შვეიცარიის ფეხბურთელთა ნაკრები, მურატ იაკინი
Aa
Aa

იაკინი: გეგმა მუშაობდა და თამაშს ვაკონტროლებდით, შედეგით იმედგაცრუებულები ვართ

კატარში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე დღეს ერთმანეთს ბრაზილიისა და შვეიცარიის ნაკრებები დაუპირისპირდნენ, სადაც „სელესაომ“ დაძაბულ ბრძოლაში მინიმალური სხვაობით, 1:0 გაიმარჯვა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, შვეიცარიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, მურატ იაკინმა მარცხის მიზეზებზე ისაუბრა.

რა თქვა იაკინმა:

დიდი ხნის განმავლობაში ჩანდა, რომ ჩვენი თამაშის გეგმა მუშაობდა და შეხვედრას ვაკონტროლებდით. შედეგი იმედგამაცრუებელია, ჭიქები ხელიდან გაგვიცურდა.

გარკვეულწილად, შეტევაში გამბედაობა გვაკლდა. ვულოცავ ბრაზილიას მოგებას, მაგრამ ცოტა მეტი გამართლების შემთხვევაში, ჩვენთვის უკეთესი შედეგის დაფიქსირებაც შეგვეძლო.

მარცხს ჩემს ფეხბურთელებს ვერ დავაბრალებ, მათ კარგად იმუშავეს და ძლიერ მეტოქესთან შეხვედრას გარკვეული პერიოდი აკონტროლებდნენ.

სწორედ ასეთი შეხვედრებით ვიღებთ გამოცდილებას და უფრო კონკურენტუნარიანი გუნდი ვხდებით. ბევრი თვალსაზრისით კარგი თამაში გვქონდა. სწორ გზაზე ვდგავართ. ვფიქრობ, შეგვიძლია დომინანტური გუნდი ვიყოთ და ეს წარსულშიც ვაჩვენეთ.

მომდევნო შეხვედრისთვის გუნდს ვერ ვეტყვი, რომ ფრე საკმარისი იქნება. სერბეთის დამარცხებას უნდა ვეცადოთ  და ამისთვის საჭირო თვისებები ნამდვილად გვაქვს.

2 ტურის შემდეგ, G ჯგუფში ბრაზილიის ნაკრები 6 ქულით პირველ ადგილს იკავებს და მომდევნო ეტაპზე თამაში განაღდებული აქვს. მეორე პოზიციაზე 3 ქულით შვეიცარიის ნაკრები იმყოფება, მესამე-მეოთხე პოზიციებს კი 1-1 ქულით კამერუნისა და სერბეთის ნაკრებები ინაწილებენ.

დასკვნით ტურში ბრაზილია კამერუნის ნაკრებს დაუპირისპირდება, შვეიცარია კი სერბეთს შეხვდება. ორივე მატჩი 2 დეკემბერს, საქართველოს დროით 23:00 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ტიტე: “შვეიცარიას ევროპაში ყველაზე ძლიერი დაცვა ჰყავს“
ტიტე: “შვეიცარიას ევროპაში ყველაზე ძლიერი დაცვა ჰყავს“