მარიო ბალოტელი, ლუის სუარესი
Aa
Aa

კონტრაქტის 5 ყველაზე უცნაური პუნქტი, რაც ფეხბურთის ისტორიაში გაფორმებულა

ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დადგომასთან გუნდებიც უფრო აქტიურდებიან, რათა თავისი შემადგენლობა კიდევ უფრო გააძლიერონ. კლუბსა და ფეხბურთელებს შორის გაფორმებულ კონტრაქტებში ვხვდებით ისეთ პუნქტებსაც, რომელიც რიგ შემთხვევებში სასაცილოდაც კი ჟღერს.

კრისტალსპორტი შემოგთავაზებთ უცნაური პუნქტების ხუთეულს, რომელიც კლუბის, თუ ფეხბურთელის მოთხოვნით კონტრაქტში ჩაიწერა.

ლუის სუარესი - „კბენის საწინააღმდეგო“ პუნქტი

ალბათ ყველას გახსოვთ ურუგვაელი ფეხბურთელისა და ჯორჯო კიელინის ეპიზოდი, როდესაც 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე სუარესმა იტალიელ მცველს უკბინა. „ბარსელონამ“ თავდამსხმელი მუნდიალის დასრულების შემდეგ დაიმატა, კლუბისთვის კი ყველაზე მნიშვნელოვანი იყო, რომ ეს ინციდენტი აღარ განმეორებულიყო. Daily Mirror-ის ცნობით, ფეხბურთელსა და კლუბს შორის გაფორმებული კონტრაქტის ერთ-ერთი პუნქტი „კბენის საწინააღმდეგო“ იყო. თუ სუარესი მეტოქის რომელიმე ფეხბურთელს უკბენდა, მაშინ მას „ბარსელონასთვის“ სოლიდური კომპენსაციის გადახდა მოუწევდა.

შტეფან შვარცი - აკრძალვა კოსმოსში მოგზაურობაზე

„სანდერლენდმა“ შვარცთან ხელშეკრულება 1999 წელს გააფორმა, რის შემდეგაც კლუბის ხელმძღვანელებმა გაიგეს, რომ შვედ ფეხბურთელს 2002 წელს კოსმოსში მოგზაურობის ბილეთი ჰქონდა აღებული. სანდერლენდის შეფებს არ სურდათ, რომ მათი ფეხბურთელი კოსმოსში წასულიყო, რის გამოც კონტრაქტში მცირე შესწორება შეიტანეს და ასტრონავტობის აკრძალვის პუნქტი ჩაამატეს.

ვან დერ ვაარტი და წითელი ბუცები

Football Leaks-მა ბოლო წლების ერთ-ერთი ყველაზე უცნაური აკრძალვა აღმოაჩინა. 2015 წელს ნიდერლანდელმა ფეხბურთელმა, რაფაერ ვან დერ ვაარტმა „ბეტისთან“ გააფორმა ხელშეკრულება. მოგვიანებით კი გაირკვა, რომ „ბეტისისა“ და „სევილიას“ მატჩის დროს ვან დერ ვაარტს წითელი ბუცებით თამაში აკრძალული ჰქონდა.

ბალოტელის ანტისკანდალური პუნქტი

ალბათ, ყველასთვის ცნობილია მარიო ბალოტელის რთული ხასიათის შესახებ. როდესაც იტალიელმა ფეხბურთელმა „მილანთან“ გააფორმა კონტრაქტი, ერთ-ერთი პუნქტის მიხედვით მას აკრძალული ჰქონდა ექსცენტრული ვარცხნილობა, საკამათო მესიჯები, მსაჯებთან შელაპარაკება და ა.შ. ცნობისთვის, ეს არ ყოფილა ერთადერთი უცნაური პუნქტი, რომელსაც ბალოტელი ასრულებდა. „ლივერპულში“ ყოფნის დროს ერთ-ერთი პუნქტის მიხედვით, თუ ფეხბურთელი მთელი სეზონის განმავლობაში არასპორტული საქციელის გამო წითელ ბარათს არ მიიღებდა, მას მილიონი ფუნტით დააჯილდოებდნენ. საგულისხმოა, რომ ბალოტელიმ აღნიშნული პუნქტი შეასრულა და კუთვნილი ჯილდოც აიღო.

კასტელენს არ სურდა სასეზონო ხელფასი

საფეხბურთო სამყაროში ჩვეულებრივი მომენტია, როდესაც მოთამაშე კუთვნილ ანაზღაურებას თვიდან-თვემდე, ან წელიწადში ერთხელ იღებს, თუმცა ნიდერლანდელ რომეო კასტელენი სხვაგვარად ფიქრობდა. როდესაც ფეხბურთელმა რუსულ „ნიჟნი ნოვგოროდთან“ გააფორმა კონტრაქტი, ხელმძღვანელობისგან მოითხოვა, რომ ხელფასი მოედანზე გატარებული წუთების რაოდენობით აეღო. ფაქტობრივად, ისტორიაში ის ერთადერთი ფეხბურთელია, რომელიც მოედანზე გატარებულ ყოველ წუთში იღებდა ფულს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები