NBA, გოგა ბითაძე, ზაზა ფაჩულია
Aa
Aa

„ის უფროსი ძმაა, რომელიც მუდამ გვერდში მიდგას“ - გოგა ბითაძემ ფაჩულიაზე ისაუბრა

„ინდიანა პეისერსის“ ქართველმა კალათბურთელმა, გოგა ბითაძემ Indystar-თან განვლილი სეზონი შეაჯამა და ასევე, NBA-ს ისტორიაში საუკეთესო ქართველ კალათბურთელზე, ზაზა ფაჩულიაზე ისაუბრა:

„ზაზა ფაჩულიას დამსახურებით გაიგო მთელმა მსოფლიო, რომ საქართველოს არაერთი კარგი კალათბურთელი ჰყავს. ბავშვობაში ზაზას თამაშებისთვის რომ არ მიმედევნებინა თვალი, ალბათ ვერც ვიფიქრებდი, რომ აქ მოხვედრა შემეძლო. მან აქ უმაღლეს დონეზე თამაში შეძლო და „უორიორზთან“ ერთად ორჯერ მოიგო ჩემპიონის ბეჭედი. ზაზამ ეს გააკეთა, ის საუკეთესო კალათბურთელია საქართველოს ისტორიაში. როდესაც გოლდენ სტეიტთან გასვლით მატჩი გვაქვს, თამაშის შემდეგ ყოველთვის ერთად გავდივართ და სადმე საჭმელს ვჭამთ. ის დიდი ძმაა... ზოგადად, NBA-ში ბევრი ქართველი არ ვართ, ამიტომ ყველა ვიცნობთ ერთმანეთს, დიდი ოჯახივით ვართ“, - ამბობს გოგა.

შეგახსენებთ, რომ გოგა ბითაძე ინდიანამ დრაფტში მე-18 ნომრად 2019 წელს აირჩია, ზაზა ფაჩულიამ კი NBA-ში კარიერა 2003 წელს დაიწყო, როდესაც ორლანდომ დაფტზე 42-ე ნომრად აიყვანა. ზაზამ პროფესიონალური კარიერა 2018 წელს დაასრულა, თუმცა, ამის მიუხედავად, გოგა ბითაძე ამბობს, რომ მას და ფაჩულიას ერთმანეთთან დღემდე აქტიური კავშირი აქვთ.

22 წლის კალათბურთელს ინდიანასთან კონტრაქტი მომავალ სეზონში ეწურება. კლუბს შეუძლია გოგას კიდევ ერთი მრავალწლიანი კონტრაქტი შესთავაზოს, თუმცა ყველაფერი იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ როგორ წარმოაჩენს გოგა საკუთარ შესაძლებლობებს მომდევნო სეზონში. ამასთან დაკავშირებით ქართველი კალათბურთელი ამბობს, რომ ფაჩულიამ მას არაერთი რჩევა მისცა და სწორი გადაწყვეტილების მიღებაში ეხმარება.

„ის სულ მეუბნებოდა, რომ NBA-ში მოხვედრა რთული იყო, დარჩენა კი კიდევ უფრო რთული. სიმართლე გითხრათ, ეს გონებაში ჩამრჩა და დღემდე მახსენებს თავს. ის ამას 12-13 წლის ასაკიდან მეუბნებოდა“.

გოგას ინდიანამ NBA-ს 2021/22 წლების სეზონი დაასრულა, ქართველმა კალათბურთელმა კი ბოლო ათ მატჩში ამერიკულ კარიერაში საუკეთესო შედეგი აჩვენა: საშუალოდ 15.8 ქულა, 6.5 მოხსნა, 2.3 პასი და 1.4 ბლოკი.

22 წლის კალათბურთელი იმედოვნებს, რომ ბოლო თამაშებში მისი შედეგიანი თამაშით ეროვნული ნაკრებიც იხერიებს, რომელსაც ზაფხულში მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ორი მატჩი ელის.

„ზაფხულში ჯერ მსოფლიო ჩემპიონატის ორი თამაში გვაქვს, შემდეგ კი ევრობასკეტი იწყება, რომელიც ისტორიაში პირველად საქართველოშიც ჩატარდება“, - აცხადებს კალათბურთელი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მამუკელაშვილის ისტორიული მატჩი NBA-ში - 28 ქულა, 13 მოხსნა და 4 ასისტი კლივლენდთან
მამუკელაშვილის ისტორიული მატჩი NBA-ში - 28 ქულა, 13 მოხსნა და 4 ასისტი კლივლენდთან