სანდრო მამუკელაშვილი
Aa
Aa

მამუკელაშვილი: „ევრობასკეტის მოგება შეგვიძლია“

„მილუოკი ბაქსისა“ და საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა, სანდრო მამუკელაშვილმა Basketnews.com-ს ვრცელი ინტერვიუ მისცა და ბევრ თემაზე ილაპარაკა.

იტალიაში გატარებულ პერიოდზე და ევროპულ პერსპექტივაზე

„აშშ-ში წასვლამდე, ევროპული კლუბებისგან რამდენიმე შეთავაზება მქონდა. იყო ევროლიგისა და სერია A-ს კლუბების ვარიანტი, მაგრამ ჩემი ოჯახი განათლებას დიდ მნიშვნელობას ანიჭებს და მათ უნდოდათ, რომ დიპლომი ამეღო და კოლეჯში მესწავლა. ბიელა ერთ-ერთი საუკეთესო კლუბია, სადაც მითამაშია და ჩემს ყოფილ მწვრთნელსა და თანაგუნდელებს ახლაც ვესაუბრები. მიუხედავად ამ ყველაფრისა, მაშინ ჩავთვალე, რომ წასვლის დრო იყო. მინდოდა, აშშ-ში გადავსულიყავი, განათლება მიმეღო და კალათბურთის თამაში გამეგრძელებინა. თან კოლეჯების კალათბურთი ყოველთვის მომწონდა“.

NBA-ის საზაფხულო ლიგაზე და მილუოკი ბაქსზე

„სიმართლე გითხრათ, როგორც მეორე რაუნდის პიკი, არ ველოდი, რომ ბევრი სათამაშო დრო მექნებოდა და ჩემი აზრით, ბაქსმა ძალიან დიდი ნდობა გამომიცხადა. მილუოკიმ შანსი მომცა და კიდევ ბევრი რამ მაქვს გასაკეთებელი, თუმცა უკვე დავამტკიცე, რომ მაღალ დონეზე თამაში შემიძლია და დიდი ცოდნაც მივიღე. იმედი მაქვს, ბაქსის რიგებში ჩემი როლი შეიცვლება. მილუოკი საჩემპიონო გუნდია, რომელიც ყოველწლიურად ცდილობს, დიადი იყოს. მე მხოლოდ ის შემიძლია, რომ მუშაობა განვაგრძო და მწვრთნელის ნებისმიერ გადაწყვეტილებას პატივისცემით შევხვდები. სხვათა შორის, მან საზაფხულო ლიგის შეხვედრებს უყურა და მითხრა, რომ შესანიშნავად ვითამაშე და NBA-ის ბრწყინვალე კალათბურთელი ვარ, რისიც მეც უნდა ვირწმუნო“.

საქართველოს ნაკრებში თამაშზე

„მოხარული ვარ, ჩემს ქვეყანას რომ წარმოვადგენ და ევროპაში ბოლო მაშინ ვითამაშე, როცა 15-16 წლის ვიყავი. აქაური კალათბურთი განსხვავებულია და ვცდილობ, ამას შევეჩვიო. ჩემი მიზანია, ჩემი როლი ვიპოვო, საკუთარი თავის საუკეთესო ვერსია ვიყო და ჩემს გუნდს არაეგოისტური თამაშით დავეხმარო“.

ევრობასკეტზე

„ყველას კარგი გუნდი ჰყავს და ყველა თავდაჯერებულია. იანისი ერთ-ერთი კალათბურთელია, რომელსაც შეუძლია, ამ ტურნირზე უდიდესი გავლენა მოახდინოს. თურქეთს კორკმაზი, ოსმანი და შენგუნი ჰყავთ და ისინი ერთმანეთს ძალიან კარგად იცნობენ, რადგან ერთად ბევრჯერ უთამაშიათ. საქართველოს რაც შეეხება, ვფიქრობ, ევრობასკეტის მოგება შეგვიძლია. შესანიშნავი გუნდი გვყავს და თუ საერთო ენა გამოვნახეთ, ძალიან კარგად ვიასპარეზებთ“.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები ევრობასკეტის პირველ შეხვედრას 1-ელ სექტემბერს გამართავს და ბელგიას დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ოფიციალურად - ლუკა პარკაძე კარიერას მიუნხენის ბაიერნში გააგრძელებს
ოფიციალურად - ლუკა პარკაძე კარიერას მიუნხენის ბაიერნში გააგრძელებს