კონფერენს ლიგა, ბათუმის დინამო, ზურიკო დავითაშვილი, მათე ვაწაძე, პოზნანის ლეხი
Aa
Aa

ვაწაძის ბრწყინვალე გოლი და შესანიშნავი დავითაშვილი - ბათუმში ევროსეზონი დასრულდა

UEFA-ს კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩში საქართველოს მოქმედმა ჩემპიონმა ''დინამომ'' პოზნანის ''ლეხს'' უმასპინძლა. შეხვედრა ფრედ 1:1 დასრულდა. ორი მატჩის ჯამში ''ლეხმა'' 6:1 გაიმარჯვა და შემდეგ ეტაპზე გავიდა.

ბათუმის ''დინამოს'' მხრიდან ერთ-ერთი საუკეთესო ზურიკო დავითაშვილი იყო, რომელმაც ბევრი ორთაბრძოლა მოიგო და არაერთი შეტევა დაიწყო. ის უკვე მზადაა კარიერული პროგრესისთვის და ძლიერ ევროპულ ჩემპიონატში თამაშისთვის.

მათე ვაწაძემ ''დინამოსთვის'' შესანიშნავი გოლი გაიტანა, მაგრამ საქართველოს ჩემპიონმა გამარჯვება კვლავ ვერ მოიპოვა.

მატჩამდე ''დინამოსა'' და ''ლეხის'' ქომაგები დაუპირისპირდნენ, ერთმანეთის მისამართით სხვადასხვა საგნებს ისროდნენ, თუმცა ვითარება სამართალდამცველებმა მალევე განმუხტეს.

მე-5 წუთზე სანდრო ალთუნაშვილმა კარისკენ სახიფათოდ დაარტყა, ბურთი მეკარისაგან დაბალ კუთხეში წავიდა, არტურ რუდკომ ბურთი კუთხურზე მოიგერია.

თამაშის დაწყებიდანვე ''დინამოს'' ფეხბურთელები ბურთზე კონტროლის მოპოვებას ცდილობდნენ, რაც მეტოქესთან შედარებით უკეთ გამოსდიოდათ, მათ მოქმედებებში აღარ შეიმჩნეოდა დაბნეულობა, პოზნანში გამართული მატჩისგან განსხვავებით დამაჯერებლად თამაშობდნენ, რაც უკეთესი ფსიქოლოგიური მომზადებით აიხსნება.

22-ე წუთზე მილან რადინმა ინდივიდუალურად ეფექტურად ითამაშა, კვეკვესკირს გაცდა, მეტოქის ორ ფეხბურთელს შორის მოექცა, კარისკენ ძლიერად დაარტყა, მაგრამ რუდკომ ახლო კუთხეში გოლი არ გაუშვა, ბურთი კუთხურზე მოიგერია.

26-ე წუთზე ზურიკო დავითაშვილი ბრწყინვალე იყო, კონტრშეტევა შესანიშნავად განავითარა, თუმცა მეკარესთან პირისპირ გასულმა ჯოვინო ფლამარიონმა ბურთი ცუდად დაარტყა.

ბათუმის ''დინამო'' მეორე ტაიმშიც ფლობდა მცირე უპირატესობას, რამდენიმე მწვავე შეტევა განავითარა, ყველაზე სახიფათო აზაროვის მიერ დაწყებული კონტრშეტევა იყო, რომელიც მილან რადინის ზუსტი დარტყმით დასრულდა.

64-ე წუთზე ირაკლი აზაროვის ჩაწოდების შემდეგ მათე ვაწაძემ თავური დარტყმით ანგარიში გახსნა. ისეთი გოლი შეაგდო, როგორიც კარიერის საუკეთესო წლებში გაუტანია, თავით თამაში ყოველთვის იყო მისი ძლიერი მხარე.

 

 76-ე წუთზე ალან ჩერვინსკიმ ალავიძეს დაბალ კუთხეში გაუტანა, ანგარიში გათანაბრდა - 1:1.

UEFA-ს კონფერენს ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე პოზნანის ''ლეხი'' ისლანდიურ რეიკიავიკის ''ვიკინგურს'' დაუპირისპირდება, ბათუმის ''დინამოსთვის'' კი ევროსეზონი დასრულდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„თითქოს ნაპოლის მის გარეშე არაფერი გამოსდის
„თითქოს ნაპოლის მის გარეშე არაფერი გამოსდის" - რას წერენ იტალიურ პრესაში ხვიჩაზე