ჩემპიონთა ლიგა, გია გეგუჩაძე, ბათუმის დინამო, სლოვანი, ლადო დვალიშვილი
Aa
Aa

„შანსები თანაბარია“ - ბათუმის დინამოში ჩემპიონთა ლიგის კენჭისყრას აფასებენ

ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ რაუნდში ბათუმის „დინამო“ ბრატისლავას „სლოვანს“ შეხვდება.

საგულისხმოა, რომ სლოვაკურ კლუბში საქართველოს ნაკრების მოქმედი და ყოფილი კაპიტნები, გურამ კაშია და ჯაბა კანკავა თამაშობენ, მთავარი მწვრთნელი კი ვლადიმირ ვაისია, რომელიც საქართველოს ეროვნულ გუნდს 5 წლის განმავლობაში წვრთნიდა.

კენჭისყრის დასრულების შემდეგ CrystalSport-ი ბათუმის „დინამოს“ მთავარ მწვრთნელს, გია გეგუჩაძეს და სპორტულ დირექტორს, ლადო დვალიშვილს დაუკავშირდა.

გია გეგუჩაძე:

სლოვანის რამდენიმე თამაში მაქვს ნანახი, მაგრამ მაგით მათი შესაძლებლობები არ განისაზღვრება. როგორც ვიცი ახლა რაღაც ცვლილებები იგეგმება. იმის მიუხედავად, რომ მთავარი მწვრთნელი, ვლადიმირ ვაისი გუნდში დარჩა და მასთან ერთად, კლუბში ჯაბა კანკავა და გურამ კაშიაც იქნებიან, სხვა პოზიციებზე გაძლიერებას გეგმავენ. ამ გუნდის შესახებ ჯერ ვერაფერს ვიტყვი, საფუძვლიანად უნდა შევისწავლოთ და კონკრეტულად მერე უნდა ვილაპარაკოთ.

ვაისი კარგად იცნობს ქართულ ფეხბურთს, იცნობს ბევრ ფეხბურთელს, ბევრ მათგანს თვითონაც აკვირდებოდა. ზოგადად, ახლანდელ დროში ფეხბურთელზე ინფორმაციის მოპოვება რთული არაა, მაგრამ რა თქმა უნდა, ეს ფაქტორი მას გარკვეულ უპირატესობას ანიჭებს.

ლადო დვალიშვილი:

კმაყოფილი ვიქნებოდი ის ორი გუნდი რომ შეგვხვედროდა, რომელიც კენჭისყრამდე მინდოდა - ირლანდიის, ან გიბრალტარის ჩემპიონები. კენჭისყრის შემდეგ ერთგვარი შუალედი დავიჭირეთ. იქიდან გამომდინარე, რომ „სლოვანში“ ქართველები თამაშობენ და აქეთ საქართველოს ჩემპიონია, ერთ-ერთი გუნდი ნაწყენი დარჩება. ამის გამო არ გვსურდა ამ გუნდთან შეხვედრა, მაგრამ ბედმა ასე გვარგუნა. რაც შეეხება შანსებს, ის 50/50-ზეა, ორივე გუნდს მომდევნო ეტაპზე გასვლის თანაბარი შანსი აქვს.

საკვალიფიკაციო ეტაპამდე რამდენიმე ტრანსფერის განხორციელებას ვგეგმავთ, მაგრამ ამაზე კონკრეტულს ახლა ვერაფერს გეტყვით. ბევრი ტრანსფერი არ იქნება, მაგრამ რამდენიმე პოზიციაზე ფეხბურთელის დამატებას ვაპირებთ. ამის შესახებ საზოგადოება მალე გაიგებს.

ხვიჩა კვარაცხელიას ამბავზე ჯერ ვერაფერს გეტყვით, ნამდვილად არ ვიცით რა იქნება. უახლოეს მომავალში გვეცოდინება ამ კითხვაზე პასუხი და კლუბიც გააკეთებს შესაბამის განცხადებას.

შეგახსენებთ, რომ კლუბებს შორის პირველი შეხვედრა 5/6 ივლისს ბრატისლავაში გაიმართება, საპასუხო მატჩი კი 12/13 ივლისს ბათუმში ჩატარდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
''ხვიჩა პირველ ივლისს ნეაპოლში იქნება'' - ვაისმა ბათუმის დინამოზე ისაუბრა
''ხვიჩა პირველ ივლისს ნეაპოლში იქნება'' - ვაისმა ბათუმის დინამოზე ისაუბრა