ილიას ზუროსი
Aa
Aa

ზუროსი: „ბევრ კომპონენტში გვაქვს მოსამატებელი, მაგრამ ეს ნორმალურია“

საქართველოს საკალათბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ილიას ზუროსმა ევრობასკეტისა და მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის მოსამზადებელ პერიოდზე ისაუბრა. ბერძენი სპეციალისტის თქმით, საქართველოს ნაკრებს ბევრ კომპონენტში აქვს მოსამატებელი, მაგრამ ეს ნორმალურია.

„სლოვენია პირველი ეტაპი იყო და ჩვენ მიერ გაწეული სამუშაოთი კმაყოფილნი ვართ. ახლა მოსამზადებელი ეტაპის მეორე ნაწილს ვიწყებთ და ხვალ ისრაელის ნაკრებს ვეთამაშებით. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს მოსამზადებელი შეხვედრაა და მნიშვნელოვანი არა შედეგი, არამედ ისაა, რომ როგორც დაცვაში, ისე შეტევაში პროგრესი ვაჩვენოთ და ყოველდღიურად მოვუმატოთ.

ჩვენი კალათბურთელების ძალისხმევით კმაყოფილი ვარ და მომდევნო ოფიციალურ შეხვედრამდე, რომელსაც ნიდერლანდებთან გავმართავთ, ჩვენი საქმის კეთებას განვაგრძობთ. გოგას რაც შეეხება, მასზე ახალი ინფორმაცია არ გვაქვს და ახლა მნიშვნელოვანია, აქცენტი იმ კალათბურთელებზე გავაკეთოთ, რომლებიც ჩვენთან ერთად იმყოფებიან. თუ რაიმე სიახლე იქნება, აუცილებლად შეგატყობინებთ.

საქართველოს ნაკრებს ბევრ ასპექტში აქვს მოსამატებელი, რაც ნორმალურია. დაცვაში უკეთ უნდა ვითამაშოთ და მოხსნებზეც უკეთ უნდა ვიასპარეზოთ. გვინდა, დაცვაში უფრო მტკიცე, ძლიერი და აგრესიული ვიყოთ და იმედი გვაქვს, მიზანს მალე მივაღწევთ. შეტევას რაც შეეხება, საჭიროა, უფრო შევიკრათ და ჩვენ-ჩვენი როლი ვიპოვოთ. სანდრო რამდენიმე დღეა ჩვენთან ერთად ვარჯიშობს და ხვალ პირველად ითამაშებს. აუცილებელია, მან ჩვენი სისტემა შეისწავლოს და ნორმალურია, ამ მომენტისთვის სათანადოდ რომ ვერ ვფუნქციონირებთ. ახლა ამ ეტაპზე ვიმყოფებით, მაგრამ ვერ ვიტყვით, რომ ცუდ მდგომარეობაში ვართ და ოფიციალური შეხვედრებისთვის აუცილებლად უნდა მოვუმატოთ“.

შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და ისრაელის ნაკრებების მატჩი ხვალ გაიმართება და თბილისის დროით, 19:00-ზე დაიწყება.

ფოტო: საქართველოს კალათბურთის ფედერაცია

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„თავისი დრიბლინგით ჩემზე შთაბეჭდილება მოახდინა“ - ნაპოლის ფეხბურთელები ხვიჩაზე
„თავისი დრიბლინგით ჩემზე შთაბეჭდილება მოახდინა“ - ნაპოლის ფეხბურთელები ხვიჩაზე