Aa Aa

"რეალის" ყველაზე ცუდი 15 ტრანსფერი

მადრიდის "რეალი" არაერთი ხმაურიანი ტრანსფერის მთავარი ინიციატორი და მონაწილეა. თუ მაგალითად მან კრიშტიანუ რონალდუს ან სერხიო რამოსის შეძენით დიდი სარგებელი მიიღო, არის გარიგებები, რომლებიც "სამეფო კლუბს" აშკარად არ წაადგა.

გთავაზობთ კლუბის ბოლოდროინდელ ისტორიაში 15 ყველაზე ცუდ ტრანსფერს.

15. ხავიერ სავიოლა - „ბარსელონადან“ - უფასოდ - 2007 წ.

„მინდა უფრო მეტი ვითამაშო“, - განაცხადა მადრიდულ გრანდში გადასვლისას სავიოლამ, თუმცა მან კონკურენციას ვერ გაუძლო და „რეალის“ სათადარიგოთა სკამზე ჯდომა მოუწია.

იმ დროს „სამეფო კლუბში“ არიენ რობენი, გონსალო იგუაინი, რაული, რობინიო და რუუდ ვან ნისტელროი თამაშობდნენ.

საბოლოოდ, სავიოლამ პორტუგალიურ „ბენფიკას“ მიაშურა.

14. ჟულიენ ფობერი - „ვესტ ჰემიდან“ - იჯარით - 2009 წ.

ფეხბურთის გულშემატკივრისთვის ერთ-ერთი ყველაზე გაუგებარი და უცნაური ტრანსფერი.

ფობერი „რეალმა“ იანვრის სატრანსფერო ბაზრისას აიყვანა და სეზონის ბოლოს მისი გამოსყიდვის საშუალება ჰქონდა.

ფობერის გამოსყიდვაზე „რეალს“ არც უფიქრია, რადგან მან ერთხელ ვარჯიში გააცდინა, ხოლო „ვილიარეალთან“ მატჩისას სათადარიგოთა სკამზე ჯდომა მობეზრდა და გასახდელში დაუკითხავად წავიდა.

„არ მინდოდა სათადარიგოთა სკამზე ჩამძინებოდა, საამისოდ საძინებელს ვარჩევ“. - განმარტა მარტივად ფობერმა.

13. მაიკლ ესიენი - „ჩელსიდან“ - იჯარით - 2012 წ.

„რეალს“ ჟოზე მოურინიო წვრთნიდა და ბევრს არ გაკვირვებია, რომ მან გუნდს ესიენის იჯარით აყვანა მოსთხოვა.

პორტუგალიელს ესიენი არამარტო როგორც ფეხბურთელი, არამედ ადამიანიც ძალიან მოსწონდა. ჟოზე ესიენის 30-ე დაბადების დღის წვეულებაზე ერთ-ერთ მთავარ სტუმრად იყო მიწვეული.

სეზონის ბოლოს მოურინიომაც და ესიენმაც „რეალი“ დატოვეს, მადრიდელთა ფანებს არც ერთის წასვლა დანანებიათ და არც მეორის...

12. ტომას გრავესენი - „ევერტონიდან“ – 3.4 მილიონი ევრო - 2005 წ.

დანიელი საყრდენი კლუბმა მაშინ შეიძინა, როცა მის რიგებში უამრავი სუპერვარსკვლავი თამაშობდა. გრავესენი ტიპიური ჩამშლელი იყო, აგრესიული, ხისტი და ხშირად უხეში სათამაშო სტილით.

მისგან დაზღვეული არავინ იყო და მათ შორის არც „რეალის“ ფეხბურთელები. ერთ-ერთი ვარჯიშისას გრავესენი რობინიოს ზედმეტად ეუხეშა, რომელმაც უკმაყოფილება გამოხატა და საქმე ხელჩართულ ჩხუბამდე მივიდა.

გრავესენის მადრიდული კარიერა ფაბიო კაპელომ დაასრულა: „მე არ მომწონს მისი საქციელი და თვისებები“.

იტალიელი სპეციალისტის სიტყვებიდან მეორე დღეს გრავესენი შოტლანდიურ „სელტიკში“ გადავიდა.

11. ანტონიო კასანო - „რომადან“ – 5 მილიონი ევრო - 2006 წ.

„რეალმა“ იმ პერიოდის ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი იტალიელი ფეხბურთელი მცირე თანხად შეიძინა, თუმცა მასზე უდიდეს იმედს ამყარებდა.

კასანომ მადრიდში ჭირვეული ხასიათი გამოავლინა და „ბლანკოსის“ ფანებს თავი არასაფეხბურთო ამბებით დაამახსოვრა.

„მადრიდში მყავდა მეგობარი, რომელიც სასტუმროს ოფიციანტი იყო. მის მოვალეობაში ჩემთვის საკონდიტრო ნაწარმის მოტანა შედიოდა. ერთხელ ჩვენ როლები გავცვალეთ - მან გოგოები მოიყვანა, ხოლო მე საკონდიტრო ნაწარმი მივუტანე. გოგოებთან ერთად შესანიშნავი ღამე გავატარეთ - ბრწყინვალე სექსი გვქონდა და ბევრი ვჭამეთ“. - ეს ამბავი კასანომ ჟურნალისტებთან წლების შემდეგ მოყვა.

„კასანტამ“ „რეალის“ რიგებში 2006-2007 წლებში ჯამში 20-ზე მეტი თამაში ჩაატარა. მომავალ წელს ის „სამპდორიაში“ გაანათხოვრეს და „სანტიაგო ბერნაბეუს“ აღარც დაბრუნებია.

10. ზე რობერტო - „პორტუგეზადან“ – 9 მილიონი ევრო - 1997 წ.

ბრაზილიელი ფეხბურთელი „რეალში“ გადასვლით რისკზე წავიდა.

„რეალში“ გადასვლისას მარიო ზაგალომ მითხრა, რომ თუკი სათამაშო პრაქტიკა მექნებოდა, მსოფლიო ჩემპიონატზე ძირითადში მოხვედრის კარგი შანსი გამიჩნდებოდა“. - თქვა ფეხბურთელმა მოგვიანებით.

მაშინ 23 წლის ნიჭიერ ბრაზილიელს „სამეფო კლუბის“ ძირითადში დამკვიდრება გაუჭირდა. ის მსოფლიო ჩემპიონატზე მაინც წაიყვანეს, თუმცა მოედანზე მხოლოდ 3 წუთი გაატარა.

საბოლოო ჯამში ზე რობერტომ "ლევერკუზენსა" და "ბაიერნში" დიდი ფეხბურთი ითამაშა, მაგრამ მისი მადრიდული კარიერა აშკარად არ აეწყო.

9. პედრო ლეონი - „ხეტაფედან“ – 10 მილიონი ევრო - 2010 წ.

ტექნიკური და სწრაფი ფლანგის შემტევი ჟოზე მოურინიომ აითვალწუნა და მას შანსს ნაკლებად აძლევდა.

„არ ვთვლი, რომ რამეს არასწორად ვაკეთებ. რაც შემიძლია ყოველმხრივ ვიხარჯები, საქმეს პროფესიონალურად ვუდგები და ბევრს ვშრომობ“. - ეს ლეონის სიტყვებია, რომელსაც „განსაკუთრებული“ არ ეთანხმებოდა და მიიჩნევდა, რომ ფეხბურთელის შრომა საკმარისად ნაყოფიერი არ იყო.

ერთ-ერთი პრესკონფერენციისას მოურინიოს ჰკითხეს, რატომ არ აძლევდა მეტ სათამაშო დროს ფეხბურთელს, რომლის სანაცვლოდაც 10 მილიონი ევრო იყო გადახდილი.

„თქვენ საუბრობთ პედრო ლეონის შესახებ, და არა - ზიდანის, მარადონას ან დი სტეფანოს. გასულ სეზონში ის „ხეტაფეში“ თამაშობდა. არ მგონია, რომ მის მიმართ უსამართლო ვიყო“.

ლეონი „ხეტაფეს“ სეზონის ბოლოს იჯარის წესით დაუბრუნდა და საბოლოოდ ის გამოისყიდეს კიდეც.

8. როისტონ დრენტე - „ფეიენოორდიდან“ – 14 მილიონი ევრო - 2007 წ.

ამ ფეხბურთელის განხილვისას თითქმის ყველა თანხმდება, რომ დრენტე ძალიან ნიჭიერი იყო და ზრდაში ხელი ჭირვეულმა ხასიათმა შეუშალა.

ჰოლანდიელი „რეალში“ 20 წლის ასაკში მივიდა და მის რიგებში 5 წელი ითამაშა. მისი ტრანსფერი კი ცუდ გარიგებად ყველაზე უფრო იმიტომ მიიჩნევა, რომ დრენტემ იმდენად ვერ გაამართლა, რამდენადაც შეეძლო და ელოდნენ.

მას ჰქონდა რამდენიმე გამონათება და სულ იყო მოლოდინი, რომ ახალგაზრდა განაპირა მცველი უნდა გახსნილიყო, თუმცა ასე არა და არ მოხდა...

7. რობერტ პროსინეჩკი - „რედ სტარიდან“ – 15 მილიონი ევრო - 1991 წ.

ხორვატი ფეხბურთელი „რეალში“ ცუდ დროს მოხვდა და ამას თავადაც აღნიშნავს.

„რეალში ჩემი კარიერა უკეთესი უნდა ყოფილიყო. გუნდში ცუდ დროს მოვხვდი, როცა ლეგიონერებზე შეზღუდვა იყო და იქ განსხვავებული ტიპის ფეხბურთელებთან მომიწია თამაში, რომლებსაც მოედანზე კარგად ვერ ვუგებდი".

იმ დროინდელი ხორვატიის ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელის კარიერა „რეალში“ მხოლოდ „კლასიკოში“ გატანილი გოლით შეგვიძლია გავიხსენოთ, რომელიც 1995 წელს შეაგდო.

6. ჯონათან ვუდგეითი - „ნიუკასლიდან“ – 18.3 მილიონი ევრო - 2004 წ.

მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე ცუდი დებიუტი!

ვუდგეითს პირველი სეზონი ტრავმების გამო მთლიანად გაუცდა და მისი მადრიდული დებიუტი 2005 წლის სექტემბერში შედგა. „სამეფო კლუბი“ „ბილბაოს“ ხვდებოდა - ვუდგეითმა ჯერ ავტოგოლი გაიტანა, ხოლო შემდეგ ორი ყვითელი ბარათის გამო, მოედნიდან გააძევეს.

ინგლისელი მცველის დაავადებას „რეალის“ ექიმებმა ვერაფერი გაუგეს და იგი პრაქტიკულად სულ დაშავებული იყო.

2007 წლის ივლისში, როცა ვუდგეითმა „რეალი“ დატოვა, Marca-მ ჩაატარა გამოკითხვა და გულშემატკივართა მიერ ვუდგეითის „რეალში“ გადასვლა 21-ე საუკუნის ყველაზე ცუდ ტრანსფერად დასახელდა.

5. ვალტერ სამუელი - „რომადან“ – 25 მილიონი ევრო - 2004 წ.

სამუელი იმ პერიოდში ერთ-ერთი ყველაზე იმედისმომცემი ცენტრალური მცველი იყო და 25 მილიონად მისი შეძენა „რეალისთვის“ დადებით ტრანსფერად ფასდებოდა.

სამუელს „რომაში“ ბრწყინვალე თამაშისთვის მეტსახელად „კედელი“ შეარქვეს.

თუმცა არგენტინელმა ლა ლიგას ალღო ვერ აუღო და ამ ჩემპიონატს ზუსტად 1 წლის შემდეგ, 2005-ში დაემშვიდობა. იგი იტალიაში დაბრუნდა და 9 წელი „ინტერის“ დაცვას სტაბილურად ამაგრებდა.

4. ელვირ ბალიჩი - „ფენერბაჰჩედან“ – 26 მილიონი ევრო - 1999 წ.

„რეალის“ მაშინდელმა თავკაცმა ჯონ ტოშაკმა კლუბს ბალიჩის ტრანსფერი დაუკვეთა. უელსელი სპეციალისტი ბოსნიელ ფორვარდს თურქეთიდან იცნობდა, სადაც მანამდე „ბეშიქთაშს“ წვრთნიდა, ხოლო ბალიჩი „ფენერბაჰჩეს“ ლიდერი იყო.

ბალიჩმა გუნდში მისვლიდან მალევე მუხლის მძიმე ტრავმა მიიღო, რის შემდეგაც მაღალ დონეზე თამაში უჭირდა და იგი ჯერ იმავე „ფენერბაჰჩეში“, ხოლო შემდეგ „რაიო ვალეკანოში“ გაანათხოვრეს.

„საერთოდ არ მაღელვებს, რომ ესპანური მედია „რეალის“ ერთ-ერთ ცუდ შენაძენად მთვლის. ვფიქრობ, მათ გარემოებები უნდა გაითვალისწინონ“. - აცხადებს ბალიჩი.

3. დანილო - „პორტუდან“ – 31.5 მილიონი ევრო - 2015 წ.

დანილო ამბობს, რომ რთულია მადრიდულ მედიასა და გულშემატკივრებს თავი მოაწონო.

„ისინი შეცდომას, რომელიც მცირეა, კატასტროფად თვლიან, თუმცა თუკი ცოტაოდენი კარგი გააკეთე, ამის დაფასებაც გადამეტებულად აღიქმება“.

ბრაზილიელი მცველი „პორტუში“ შესანიშნავად თამაშობდა და მისი ლიდერი იყო, მაგრამ „რეალში“ ძირითადში ადგილი ვერაფრით მოიპოვა და დანი კარვახალის დუბლიორად მოგვევლინა.

დანილომ "რეალის" შემდეგ "მანჩესტერ სიტიში" ითამაშა, ახლა კი "იუვენტუსის" ღირსებას იცავს, თუმცა ძირითადის მოთამაშის სტატუსი მან "პორტუს" შემდეგ ვერსად მიიღო.

2. ნიკოლა ანელკა - „არსენალიდან“ – 34.5 მილიონი ევრო - 1999 წ.

„რეალმა“ უნიჭიერესი, თუმცა ამავე დროს ტემპერამენტიანი და ცოტა უხასიათო ფრანგი ფორვარდი დიდი ზარ-ზეიმით შეიძინა. ანელკას ინგლისში „ბუტიას“ მეტსახელით მოიხსენიებდნენ.

ანელკამ „რეალში“ თავისი პირველი გოლი „ბარსელონას“ კარში შეაგდო და თავი „ჩემპიონთა ლიგის“ 1/2 ფინალში „ბაიერნის“ წინააღმდეგაც დუბლით გამოიჩინა.

სიტუაცია მას შემდეგ აირია, რაც ანელკამ „სამეფო კლუბის“ ერთ-ერთი ვარჯიში თვითნებურად მიატოვა. იგი გუნდმა 45 დღიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა.

„მის თავში რაღაც წესრიგში არაა“. - ეს „რეალის“ პრეზიდენტ ლორენცო სანსის სიტყვებია.

ანელკა მალევე „პსჟ“-ში გაიყიდა.

 1. კაკა - „მილანიდან“ – 65 მილიონი ევრო - 2009 წ.

„რეალმა“ კაკას შეძენით მსოფლიოს სატრანსფერო რეკორდი მოხსნა. ბრაზილიელი ფანტასტიკურ ფორმაში იყო და 2007 წლის „ოქროს ბურთის“ დამსახურებული მფლობელი გახლდათ.

რომ არა ტრავმები კაკასა და კრიშტიანუ რონალდუს დუეტი, შესაძლოა, მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი წყვილი გამხდარიყო.

„რიკი“ ტრავმებმა გააწამა, შემდეგ კი გუნდში მესუთ იოზილი მივიდა, რომელმაც ბრწყინვალე თამაშით კლუბის მწვრთნელები და გულშემატკივრები მალევე მოხიბლა, რამაც ტრავმამოშუშებული კაკას ძირითადში მოხვედრის პერსპექტივა ძალიან ბუნდოვანი გახადა.

საბოლოოდ კაკამ იოზილის დაჯაბნა და ძირითადში დაბრუნება ვერ შეძლო.

მას ლა ლიგის მოგება თითქოს დიდად არ გახარებია, რაზეც ესპანელი ჟურნალისტები დაეკითხნენ კიდეც.

„სათამაშო ხალისი დაკარგული მაქვს. მადრიდში ფეხბურთისგან სიამოვნებას ვეღარ ვიღებ“. - ამბობდა კაკა.

გაზიარება: