ამერიკული ტურნე -
Aa
Aa

ამერიკული ტურნე - "ბორჯღალოსნების" რაზმი აშშ-სთან

ბორჯღალოსნების მთავარმა მწვრთნელმა მილთონ ჰეიგმა 2017 წლის ტესტ-სერიის მეორე მატჩისთვის შემადგენლობა დაასახელა.

პირველ მატჩთან შედარებით სასტარტო შემადგენლობაში სამი ცვლილებაა და ორ მათგანს წინ ტრავმები უძღვოდა. შეგახსენებთ, 11 ივნისს, ძლიერ ქარსა და წვიმაში, ბორჯღალოსნებმა ქალგარში კანადა დაამარცხა (13:0). მაშინ პირველსავე ტაიმში დაშავდნენ ბურჯი ანტონ ფეიქრიშვილი და მესამეხაზელი გიორგი თხილაიშვილი.

მათ ნაცვლად აშშ-ს წინააღმდეგ თამაშს იწყებენ ლევან ჩილაჩავა და ვიტო კოლელიშვილი. ორივე მორაგბე ნაკრებს მოგვიანებით შეუერთდა, რადგან მათმა კლუბებმა საფრანგეთში, ტოპ 14-ის ფინალი ითამაშეს და მწვრთნელებმა ადაპტაციისთვის მეტი დრო მისცეს.

მესამე ცვლილება უკანა ხაზს შეეხო. თამაშს გარემარბად იწყებს გიორგი კოშაძე, რომელმაც იოსებ მათიაშვილი შეცვალა.

სამი ახალი სახეა თადარიგშიც. ბადრი ალხაზაშვილის ნაცვლად ჯაბა ბრეგვაძეს შემცვლელად შალვა მამუკაშვილი ეყოლება, თამაშში მოგვიანებით ჩაერთვება ახალგაზრდა ბურჯი თორნიკე მატარაძე, ასევე ახალგაზრდა მესამეხაზელი გიორგი ცუცქირიძე. 

წინა მატჩის მსგავსად, თადარიგში ახლაც 6 მორკინალი, ერთი 9 ნომერი და ერთიც უკანახაზელია.

„კანადასთან გამარჯვების შემდეგ, ახლაც საკმაოდ ძლიერი 23-კაციანი რაზმი დავასახელეთ. თითქმის ყველა პოზიციაზე დიდი გამოცდილების მქონე ბიჭები გვყავს. გარდა ამისა, გიორგი კოშაძეს კიდევ ერთხელ ეძლევა თავის გამოჩენის შესაძლებლობა. ასევვე გვეყოლება ვიტო კოლელიშვილი და ლევან ჩილაჩავა, რომლებსაც ნაკრებში ნოემბრის შემდეგ არ უთამაშიათ“ - ამბობს ჰეიგი შემადგენლობასთან დაკავშირებით. 

მიქაუტაძის 50!

ეს თამაში საიუბილეოა ბორჯღალოსნებისა და ‘მონპელიეს’ მეორეხაზელისთვის - კოტე მიქაუტაძისთვის, რომელიც 50-ე კეპს მოიხვეჭს. მისი სანაკრებო დებიუტი 2010 წელს ბუქარესტში, შოტლანდიის ‘ა’ ნაკრებთან შედგა, 2013 წლიდან კი, ნაკრების უცვლელ წევრად იქცა. განვლილ 49 მატჩში კოტემ 2 ლელო დადო.

ჰეიგი აშშ-სთან მატჩის შედეგს დიდ მნიშვნელობას ანიჭებს:

„ეს მატჩი უდაოდ მნიშვნელოვანია, რათა ზაფხულის ტურნე წარმატებულად ჩაითვალოს. კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ აშშ-სთან პოტენციალი სრულად გამოვაჩინოთ და მეტოქეს ჩვენი თამაში მოვახვიოთ. 

„აშშ სწრაფი და ღონიერი გუნდა, რომელსაც ბურთით სწრაფი თამაში უყვარს, ისევე, როგორც ჩვენ. გააზრებული გვაქვს მეტოქის სუსტი და ძლიერი მხარეები და ახლა ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული - ჩვენი თამაში უნდა ვითამაშოთ და გავაკონტროლოთ ის, რისი გაკონტროლებაც ჩვენს ძალებშია“.

ერთი კვირის წინ აშშ ნიუ ჯერსიში ირლანდიას ეთამაშა და 19:55 დამარცხდა.

ცხელი ამბები