გორის დილა, ნიკა სიჭინავა, კუპს
Aa
Aa

''დავინახე, რომ ვცდებოდი! აქ ყველაფერი უმაღლეს დონეზეა'' - სიჭინავა დილასთან მატჩზე

შვეიცარიის ქალაქ ნიონში უეფა კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა გაიმართა, სადაც პირველ რაუნდში ქართული კლუბების, თბილისის ''დინამოს“, ''საბურთალოსა“ და გორის ''დილას“ მეტოქეები გაირკვა. გორის ''დილას“ მეტოქეა ფინური კუპს-ი. 

კუპს-ის ქართველი ფორვარდი ნიკა სიჭინავა ტრავმირებულია. პირველ შეხვედრას გამოტოვებს, თუმცა შესაძლოა, მეორე შეხვედრაში ითამაშოს. ფინეთის უმაღლეს ლიგას კუპს-ი ჰიკ-თან ერთად 26-26 ქულით ლიდერობს, თუმცა სიჭინავას გუნდს ერთით ნაკლები შეხვედრა აქვს ჩატარებული.

''როცა გუნდში გადმოვედი, ისეთი შთაბეჭდილება არ დამრჩა, რომ გუნდს მაღალ დონეზე თამაში შეეძლო. უკრაინაში ასპარეზობის შემდეგ მომეჩვენა, რომ არც ისე კარგ გუნდში მოვხვდი, მაგრამ სეზონი დაიწყო და ყველაფერი შეიცვალა. დავინახე, რომ ვცდებოდი! ფეხბურთთან და ფეხბურთელებთან მიდგომა უმაღლეს დონეზეა, რასაც ფეხბურთელები აფასებენ.

კარგი მწვრთნელი გვყავს და ისეთ ფეხბურთს გვათამაშებს, როგორიც მაყურებელს მოსწონს! შემტევ ფეხბურთს ვთამაშობთ და თითქმის ყოველ მატჩში პირველივე ტაიმში გოლს ვიტანთ. პასებით თამაში გვიყვარს, უაზროდ დარტყმა და შემდეგ სირბილი ჩვენი სტილი არაა.

როცა ფინურ გუნდში გადავედი, არ მეგონა, რომ ასეთი წარმატებული სეზონი გვექნებოდა. ახლა პირველ ადგილზე ვართ და მხოლოდ ორი მატჩი დავასრულეთ ფრედ.

გორის ''დილას'' თამაშებს ხშირად ვუყურებ. ჩიტეიშვილი ჩემი ბავშვობის ძმაკაცია და ვქომაგობ. გარდა ამისა, დემჩენკოს სტილი მომწონს, უკრაინაშიც კარგი გუნდი ჰყავდა. მისი ხელმძღვანელობით გორის ''დილამაც'' მოუმატა. გორში თამაში გაგვიჭირდება, ვიცი რა ატმოსფეროა ''თენგიზ ბურჯანაძეზე''. სხვათაშორის გორში გოლიც მაქვს გატანილი, როცა ''ვიტ ჯორჯიაში'' ვთამაშობდი. აქ ''დილას'' აქაური ატმოსფერო დახვდება, თან თამაში ხელოვნურსაფარიან მოედანზე იქნება. შანსები 50/50-ზეა. იმედია, მოვუგებთ და შემდეგ ეტაპზე გავალთ''.

ანდრეი დემჩენკოს გუნდი პირველ მატჩს სტუმრად 7 ივლისს გამართავს, საპასუხო შეხვედრა თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე 14 ივლისს ჩატარდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კონფერენს ლიგაზე ქართული კლუბების მეტოქეები ცნობილია
კონფერენს ლიგაზე ქართული კლუბების მეტოქეები ცნობილია