ნაპოლი, ფიორენტინა, ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

უგოლო ფრე ფლორენციაში - ხვიჩამ მოედანზე 1 საათი გაატარა

იტალიის სერია A-ს მესამე ტურში ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლი“ ფლორენციაში „ფიორენტინას“ ესტუმრა და ფრედ, 0:0 ითამაშა.

შეხვედრა საკმაოდ დაძაბული გამოდგა და სახიფათო მომენტების სიმრავლით ვერ გამოირჩა. იმის მიუხედავად, რომ ხვიჩამ თამაში სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო და სრული 1 საათი ითამაშა, სამწუხაროდ კარისკენ დარტყმაც არ ჰქონია.

თუმცა, ქართველმა ფეხბურთელმა ერთ-ერთი გამორჩეული ეპიზოდი მაინც შემოგვთავაზა. მეორე ნახევრის დებიუტში ხვიჩამ თანაგუნდელ ირვინ ლოზანოს ლამაზი პასი გაუკეთა და სამწუხაროდ, მექსიკელმა ფეხბურთელმა 100%-იანი შანსი ვერ გამოიყენა, რითაც კვარაცხელიას ასევე 100%-იანი ასისტი ამოაცალა აქტივიდან.

ასევე, 29-ე წუთზე მატჩის მთავარმა მსაჯმა შესაძლოა, ბევრისთვის საკამათო გადაწყვეტილებაც მიიღო. მეტოქის საჯარიმოში ხვიჩამ დოდოს აართვა ბურთი, რის შემდეგაც ამ უკანასკნელმა ქართველს მხრებზე „მოქაჩა“ და წააქცია, თუმცა არბიტრმა არც თერთმეტმეტრიანი დადო და ეპიზოდი არც VAR-ზე გადაამოწმა.

აქვე უნდა აღინიშნოს დოდოს კარგი თამაშიც, რომელმაც ქართველ ფეხბურთელს ფაქტობრივად არ მისცა თავის გამოჩენის შესაძლებლობა.

საბოლოოდ, ლუჩიანო სპალეტიმ ხვიჩა 61-ე წუთზე ჯიაკომო რასპადორით შეცვალა და შესაბამისად, ქართველმა შემტევმა სერია A-ში პირველად დატოვა მოედანი გოლის, ან საგოლე გადაცემის გარეშე.

კვარას ყველა ეპიზოდი ფიორენტინასთან:

შეგახსენებთ, რომ 3 ტურის შემდეგ კვარაცხელაის იტალიის ჩემპიონატში 3 გოლი და 1 შედეგიანი გადაცემა აქვს. 21 წლის ფეხბურთელმა თავი ჯერ ვერონაში - გოლით და საგოლე გადაცემით გამოიჩინა, შემდეგ კი „მონცას“ ნეაპოლში დუბლი შეუსრულა.

ლუჩიანო სპალეტის გუნდს მომდევნო შეხვედრა 31 აგვისტოს ელის. „ნაპოლი“ სტადიო დიეგო არმანდო მარადონაზე, საქართველოს დროით 22:45 საათზე „ლეჩეს“ დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები