ვილი სანიოლი
Aa Aa

„მიზანი ჯგუფის მოგება იყო და ეს მიზანი ისევ ძალაშია“- რა ითქვა სანიოლის პრესკონფერენციაზე

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები UEFA-ს ერთა ლიგის დასკვნითი მატჩებისთვის მზადებას იწყებს. ვილი სანიოლის გუნდი 23 სექტემბერს, თბილისში, ჩრდილოეთ მაკედონიას დაუპირისპირდება, ხოლო გიბრალტარისა და საქართველოს ნაკრებების შეხვედრა 26 სექტემბერს, სტუმრად შედგება.

ერთა ლიგის უახლოესი მატჩების წინ საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ვილი სანიოლი მედიის წარმომადგენლებს შეხვდა და სხვადასხვა თემაზე ისაუბრა.

მომავალ მატჩებზე

,,ჯგუფში ჩრდილოთ მაკედონია ჩვენი მთავარი მეტოქეა. ვერ გეტყვით, რომ ამ მატჩში ფრითა და  1 ქულით კმაყოფილი ვიქნები, თუმცა სიმართლე ისაა, რომ ჩემთვის ყველზე მთავარია ჯგუფი მოვიგოთ. ერთა ლიგის დაწყების წინ ეს ჩემი მთავარი მიზანი იყო და მიზანი კვლავ უცვლელია. ამ მიზნისკენ მიმავალ გზაზე, ივნისში, კარგი შედეგები ვაჩვენეთ, თუმცა საქმე ბოლომდეა მისაყვანი. ჩრდილოთ მაკედონიასთან გასამართი ეს დაპირისპირება განსხვავებული იქნება და ის შეცდომები, რომელიც აქამდე დავუშვით, აუცილებელად გამოსასწორებელია.

ჩემს ფეხბურთელებს ყოველთვის ვეუბნები, რომ  არსებულ მომენტზე იფიქრონ და იმუშაონ მისთვის".

შემადგენლობაზე

,,ივნისში,  ერთა ლიგის მატჩები მიქაუტაძემ გაცილებით მაღალ დონეზე ჩაატარა, ვიდრე ეს გასულ წელს იყო. ლოჩოშვილზე საუბარი რთულია, რადგან მას ეროვნულ ნაკრებში ბევრი შეხვედრა ჩატარებული არ აქვს, თუმცა მისი პროგრესი თვალშისაცემია. საბოლოო ჯამში, მარჯვენა და მარჯვენა მცველის პოზიციებზე, მოედნის ცენტრსა და მეკარის პოზიციაზე, კონკურენცია გაზრდილია და ეს სასიხარულოა.

ორი გიორგის, გიორგი ლორიასა და გიორგი მამარდაშვილის სახით, ძალიან კარგი მეკარეები გვყავს და სიმართლე გითხრათ, ამ ეტაპზე გადაწყვეტილება ჯერ კიდევ არ მიმიღია თუ ვინ დაიცავს სექტემბერში ჩვენი ნაკრების კარს.

ამ ეტაპზე, ლაზარე კუპატაძე უკლუბადაა და ამიტომ არ სექტემბრის სანაკრებო სიაში არ შევიყვანე, თუმცა სამომავლოდ მას განაცხადში კვლავ გავითვალისწინებ, რადგან ნაკრებში მისი ნაჩვენები შრომით კმაყოფილი ვარ. უნდა აღინიშოს ლევან შოვნაძის კარგი თამაშიც, რომელიც ჩვენს გუნდს შემოუერთდა. დინამო თბილისიდან დავით კერესელიძის დამატება იგეგმებოდა, თუმცა როგორც იცით, მან ტრავმა მიიღო.

გიორგი  ჩაკვეტაძე ეროვნული ნაკრების საკვანძო მოთამაშე ყოველთვის იყო. მე მას შანსი გასულ შეკრებაზეც მივეცი, როდესაც ოპტიმალურ ფორმაში არ იყო. ვლადიმირ ვაისს ჩემგან მადლობა, რადგან გიორგის სათამაშო დრო სლოვანში სულ აქვს.  გურამ კაშია და ჯაბა კანკავა მისაბაძი ადამიანები არიან და გიორგიმ აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს მათი რჩევები, ეს პირდაპირ იქნება დამოკიდებული მისი ფორმის დაბრუნებაზე.

კითხვა იყო ლუკა გაგნიძესთან დაკავშირებითაც და გეტყვით, რომ ის ამ ეტაპზე გამორჩეულ ჩემპიონატში ნამდვილად არ თამაშობს. ქართველი გულშემატკივრის პროტესტი მესმის , თუმცა ისიც გასათვალისწინებელია, რომ კლუბის შეცვლა მარტივი პროცესი არაა. ეს ბინის გამოცვლას არ გავს. კლუბის შეცვლის პროცესში მას ფეხბურთის ფედერაციაც დაეხმარება.

სანაკრებო სიაში არ არის სანდრო ალთუნაშვილი, მე ის ნაკრებში ორჯერ გამოვიძახე, ეს უკვე იმის ნიშანია, რომ  მისი შესაძლებლობების მჯერა. ნაკრებში კონკურენციაა და გადაწყვეტილეების მიღება მიწევს. ეს არ ნიშნავს იმას, რომ მომავალში სანდრო განაცხადში ვერ მოხვდევბა. მან აუცილებლად უნდა გააგრძელოს მუშაობა, შრომა და ასეთ შემთხვევაში ის განაცხადში დაბრუნდება".

ხვიჩასა და ზურიკოზე

,,სრულიად ვეთანხმები სპალეტის, ხვიჩა ისეთი მოთამაშეა, რომ მას ბევრი თავისუფლება სჭირდება. ბულგარეთთან მატჩის შემდეგ მეც სწორედ ეს ვუთხარი, რომ შეხვედრის ბედს ყოველთვის მარტო ვერ გადაწყვეტს. ის ძალიან შრომისმოყვარე და ძალიან ახალგაზრდაა, აუცილებლად ისწავლის შეცდომებზე. სპალეტი ძალიან მაღალი დონის სპეციალისტია და მჯერა, რომ ხვიჩას განვითარებაში ხელს მაქსიმალურად შეუწყობს.

ხვიჩაზე ბევრს ვერ ვისაუბრებ, მესმის ის აჟიოტაჟი, რომელიც მის გარშემოა, თუმცა ასეთი მიდგომა მაქვს: ის რომ ჩემი შვილი იყოს, ყოველდღე არ გავუმეორებდი, რომ საუკეთესოა, რადგან ეს მას განვითარებაში ხელს შეუშლის. გახსოვთ, რომ რუბინში ყოფნისას მას თან ბევრი კრიტიკა სდევდა, ახლა კი სიტუაცია რადიკალურად შეცვლილია. მისი პროგრესი მომწონს , თუმცა ხაზს ვუსვამ , რომ ეს ხვიჩას მაქსიმუმი არ არის. იმისთვის, რომ კვარაცხელიამ მაქსიმუმი აჩვენოს, ჩვენ, ყველა უნდა დავეხმაროთ: მე, როგორც მთავარი მწვრთნელი და თქვენ, მედია.

ზურიკოსთან დაკავშირებით საფრანგეთში საუბრები ნამდვილად მქონდა. ბორდო შესანიშნავი კლუბია, თუმცა საბოლოოდ, ეს მისი გადასაწყვეტი იყო, თუ სად გააგრძელებდა კარიერას. მე მას ვესაუბრე და ვუთხარი, რომ მნიშვნელობა არ ჰქონდა, კარიერას პირველი ლიგაში გააგრძელებდა თუ მეორე ლიგაში, მთავარი ის სათამაშო დროა, რომელიც მან სტაბილურად უნდა მიიღოს. ზურიკოს ბევრი სათამაშო დრო და განვითარება ჩვენს ნაკრებს ძალიან დაეხმარება".

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა

მეკარე: გიორგი ლორია („ანორთოსისი“, ფამაგუსტა, კვიპროსი), გიორგი მამარდაშვილი („ვალენსია“, ესპანეთი), ლევან შოვნაძე („სამგურალი“, წყალტუბო, საქართველო)

დაცვა: გურამ კაშია („სლოვანი“, ბრატისლავა, სლოვაკეთი), ოთარ კაკაბაძე („კრაკოვია“, კრაკოვი, პოლონეთი), დავით ხოჭოლავა („კოპენჰაგენი“, დანია), სოლომონ კვერკველია („ნეფთჩი, ბაქო, აზერბაიჯანი), ლუკა ლოჩოშვილი („კრემონეზე“, კრემონა, იტალია), გურამ გიორბელიძე („ზაგლებიე“, ლუბინი, პოლონეთი), ირაკლი აზაროვი („ცრვენა ზვეზდა“, ბელგრადი, სერბეთი), ჯემალ ტაბიძე („დინამო“, თბილისი, საქართველო)

ნახევარდაცვა/თავდასხმა: საბა ლობჟანიძე („ჰატაისპორი“, ანტაკია, თურქეთი), გიორგი წიტაიშვილი („ლეხი“, პოზნანი, პოლონეთი), ნიკა კვეკვესკირი („ლეხი“, პოზნანი, პოლონეთი), ანზორ მექვაბიშვილი („დინამო“, თბილისი, საქართველო), გიორგი აბურჯანია („ჟილ ვისენტე“, ბარსელუში, პორტუგალია), გიორგი ჩაკვეტაძე („სლოვანი“, ბრატისლავა, სლოვაკეთი), ვლადიმერ მამუჩაშვილი („დინამო“, ბათუმი, საქართველო), ზურიკო დავითაშვილი („ბორდო“, საფრანგეთი), ხვიჩა კვარაცხელია („ნაპოლი“, ნეაპოლი, იტალია), ვაკო ყაზაიშვილი („ულსან ჰიუნდაი“, სამხრეთ კორეა), გიორგი მიქაუტაძე („მეცი“, საფრანგეთი), ბუდუ ზივზივაძე („ფეჰერვარი“, სეკეშფეჰერვარი, უნგრეთი).

ერთა ლიგის მატჩების განრიგი

23 სექტემბერი - 20:00 საქართველო v ჩრდილოეთ მაკედონია;

26 სექტემბერი - 22:45 გიბრალტარი v საქართველო;

გაზიარება: