რეალი, ატლეტიკო
Aa Aa

ატლეტიკო VS რეალი - მატჩის წინ

ლა ლიგის მორიგ ტურში გულშემატკივრები მადრიდულ დერბის იხილავენ. „ატლეტიკო“ „რეალს’ უმასპინძლებს. შეხვედრის წინ, CrystalSport ყველა საინტერესო და საჭირო დეტალს ერთ სივრცეში გთავაზობთ.

„რეალი“

„სამეფო კლუბი“ ამ მატჩს იდეალურ ხასიათზე ხვდება. კარლო ანჩელოტის გუნდმა მიმდინარე სეზონში უკლებლივ ყველა ოფიციალური მატჩი მოიგეს. 5 ლა ლიგაში, ხოლო 2 ჩემპიონთა ლიგაზე.

ლა ლიგის გასულ ტურში „რეალმა“ „მალიორკას“ უმასპინძლა და საკმაოდ დამაჯერებლად გაიმარჯვა. „ბლანკოსის“ მხრიდან გოლები ვალვერდემ, ვინისიუსმა, როდრიგომ და რუდიგერმა გაიტანეს.

რაც შეეხება ჩემპიონთა ლიგას, „რეალმა“ „ლაიპციგს“ უმასპინძლა და საკმაოდ გაუჭირდა. პირველი ტაიმი ფრედ 0:0 დასრულდა. ანგარიში უცვლელი მე-80 წუთამდე იყო, რა დროსაც ფედე ვალვერდემ გაიბრწყინა და 1:0 დააფიქსირა. შეხვედრის მიწურულს კი მარკო ასენსიომ გაისროლა და „სამეფო კლუბმა“ ორ ბურთიანი სხვაობით მოიგო.

დანაკლისი:

მადრიდის „რეალს“ ყველაზე დიდი დანაკლისი აქვს. მადრიდულ დერბიში მონაწილეობას კარიმ ბენზემა ვერ მიიღებს. ფრანგმა ვარსკვლავმა „ბეტისთან“ მატჩში ტრავმა მიიღო და როგორც ცნობილია ის სანაკრებო პაუზის შემდეგ დაბრუნდება. ასევე, ტრავმის გამო ვერ ითამაშებს ლუკას ვასკესი.

რა თქვა ანჩელოტიმ მატჩის წინ?

„სამწუხაროდ ბენზემა ვერ ითამაშებს. ის ახლა ინდივიდუალურად ემზადება და სანაკრებო პაუზის შემდეგ დაბრუნდება. რთულ მატჩს ველოდები. ორივე გუნდს შესანიშნავი მოთამაშეები ჰყავს და ერთმანეთს არაფერს დაუთმობენ.

მოწინააღმდეგეს გრიზმანის სახით ძალიან საშიში ფეხბურთელი ჰყავს. მას მარტოს შეუძლია მატჩის ბედის გადაწყვეტა. რაც შეეხება სიმეონეს, დიეგოს თავის მოთამაშეებთან უხილავი კავშირი აქვს. ისინი ერთ დიდ ერთობლიობას ქმნიან და ძლიერ კოლექტივს აყალიბებენ.

მილიტაო გამოჯანმრთელდა და შესაძლოა ვათამაშო, თუმცა ჯერ არ ვიცი და ამაზე ბევრს ვფიქრობ. „ატლეტიკოს“ სტადიონის გარემოზე არ ვნერვიულობ. ზეწოლას ყოველთვის ვგრძნობთ და ამას მიჩვეულები ვართ.“

„ატლეტიკო“

განსხვავებით „რეალისგან“, „ატლეტიკომ“ სეზონი ცუდად დაიწყო. სიმეონეს გუნდს ლა ლიგაში 3 მოგება, 1 ფრე და 1 წაგება აქვს. აქედან გამომდინარე, „როხიბლანკო“ სატურნირო ცხრილში 10 ქულით მე-7 ადგილზე იმყოფება.

ლა ლიგის უკანასკნელ ტურში, „ატლეტიკომ“ „სელტას“ უმასპინძლა და 4:1 დაამარცხა. მასპინძელთა მხრიდან გოლები კორეამ, დე პაულმა და კარასკომ გაიტანეს. ერთი ბურთი კი ნუნიესმა საკუთარ კარში ჩაჭრა.

განსხვავებით ლა ლიგისგან, ჩემპიონთა ლიგის ბოლო ტური წარმატებული არ აღმოჩნდა. სიმეონეს გუნდი სტუმრად ლევერკუზენის „ბაიერს“ დაუპირისპირდა და 0:2 დამარცხდა.

დანაკლისი:

ამ მხრივ სიმეონეს საკმაოდ დიდი პრობლემა აქვს. „რეალთან“ ხიმენესი, რეგილიონი და სავიჩი ვერ ითამაშებენ. კითხვის ნიშნის ქვეშ დგას ტომას ლემარის თამაში. ასევე საეჭვო იყო ობლაკის სიტუაციაც, თუმცა „ჩოლომ“ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მისი გუნდის პირველი მეკარე მზად არის და ითამაშებს.

რა თქვა სიმეონემ მატჩის წინ?

„კონცენტრირებული მხოლოდ იმაზე ვარ, თუ როგორ ვითამაშო კარგი ფეხბურთი. დერბი ყოველთვის ყველასთვის მნიშვნელოვანია და აქ ჩავარდნას არავინ გაპატიებს. „რეალს“ დღეს ახალგაზრდული და კარგი გუნდი ჰყავს. ანჩელოტის გაწვრთნილი „ბლანკოსი“ ყოველთვის გამარჯვებასთან არის ახლოს.

ბედნიერი ვარ, რომ მყავს ისეთი ფეხბურთელები, რომლებსაც „რეალის“ წინააღმდეგ იდეალურად შეუძლიათ თამაში. ამისთვის დიდი მადლობა კლუბის ხელმძღვანელობას. ისინი მე უსიტყვოდ მენდობიან.

გასულ სეზონში, ტრავმებმა ხელი შეგვიშალა. იმედი მაქვს წელს ასე აღარ იქნება. ამისთვის კი ყველა თავდაუზოგავად შრომობს. ვფიქრობ, ისეთ მატჩში, როგორიც მადრიდული დერბია, ძალიან მნიშვნელოვანია, თუ რა განწყობით გახვალ სტადიონზე. ეს იქნება ფილმი, რომლის დასასრულიც წინასწარ არავინ იცის.“

ამ გუნდების უკანასკნელი დაპირისპირება

გასულ სეზონში ეს გუნდები ორჯერ შეხვდნენ ერთმანეთს. პირველი მატჩი „რეალის“ სტადიონზე გაიმართა და „ბლანკოსმა“ ბენზემას და ასენსიოს გოლებით 2:0 გაიმარჯვა. მეორე დაპირისპირება კი „როხიბლანკოს“ მოედანზე შედგა. სიმეონეს გუნდმა კარასკოს ზუსტი პენალტის წყალობით 1:0 მოიგო. მომავალი დაპირისპირება კი 18 სექტემბრით თარიღდება და თბილისის დროით 23:00-დან დაიწყება.

გაზიარება: