7-კაცა | მსოფლიო სერიის შესარჩევ ტურნირზე ჩილეში
Aa
Aa

7-კაცა | მსოფლიო სერიის შესარჩევ ტურნირზე ჩილეში

საქართველოს 7-კაცა 12-14 აგვისტოს მსოფლიო სერიის შესარჩევ ტურნირში ითამაშებს, რომელსაც ჩილე, სანტიაგო უმასპინძლებს. თამაშები „სანტა ლაურას“ სტადიონზე გაიმართება.

მსოფლიო სერიის საგზურისთვის მსოფლიოს ექვსივე რეგიონის 12 გუნდი იბრძოლებს, რომლებიც სამ 4-გუნდიან ჯგუფში არიან განაწილებული. თითოეული ჯგუფის ორ-ორი მოწინავე და ორიც საუკეთესო მეორეადგილოსანი თასის მეოთხედფინალში გადის. ჩილეში ყველა ადგილი გათამაშდება, თუმცა სანუკვარ საგზურს მხოლოდ გამარჯვებული მიიღებს.

საქართველო ა ჯგუფში ჩილეს, სამხრეთ კორეისა და პაპუა ახალი გვინეას ნაკრებებთან ითამაშებს; ბ ჯგუფში ჰონკონგი, ტონგა, იამაიკა და ზიმბაბვე მოხვდნენ; გ ჯგუფში ურუგვაი, უგანდა, გერმანია და ლიეტუვა.

ჩვენი 7-კაცა სანტიაგოს ტურნირისთვის უკვე ემზადება, 31 ივლისს კი შეკრებაზე შევა და 7 აგვისტოს ღამით ჩილეში გაემგზავრება. გუნდის მწვრთნელი ბესიკ ხამაშურიძე იმედოვნებს, რომ რაგბი ევროპის ორი ეტაპისა და მსოფლიო თასის შესარჩევი ტურნირის შემდეგ, ჩილეში ხელშესახები შედეგი დადგება:

„7-კაცაში დიდი პოტენციალი გვაქვს და ეს ირლანდიასთან თამაშმა დაგვანახა, რომელიც ევროპაში ერთ-ერთო უძლიერესი გუნდია და რომელთან გამარჯვებამდე სულ ცოტა დაგვაკლდა. ამ შეხვედრამ დაგვანახა, რომ მონდომებით ყველაფერი შესაძლებელია და ბიჭებს გაუჩინა რწმენა, რომ მათაც შეუძლიათ შედეგის დადება. ჩილეს ტურნირისთვის ‘შავი ლომიდან’ დაგვემატნენ ნაკრების ბიჭები – მირიან მოდებაძე, ლაშა ლომიძე და ლუკა მატკავა. დანარჩენ ჯგუფს საკმარისი რაოდენობის ტურნირები დაუგროვდა და ჩილეში უკეთეს ფორმაში მივდივართ, ვიდრე მანამდე ვიყავით“.

„7-კაცას ფიზიკური კონდიციებისთვის მთელი წელი ვარჯიშია საჭირო და შესაძლოა, ამ კუთხით ისინი უკეთ იყვნენ მომზადებული, თუმცა მეტოქეებს რაგბის ცოდნით უნდა ვაჯობოთ. ჩილეში პირველობისთვის ვიბრძოლებთ, რათა მსოფლიო სერიის ყველა ეტაპზე თამაშის უფლება მოვიპოვოთ. ის, რომ მსოფლიოს თვალთახედვის არეალში გამოვჩნდით უკვე კარგია, რადგან კარგად გამოსვლის შემთხვევაში, პირველი ადგილი რომ ვერც დავიკავოთ, რაღაც ეტაპებზე წვეულ გუნდად დაგვიძახებენ“.

მსოფლიო სერიის შესარჩევი ტურნირისთვის ემზადებიან

იოსებ გუშარაშვილი (შავი ლომი), მირიან მოდებაძე (შავი ლომი), ნიკოლოზ რეხვიაშვილი (ყოჩები), გიორგი კოშაძე (ხარები), ნიკოლოზ გიგაური (ყაზბეგი), გიორგი გელაშვილი (არმია), ლუკა მატკავა (შავი ლომი), ირაკლი სიმსივე (აია), გიორგი ჯობავა (ხვამლი), გიორგი ბაბუნაშვილი (შავი ლომი), თემურ კოხოძე (აია), ლაშა ლომიძე (შავი ლომი), თემო ჭიჭინაძე (ყოჩები), ლევან ნარიმანიძე (ხარები), გიორგი ჭუაძე (აკადემია). მწვრთნელები: ბესიკ ხამაშურიძე, გია ლაბაძე

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ლა ლა ლა ვლადიმერ პუტინ“ - ფენერბახჩეს ქომაგები კიევის დინამოსთან მატჩისას
„ლა ლა ლა ვლადიმერ პუტინ“ - ფენერბახჩეს ქომაგები კიევის დინამოსთან მატჩისას