საქართველოს ნაკრები, ვილი სანიოლი
Aa
Aa

"ვამაყობ დღევანდელი თამაშით და გუნდით" - სანიოლი ბულგარეთთან გამარჯვებაზე

ბულგარეთის ნაკრებთან 2:5 გამარჯვების შემდეგ, საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა მატჩისწინა პრესკონფერენცია გამართა და განვილილი შეხვედრა შეაფასა.

რა თქვა სანიოლმა:

გუშინ ვისაუბრეთ ჩვენი ფლანგების სიძლიერეზე, მაგრამ პრაქტიკაში ყველაფერი რთულია. შეხვედრის წინ ყველაფერი თეორიულია. ვამაყობ დღევანდელი თამაშით, ჩვენი გუნდით. ბრწყინვალე ბიჭები არიან და მათი მწვრთნელობა ჩემთვის დიდი პრივილეგიაა. მნიშვნელოვანია, რომ ამ დინამიკას სიფრთხილით მოვეკიდოთ, რადგან თუ ყურადღებას მოვადუნებთ შეიძლება ყველაფერი საპირისპიროდ შემოტრიალდეს.

რამდენიმე ცვლილების განხორციელება მოგვიწია, სხვანაირად ვერ გამოდიოდა. ოთხი თამაში გვაქვს ჩასატარებელი და სელექცია აუცილებელია. ოთარ კაკაბაძის შემტევად დაყენება ტაქტიკური გადაწყვეტილება იყო. საჭირო იყო საბა ლობჟანიძის დასვენება, მაგრამ შემდეგ თამაშში უკვე აქტიურად დაგვეხმარება. გვყავს 29 ფეხბურთელი, რომელიც კარგად თამაშობს. დღესაც, ის ფეხბურთელები, რომლებიც შეცვლაზე შემოვიდნენ, არანაირი პრობლემა არ ჰქონიათ და თამაშში აქტიურად ჩაერთნენ. როდესაც გუნდი ასე არის აწყობილი, მწვრთნელობა საკმაოდ იოლია.

თამაშის შემდეგ ანალიზის გაკეთება რთულია, თუმცა შემტევი ფეხბურთი არ არის მხოლოდ სისწრაფე და ტექნიკა, აუცილებელია ფსიქოლოგია და მენტალიტეტი. გვყავდა მოედანზე რამდენიმე ფეხბურთელი, რომელსაც სწრაფად შეეძლო თამაში და ეს კარგადაც გამოვიყენეთ. მთავარია ფსიქოლოგია და თუ მომავალშიც ასე ვითამაშებთ, მაშინ საქმეც უფრო გაგვიადვილდება და წარმატებაც უფრო მეტი იქნება.

პრესინგი მეტოქეზეც არის დამოკიდებული. როდესაც გიბრალტარს ეთამაშები ადვილია პრესინგის თამაში. აქ რომ ჩამოვედი, მთავარი მიზანი იყო სწრაფი ფეხბურთისა და დაცვაში კარგად თამაში. ჩვენი გუნდი უფრო თავდაჯერებულად პრესინგს საკუთარ ნახევარზე თამაშობს და კონტრშეტევებზე კარგად გადადის. ასეთ დროს სივრცეები იხსნება და ყველაფერი შედარებით მარტივი ხდება. იმ დავალებას, რომელსაც ფეხბურთელები მწვრთნელისგან იღებენ, მოედანზე სიამოვნებით ასრულებენ.

15 თვის წინ, როდესაც გუნდში მოვედი იგივე ამოცანა მქონდა, როგორც ყველა მწვრთნელს. უნდა გამეცნო ფეხბურთელები. ამ პროცესში ბევრმა ფეხბურთელმა დატოვა ნაკრები და ამავდროულად, ბევრი ახალგაზრდაც გამოჩნდა. აუცილებელია, რომ გუნდში იყოს გამოცდილი და ახალგაზრდა ფეხბურთელების ნაზავი. იყო კონკრეტულად გამოსარჩევი მატჩები, მაგალითად შვედეთთან. დღესაც საუკეთესო საღამო იყო, შეგვიძლია ვიზეიმოთ. ფეხბურთელებსაც ვუთხარი, რომ დღეს იზეიმონ, ხვალიდან კი ჩრდ. მაკედონიასთან მატჩისთვის უნდა დავიწყოთ მომზადება.

ტრანსფერი ფეხბურთელის პირადი გადაწყვეტილებაა. მიქაუტაძემ იცის რასაც ვითხოვ და მან ეს ბოლო თამაშებში აჩვენა. ის რადიკალურად განსხვავებული იყო სექტემბრის თამაშებისგან. სად გადავა მისი გადაწყვეტილებაა.  თუ კარგად ითამაშებს, ის ჰალშიც და სხვა ნებისმიერ კლუბშიც წარმატებული იქნება.

ქართველი გულშემატკივრები 90 წუთის მანძილზე მხარს გვიჭერდნენ. ფეხბურთელებმა ეს იცოდნენ, ესმოდათ. მოხარული ვარ, რომ ისინი გავახარეთ და ვეცდებით, მაკედონიაშიც იგივე ვქნათ.

შეგახსენებთ, რომ ვილი სანიოლის გუნდს ერთა ლიგის მიმდინარე სეზონში ორიდან ორი მოგება აქვს და სატურნირო ცხრილს 6 ქულით, ერთპიროვნულად ლიდერობს. გათამაშების პირველ ტურში ქართველმა ფეხბურთელებმა 2 ივნისს გიბრალტარი 4:0 დაამარცხეს, მომდევნო მატჩი კი 9 ივნისს, კვლავ სტუმრად ჩრდ. მაკედონიის ნაკრებთან ელით.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები