არგენტინის ნაკრები, საუდის არაბეთის ნაკრები
Aa
Aa

უდიდესი სენსაცია - არგენტინა მუნდიალს საუდის არაბეთთან მარცხით იწყებს

კატარში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატის C ჯგუფის პირველ მატჩში, ტურნირის ერთ-ერთ ფავორიტად შერაცხული არგენტინის ნაკრები საუდის არაბეთს შეხვდა და სენსაციურად, მინიმალური სხვაობით 1:2 დამარცხდა.

ლიონელ სკალონის გუნდმა მატჩი კარგად დაიწყო და 1 ტაიმის დებიუტში ანგარიშის გახსნაც შეძლო. მე-10 წუთზე მთავარმა მსაჯმა საუდის არაბეთის კარში თერთმეტმეტრიანი დანიშნა, რომელიც ზუსტად ლეო მესიმ შეასრულა და საკუთარი გუნდი დააწინაურა. ამ გოლით, მესი გახდა პირველი არგენტინელი ფეხბურთელი, რომელმაც ოთხ მსოფლიო ჩემპიონატზე შეძლო გოლის გატანა.

დაწინაურების შემდეგ არგენტინელებმა მეტოქეს აქტიურად შეუტიეს. რამდენიმე წუთში მესიმ დუბლის შესრულება შეძლო, თუმცა ვარზე გადამოწმების შემდეგ გოლი თამაშგარის გამო გაუქმდა, 29-ე წუთზე კი ამავე მიზეზით მსაჯმა ლისანდრო მარტინესის გოლიც გააუქმა.

ბევრისთვის მოულოდნელად, საუდის არაბეთმა მეორე ნახევარი საოცრად ჩაატარა და სენსაციური „ქამბექი“ შემოგვთავაზა.

ჰერვი რენარდის გუნდმა 48-ე წუთზე ალ შეჰრიმ წონასწორობა აღადგინა. არაბმა ფეხბურთელმა არგენტინელი მცველების შეცდომით კარგად ისარგებლა და საჯარიმოში შესულმა ემილიანო მარტინესს შორეულ კუთხეში აუღებლად დაურტყა.

ზუსტად ხუთ წუთში ალ დავსარიმ საჯარიმოს მისადგომებთან ბრწყინვალე მოქმედებით დასარტყმელი სივრცე გამოითავისუფლა და მარტინესის კარში ეფექტური დარტყმით საკუთარი გუნდი წინ გაიყვანა, რაც საბოლოოდ გამარჯვების გოლადაც იქცა.

დარჩენილ დროში არგენტინელები მაქსიმალური ძალებით ცდილობდნენ სცენარის შეცვლას, თუმცა მატჩის გადარჩენა ვერ შეძლეს. საგულისხმოა, რომ ლიონელ სკალონის გუნდი აქამდე ზედიზედ 36 მატჩი დაუმარცხებელი იყო და ეს სერია დღეს, საუდის არაბეთის ნაკრებთან დასრულდა. არგენტინის ნაკრები ბოლოდ 2019 წლის 3 ივლისს, კოპა ამერიკის პლეი-ოფში ბრაზილიის ნაკრებთან დამარცხდა.

სკალონის გუნდი მომდევნო შეხვედრას 26 ნოემბერს, მექსიკის წინააღმდეგ გამართავს. მატჩი საქართველოს დროით 23:00 საათზე დაიწყება. საუდის არაბეთი კი ამავე დღეს, ჩვენი დროით 17:00 საათზე პოლონეთის ნაკრებს დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ბავშვს ეს არასდროს დაავიწყდება - გრილიშის ღირსეული საქციელი
ბავშვს ეს არასდროს დაავიწყდება - გრილიშის ღირსეული საქციელი