„გუნდს საკუთარი სახე აქვს, სისტემურად თამაშობს “ - აჩის აზრი ნაკრებზე
Aa
Aa

„გუნდს საკუთარი სახე აქვს, სისტემურად თამაშობს “ - აჩის აზრი ნაკრებზე

ვეტერანი ფეხბურთელი, აჩი არველაძე CrystalSport-ის Youtube არხის კონტენტ "საგოლე გადაცემა"-ს სტუმარი იყო და სხვადასხვა საინტერესო თემების შესახებ ისაუბრა. ერთ-ერთი საკითხი ვილი სანიოლის მუშაობასა და ნაკრების სათამაშო სტილს შეეხო.

ტყუპისცალის შეფასებით, ჩვენმა გუნდმა ორგანიზებული და დაბალანსებული ფეხბურთის თამაში დახვეწა და ამ ყველაფერს სისტემური ხასიათი მიეცა. 

ალბათ, გახსოვთ, როცა ჩემი პოზიცია გამოვხატე ბევრ ცვლილებასთან დაკავშირებით, რასაც წარუმატებელი მატჩები ერთვოდა. საბედნიეროდ, ამ ცვლილებების შემდეგ ნაკრების სქემამ და შემადგენლობის ბირთვმა გარკვეული სახე მიიღო, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ყველაზე მეტად თვალში დაცვისა და ნახევარდაცვის ორგანიზებული ურთიერთქმედება მხვდება, რასაც კარგი შემტევი ინდივიდუალისტებიც ემატებიან. ნაკრები საერთოდ სხვა სპეციფიკაა და კარგია, რომ მოქნილი სელექციის წყალობით, შანსს კონკრეტულ მომენტში უკეთეს კონდიციებში მყოფი ფეხბურთელები იღებენ.

დღეს უკვე შესანიშნავი წაუგებელი სვლა გვაქვს, რა თქმა უნდა, იქნება წარმატებაც და წარუმატებლობაც, მაგრამ ჩემთვის მთავარია, რომ გუნდმა სტილი და სათამაშო მონახაზი გამოიმუშავა, რაზეც სტაბილურად დაყრდნობა შეუძლია. ამ გუნდის მშენებლობაში უდიდესი როლი აქვს ვლადიმირ ვაისს, რომელმაც ბევრი გააკეთა, ასევე კახა ცხადაძეს. ამ ფორმაციისა და სტილის ნაკრების შენება სწორედ ცხადაძემ დაიწყო.

ფაქტია, რომ ჩვენი ნაკრები ერთა ლიგის C დივიზიონში უკვე სოლიდური ძალაა და ეს გარკვეული პერიოდია გრძელდება, რაც პატარა ამბავი არ არის, ამიტომაც „ევრო 2024“-ის შესარჩევ ეტაპს იმედიანად უნდა ვხვდებოდეთ. აქამდე ჩვენს დონეზე წარმატებულები ვიყავით, მაგრამ შესარჩევ ეტაპებზე ბევრი არაფერი გამოგვდიოდა, ვფიქრობ, ახლა ეს მოცემულობაც უნდა შეიცვალოს. ამის თქმის საფუძველს ხვიჩას ფაქტორი და კონკურენტუნარიანი შემადგენლობა მაძლევს.

შეგახსენებთ, რომ CrystalSport-ის Youtube არხზე "საგოლე გადაცემა" ყოველ ორშაბათს 20:00 საათზე LIVE რეჟიმში გადის. აჩი არველაძის სტუმრობა შეგიძლიათ, აბზაცის ქვემოთ მოცემულ ბმულზე იხილოთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ტოპ ფეხბურთელობისთვის ყველაფერი აქვს“ - აჩი კვარაცხელიაზე
„ტოპ ფეხბურთელობისთვის ყველაფერი აქვს“ - აჩი კვარაცხელიაზე