მატჩის წინ - სამტრედია VS ყარაბაღი
Aa
Aa

მატჩის წინ - სამტრედია VS ყარაბაღი

საქართველოს ჩემპიონი "სამტრედია" 2017-18 წლების სეზონის "ჩემპიონთა ლიგის" მე-2 საკვალიფიკაციო ეტაპზე აზერბაიჯანულ "ყარაბაღს" შეხვდება. იმერლებმა პირველი მატჩი გასვლაზე 0:5 წააგეს.

მოახლოებული დაპირისპირება ორივე გუნდის მწვრთნელმა პრესკონფერენციაზე შეაფასა.

გია ცეცაძე (სამტრედია): "ხვალინდელ მატჩში ჩვენი მიზანი მხოლოდ გამარჯვება იქნება. მოდით, ფინანსურად ნურც ლუქსემბურგის კლუბს შევედრებით და ნურც - "ბარსელონას". ჩვენ ჩვენს ფეხბურთზე ვიზრუნოთ და ვცადოთ, ის პრობლემები აღმოფხვრათ, რომელიც გვაქვს და რომელთა ჩამოთვლაც ძალიან შორს წაგვიყვანს.

პირველ მატჩში დაფიქსირებული ანგარიში ყველაფერზე მეტყველებს. 20 წუთი კონცენტრაცია დავკარგეთ და მეტოქემ 4 გოლი გაგვიტანა. ლოგიკურია, რომ ამ დონის გუნდი მოდუნების უფლებას არ მოგცემს და დაგსჯის. ამ ყველაფერმა ქართულ და აზერბაიჯანულ ფეხბურთს შორის სხვაობაც დაგვანახა, რასაც ვერ გავექცევით.

"ყარაბაღმა" პირველ მატჩში არ მოგვცა საშუალება შეტევაში გვეთამაშა ის ფეხბურთი, რომელიც ვიცით. პირველი მატჩისგან განსხვავებით, ხვალ ცვლილებები გვექნება. ეს იმას არ ნიშნავს, რომ გამოვალთ და აუცილებლად 6:0 მოვიგებთ.

პირველ მატჩში ასეთი ანგარიშით წაგება ფინანსების ბრალი არ არის: ეს მხოლოდ ჩემი და ჩემი ფეხბურთელების ბრალია!

ის ფეხბურთელები, რომლებმაც იანვარში კლუბი დატოვეს, საქართველოზე ცუდ ჩემპიონატში არ წასულან, მაგრამ დღეს რომ ისინი აქ ყოფილიყვნენ, სულ სხვა სურათი გვექნებოდა. ეს ფეხბურთის ნაწილია და განსაკუთრებული არაფერი მომხდარა.

არ გვაქვს საქართველოში ფეხბურთელთა ის რესურსი, რომელთა შეკრებით "ჩემპიონთა ლიგის" ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრას შევძლებთ. ვინც მზადაა ამისთვის და ვინც მაღალ დონეზე თამაშობს, ის უცხოეთშია და ეს არაა ცუდი, რადგან ნაკრებს მაინც ადგება.

მინდა, სამტრედიელ გულშემატკივარს მადლობა გადავუხადო იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც მათგან ვგრძნობთ. 0:5 წაგებული მატჩის შემდეგ საქართველოში დაბრუნების გვრცხვენოდა, მათგან კი ამ დროს იმდენი თბილი სიტყვა მოვისმინეთ... ერთი ოჯახი ვართ და ხვალ ვეცდებით, მოვიგოთ და ასე გავახაროთ ისინი". 

გურბან გურბანოვი (ყარაბაღი): ""ჩემთვის ძალიან სასიხარულოა საქართველოში და მის დედაქალაქში ყოფნა. დღეს ჩვენ ვიმყოფებით საკმაოდ ტიტულოვანი კლუბის სტადიონზე. აქ, მედიადარბაზში, ფოტოებს გადავხედე და გავიხსენე ძველი თაობის ფეხბურთელები. დღეს აქ ყოფნით ისტორია თავიდან გადავიკითხე...

მიუხედავად იმისა, რომ ბაქოში დიდი ანგარიშით მოვიგეთ, ამ მატჩისთვის 6 დღეა მთელი სერიოზულობით ვემზადებით, რადგან ვიცით, წინ რთული მატჩი გველის. ეს შეხვედრა გაცილებით მძიმე და აგრესიული იქნება, ვიდრე პირველი იყო.

რამდენიმე დღის წინაც ვთქვი და ახლაც ვიმეორებ, რომ "სამტრედია" ძალიან კარგი გუნდია. ზოგადად, გაშვებული გოლის შემდეგ ფეხბურთელები ნებდებიან ხოლმე, "სამტრედიას" ფეხბურთელები კი ყოველი გაშვებული გოლის შემდეგ უფრო მონდომებულები ჩანდნენ. ამიტომ ვეკიდებით ამ მატჩს სრული სერიოზულობით.

ზოგჯერ ტაბლოზე დაფიქსირებული შედეგი არ ასახავს გუნდებს შორის რეალურ სხვაობას. "სამტრედიას" ხასიათი მის სიძლიერეზე მეტყველებს, ამიტომ, სიმართლე გითხრათ, ასეთი ანგარიშით გამარჯვებას არ ველოდი და არც მინდოდა. "სამტრედიათი" ძალიან მოხიბლული ვარ.

საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ყვოელთვის მეგობრული ურთიერთობა იყო. საბჭოთა კავშირში თბილისის "დინამოსა" და ბაქოს "ნეფჩის" შორის კარგი მატჩები იმართებოდა. ჩვენსა და თქვენს კლუბებს შორის ყოველთვის აგრესიული თამაში მიმდინარეობს.

ქართულ ფეხბურთში ბოლო წლების განმავლობაში არაერთი ცვლილება განხორციელდა და ამან კლუბებზე უარყოფითად იმოქმედა. ვფიქრობ, თქვენი პრობლემა იმაშია, რომ ქართველ ფეხბურთელებს ლეგიონერებად ყოფნა სურთ და აქედან წასასვლელად მუდმივად კლუბებს ეძებენ, ლეგიონერთა რაოდენობა კი ჩემპიონატში ძალიან მცირეა. თქვენი კლუბები არ ცდილობენ ლეგიონერების დაპატიჟებას. ეს ალბათ ფინანსური პრობლემებიდანაც გამომდინარეობს.

აზერბაიჯანში კი, ამ მხრივ, ორი კარგი კლუბი გვყავს - "ყარაბაღი" და "გაბალა". 

დღევანდელი მატჩი "დინამო არენაზე" 21:00 საათზე დაიწყება და მის პირდაპირ რეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის "პირველი არხი" შემოგვთავაზებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები