ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

„რა მაგარი შენაძენია“ - HITC-ის სტატია ხვიჩაზე

ბრიტანული გამოცემა, HITC-ი „ნაპოლის“ ქართველ ფეხბურთელს, ხვიჩა კვარაცხელიას სტატიას უძღვნის. ავტორი „კვარას“ ასპარეზობას ეხმაურება და „ვერონასთან“ გამართულ დაპირისპირებაზე წერს. HITC-ი ყურადღებას „ტოტენჰემზე“ ამახვილებს და მისი თქმით, კვარაცხელიას თამაში „დეზებს“ აჩვენებს, ხელიდან როგორი ფეხბურთელი გაუშვეს.

„ამ ზაფხულს, ნაპოლიში გადასულ ხვიჩა კვარაცხელიას მისი წინამორბედის წასვლის გამო გაჩენილი უდიდესი სიცარიელის შევსება მოუწევს. ნაპოლის ყოფილი კაპიტანი, ლორენცო ინსინიე პარტენოპეის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირთა სიაში მეორე იყო და ადგილობრივების კუმირი გახლდათ. როგორ შეძლებს კვარაცხელია ასეთი განსაკუთრებული სტატუსის მქონე ფეხბურთელის ჩანაცვლებას გუნდში, რომელსაც ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე მომთხოვნი და გულანთებული ქომაგები ჰყავს?

ნუ, ბრწყინვალე სადებიუტო თამაში, რომელიც ხვიჩამ ვერონასთან მოგებულ შეხვედრაში შემოგვთავაზა, ისეთი სტარტია, როგორის იმედიც ქართველ ფეხბურთელს ჰქონდა. კვარაცხელიას, რომელიც ფაბიო კაპელომ მო სალაჰს შეადარა, 37 წუთი დასჭირდა, რათა სერია A-ში სადებიუტო გოლი გაეტანა და მეტოქის კარი თავური დარტყმით აიღო. 21 წლის ფეხბურთელმა გვაჩვენა, რომ მოედნის ხედვაც აქვს და ერთი შეხებით გაკეთებული გამჭოლი გადაცემით ზელინსკის გაატანინა.

„კვარაცხელია ხანდახან ძალიან გულუბრყვილოა, მაგრამ სრულყოფილი ფეხბურთელია, რომელსაც შესანიშნავი ტექნიკა აქვს. მან ბრწყინვალე გოლი გაიტანა, რაც თავური დარტყმით გააკეთა და ეს მისი საუკეთესო თვისება არაა. ხვიჩას მეტი შეუძლია“, - განაცხადა ლუჩანო სპალეტიმ. „კვარაცხელია ძალიან მომწონს და ნაპოლის მის შეძენას ვულოცავ. მან ჩემზე კარგი შთაბეჭდილება მოახდინა. ხვიჩას ხასიათი აქვს, ერთი-ერთზე ძლიერია და გოლიც გაიტანა. ვფიქრობ, იგი შესანიშნავი შენაძენია“, - დასძინა ინტერის ლეგენდამ, ანდრეა მანდორლინიმ.

შესაძლოა, შესანიშნავი შენაძენი მართლა არის, მაგრამ ისიც უნდა ვთქვათ, რომ ბევრისთვის ეს ტრანსფერი სიურპრიზი აღმოჩნდა. კვარაცხელია იტალიის სამხრეთ ნაწილში არ უნდა წასულიყო. ფაბიო პარატიჩის თავისი რომ გაეტანა, ქართველი გარემარბი რუბინიდან იუვენტუსში ან ტოტენჰემში გადავიდოდა.

„ხვიჩას ივეუნტუსთან წინასწარი შეთანხმება ჰქონდა დადებული, მაგრამ შემდეგ კლუბის სპორტულმა დირექტორმა, ფაბიო პარატიჩიმ პოსტი დატოვა. ფაბიო რომ არ წასულიყო, ხვიჩა იუვეს მიაშურებდა. პარატიჩის ტოტენჰემში გადასვლის შემდეგ, დეზებს კვარას იჯარის წესით გაფორმება უნდოდათ, მაგრამ უარი ვთქვით. იჯარის წინააღმდეგი თავად ფეხბურთელი იყო“, - განაცხადა მისმა აგენტმა.

ქართველი მო სალაჰი, ახალი ინსინიე... ან რაც გინდათ, ის დაუძახეთ. ფაქტია, კვარაცხელია სახელს სწრაფად ითქვამს“, - წერს ბრიტანული გამოცემა.

შეგახსენებთ, რომ „ვერონას" წინააღმდეგ ქართველმა ფეხბურთელმა ჯერ გოლი გაიტანა, შემდეგ კი საგოლე გადაცემა შეასრულა. 68-ე წუთზე, როცა ანგარიში „ნაპოლის“ სასარგებლოდ 4:2 იყო, ლუჩანო სპალეტიმ ხვიჩა მოედნიდან გაიყვანა და დასვენების საშუალება მისცა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ეს ბიჭი ბრწყინვალეა“ - კასანომ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
„ეს ბიჭი ბრწყინვალეა“ - კასანომ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა