+21 მესამე მეოთხედში - გოლდენ სტეიტმა სერიაში ანგარიში გაათანაბრა
Aa
Aa

+21 მესამე მეოთხედში - გოლდენ სტეიტმა სერიაში ანგარიში გაათანაბრა

„გოლდენ სტეიტ უორიორსმა“ ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის სუპერფინალურ სერიაში ანგარიში გაათანაბრა. საკუთარ კედლებში წაგებული პირველი შეხვედრის შემდეგ, „უორიორსმა“ შესანიშნავად იასპარეზა და მეტოქე 107:88 გაანადგურა. აღსანიშნავია, რომ პირველი ტაიმი თანაბარ ბრძოლაში წარიმართა და „გოლდენ სტეიტმა“ მხოლოდ 2 ქულით იმარჯვა, აი, მესამე მეოთხედში კი ყველაფერი შეიცვალა. მესამე პერიოდი „უორიორსმა“ 35:14 მოიგო და კომფორტული უპირატესობის შენარჩუნება არ გასჭირვებია.

„გოლდენ სტეიტს“ სტეფ კარიმ ულიდერა, რომელსაც 29 ქულა, 6 მოხსნა, 4 შედეგიანი გადაცემა და 3 ჩაჭრა ჰქონდა. სათადარიგოთა სკამიდან შემოსულმა ჯორდან პულმა 17 ქულა ჩააგდო. კევონ ლუნი 12 ქულით გამოირჩა, ხოლო კლეისა და უიგინსს 11-11 ქულა ჰქონდათ. „ბოსტონის“ მხრიდან საუკეთესო ჯეისონ ტეიტუმი იყო - 28 ქულა, 6 მოხსნა. ჯეილენ ბრაუნმა 17 ქულა ჩააგდო, დერიკ უაითმა - 12.


„ვიცოდით, რომ დღევანდელ შეხვედრაში ისე უნდა გვეთამაშა, თითქოს სასოწარკვეთილი ვიყავით და ზუსტად ეს გავაკეთეთ. კარგია, რომ სწორ გზას დავუბრუნდით და ახლა სტუმრად გასამართ შეხვედრებში, სერიის კონტროლი უნდა მოვიპოვოთ“, - განაცხადა სტეფ კარიმ მატჩის შემდეგ.

შეგახსენებთ, რომ 9 ივნისიდან სერია ბოსტონში გადაინაცვლებს და „სელტიქსი“ 2 საშინაო მატჩს გამართავს. სუპერფინალის მე-3 დაპირისპირება 9 ივნისს, თბილისის დროით, 05:00-ზეა ჩანიშნული.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ტალახაძე:
ტალახაძე: "პირველად, ჩემს სპორტულ კარიერაში სერიოზული ტრავმა მქონდა"