ რონალდუ
Aa
Aa

რონალდუ ლიგა 1-ში? - მოლაპარაკებები დაწყებულია

37 წლის პორტუგალიელი ვარსკვლავის, კრიშტიანუ რონალდუს მომავალი კვლავ გაურკვეველია. ფეხბურთელმა თავისი ბოლო კლუბი, „მანჩესტერ იუნაიტედი“ პირს მორგანთან სკანდალური ინტერვიუს შემდეგ დატოვა. რონალდუმ ამის შემდეგ კატარში, მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშა, ახლა კი ის ახალი გუნდის ძიებაშია.

ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში პორტუგალიელის სახელს აქტიურად უკავშირებდნენ საუდის არაბეთის კლუბ „ალ-ნასრის“, თუმცა ფეხბურთელის გარემოცვამ გავრცელებული ინფორმაცია უარყო. რონალდუს სურვილია, რომ თამაში უმაღლეს დონეზე გააგრძელოს და ის ვარიანტებს ევროპის ტოპ-ჩემპიონატებში ეძებს.

ესპანური Marca-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 37 წლის ფეხბურთელით აქტიურად არის დაინტერესებული ფრანგული „მარსელი“ და დიდი შანსია, რომ რონალდუ ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე საფრანგეთის ჩემპიონატში ვიხილოთ.

სააგენტო „მარსელის“ ყოფილი ფეხბურთელისა და ამჟამად კლუბის ელჩის, ბაზილე ბოლის კომენტარს ავრცელებს, სადაც ის მხარეებს შორის გამართულ მოლაპარაკებებზე საუბრობს. ბოლისგან ვიგებთ, რომ მხარეები შეთანხმებას ჯერ კიდევ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე ცდილობდნენ, თუმცა შეთანხმება ვერ შედგა, ახლა კი მოლაპარაკებების პროცესი განახლდა.

რას ამბობს ბაზილე ბოლი:

კრიშტიანუ რონალდუ „ოლიმპიკთან“ მოლაპარაკებებს აწარმოებდა, ის გადმოსვლასთან ძალიან ახლოს იყო. ვფიქრობ, უნდა მოსულიყო. რონალდუ დიდებული ფეხბურთელია. ასაკის მიუხედავად, ვფიქრობ, რომ მას მაღალ დონეზე თამაში კიდევ შეუძლია. საფრანგეთის ჩემპიონატი მას რამეს მისცემს. ვნახეთ, რომ როცა მესი მოვიდა, პირველ სეზონში ვერ თამაშობდა, თუმცა მეორეში აჩვენა, რომ ნომერ პირველია.

ცნობისთვის, პორტუგალიელი ფეხბურთელი „მანჩესტერ იუნაიტედში“ გასულ სეზონში დაბრუნდა და ყველა ტურნირზე ჩატარებულ 54 მატჩში 27 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
წუთიერი დუმილი მბაპესთვის - ემილიანო მარტინესის შეძახილი გასახდელში
წუთიერი დუმილი მბაპესთვის - ემილიანო მარტინესის შეძახილი გასახდელში