ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

„კვარადონა მზადაა, კლოპის ცუდი კვირა უარესი გახადოს“ - Times-ის სტატია ნაპოლიზე და ხვიჩაზე

ავტორიტეტულმა ბრიტანულმა გამოცემამ, The Times-მა „ნაპოლისა“ და მის ქართველ ფეხბურთელს, ხვიჩა კვარაცხელიას სტატია მიუძღვნა. „ბავშვი, ვისაც კვარადონას ეძახიან, მზადაა, იურგენ კლოპისთვის ისედაც ცუდი კვირა, უარესი გახადოს“, - ასეთია სტატიის სათაური, მისი ავტორი კი „პარტენოპეის“ ასპარეზობაზე და ქართველ ფეხბურთელზე საუბრობს.

„30 ოქტომბერს დიეგო მარადონა 62 წლის გახდებოდა. ევროპულ ქალაქში, რომელსაც იგი ყველაზე მეტად უყვარდა, ეს დღე განსაკუთრებულად აღნიშნეს. მოედანზე მარადონას გიგანტური სურათი გამოჩნდა, ხოლო მისი სახელობის სტადიონზე განთავსებულ დიდ ეკრანზე, დიეგოს საუკეთესო მომენტების ამსახველი ვიდეო ჩაირთო.

მარადონას მემკვიდრეობას სირთულეები ახლავს და გამონაკლისი არც ის ფეხბურთელები არიან, რომლებიც სტადიონისკენ მიმავალ გზაზე დიეგოს ქანდაკებას ყოველკვირა გვერდს გაუვლიან. თამამი განცხადებაა, რომ მარადონა კმაყოფილი იქნებოდა ყველა გუნდით, რომლებიც პარტენოპეის სკუდეტოს დასაკუთრების შემდეგ ჰყოლია, მაგრამ არავის გასჩენია საპირისპირო აზრი, როცა ლუჩანო სპალეტიმ თქვა: „ვფიქრობ, დიეგო ამ გუნდით იამაყებდა“.

ამ განცხადებას ზურგს სტატისტიკა უმაგრებს. პიკში მყოფი მარადონას ეპოქის პარტენოპეის მიღწევები გააუმჯობესა ნაპოლიმ, რომელიც დღესდღეობით, როგორც ჩემპიონთა ლიგაზე, ისე სერია A-ში ყველაზე სანახაობრივი გუნდია. ოთხშაბათს, რეინჯერსის განადგურებით, ნაპოლიმ ზედიზედ მე-12 გამარჯვება მოიპოვა და 1986-87 წლების გუნდის მიღწევა გააუმჯობესა, რომელმაც სეზონი სერია A-ს ჩემპიონობით დაასრულა. შაბათს, მე-13 მოგება ვიხილეთ. ოსიმენის ორი გოლი, კვარაცხელიას გასროლა და სპალეტის გუნდმა პირველი ნახევარი 3:0 დაასრულა. როცა ოსიმენმა 4:0 გახადა, კიდევ ერთი ისტორიული შედეგი დაფიქსირდა: მიმდინარე სეზონში 50-ე გოლი, რომლისთვისაც სულ რაღაც 17 თამაში აღმოჩნდა საკმარისი.

როცა პარტენოპეი თავის 24-ე თამაშს ჩაატარებს, საკლუბო ფეხბურთი პაუზას აიღებს და მსოფლიო ჩემპიონატი დაიწყება, მარადონას ქანდაკებას კი კვლავინდებურად ამაყი გამომეტყველება ექნება. სერია A-ს ლიდერები ატალანტასა და მილანს უსწრებენ და ჩემპიონთა ლიგაზე საუკეთესო შედეგი აქვთ. პარტენოპეის პლეიოფის საგზური განაღდებული აქვს და ხვალ, ენფილდზე, ლივერპულთან პირველადგილოსნის ვინაობას გაარკვევს.

გარდა ამისა, სასწორზე კიდევ ერთი რამ დევს. ჩემპიონთა ლიგაზე, იტალიურ კლუბს ჯგუფში ყველა თამაში არასდროს მოუგია. ასე რომ, ლივერპული როტაციას არ მიმართავს და თავის სასტარტო შემადგენლობას სპალეტიც თავაზიანად შეარჩევს. ნეაპოლში არის ოპტიმიზმი, რომ ის, რაც ბოლო წლებში ხდებოდა, არ განმეორდება და ტიტულებისთვის მებრძოლ გუნდს, სეზონის შუა ნაწილში ენერგია არ გამოეცლება. ამ ოპტიმიზმს ნაპოლის შემადგენლობის სიღრმე განაპირობებს. ოსიმენის გარეშე პარტენოპეიმ რეინჯერსს 3 უპასუხო გოლი 2-ჯერ გაუტანა. გარდა ამისა, მათ აიაქსი 6:1 გაანადგურეს და ლივერპულს პირველი ტაიმი 4:1 მოუგეს, რის შემდეგაც დაიწყო ის, რასაც იურგენ კლოპმა საშინელებათა შოუ უწოდა.

აგვისტოში, ექსპერტებმა დაასკვნეს, რომ ოსიმენი შეუცვლელი გახლდათ. რამდენიმე ფეხბურთელის ემოციური გამომშვიდობების შემდეგ, იგი იმ მცირერიცხოვან მოთამაშეთა შორის იყო, რომლებსაც დამტკიცებული ჰქონდათ, რომ მაღალ დონეზე თამაში შეეძლოთ. ზაფხულში, კლუბი კალიდუ კულიბალიმ, ლორენცო ინსინიემ, ფაბიან რუისმა და დავიდ ოსპინამ დატოვეს. მათ ვეტერანი, მაგრამ ნაპოლის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი, დრის მერტენსი დაემატა, რამაც ნეაპოლელთა ულტრასი ქომაგების უკმაყოფილება გამოიწვია. მათ პარტენოპეის საწვრთნელ ბაზასთან პროტესტი გამოხატეს და არ მოეწონათ ის ფეხბურთელები, რომლებიც ნაპოლიმ ზემოთ ხსენებული მოთამაშეების შემცვლელებად გაიფორმა. მოგვიანებით, მათ კლუბის პრეზიდენტის, აურელიო დე ლაურენტისის ვილასთან გადაინაცვლეს და გულშემატკივართა მიერ გაჟღერებულ შეკითხვებს შორის, ასეთები იყო: ვინ არის ხვიჩა კვარაცხელია? ქართველი ფეხბურთელი, ვინც ინსინიეს კრეატივი უნდა ჩაანაცვლოს? ან ვინ არის კიმ მინ ჯე? სამხრეთ კორეელი, ვინც კულიბალი უნდა შეცვალოს?

პასუხი?! ისინი უძლეველნი არიან! ყოველ შემთხვევაში, ჯერჯერობით ასეა და აგვისტოში და სექტემბერში სერია A-ს თვის საუკეთესო ფეხბურთელები გახდნენ. 21 წლის კვარაცხელია გოლებს იტანს და საგოლე გადაცემებს არიგებს. მან მონაწილეობა ნაპოლის 18 გოლში მიიღო და თუ ფორმა შეინარჩუნა და სწორი გადაცემების გაკეთება და გონებამახვილობის გამოჩენა განაგრძო, წლის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდოს ერთ-ერთი კანდიდატი იქნება. ასეც რომ არ მოხდეს, არიან ფეხბურთელები, რომლებსაც შეტევაში ლიდერის ფუნქციების აღება შეუძლიათ. მათ შორისაა რასპადორი და სიმეონე. ამ უკანასკნელს იმედი აქვს, რომ წარმატებული ასპარეზობა მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშის საშუალებას მისცემს, რასაც ნაპოლის ბევრ ფეხბურთელზე ვერ ვიტყვით. კატარში არ იქნება ოსიმენის ნიგერია, არ იქნება ალექს მერეტის, დი ლორენცოს, პოლიტანოსა და რასპადორის იტალია, არც რაჰმანის კოსოვო და არც საქართველო. ეს ძალიან სამწუხაროა, რადგან ამ შემოდგომაზე, ბევრი ფეხბურთელის თამაში არ ყოფილა ისეთი სასიამოვნო, როგორიც ბავშვის, ვისი მეტსახელიც კვარადონაა“, - წერს Times-ი.

შეგახსენებთ, რომ „ნაპოლიმ“ ბოლოს „სასუოლოსთან“ ითამაშა და „კვარამ“ ორი საგოლე გადაცემა და გოლი მიითვალა. მისმა გუნდმა ყველა ტურნირის ეგიდით, ზედიზედ მე-13 მატჩი მოიგო და სერია A-ს 32 ქულით ლიდერობს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები