ბაიერნი VS ვილიარეალი - მატჩის წინ
ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში განმეორებითი დაპირისპირებების დროა. მიუნხენის „ბაიერნი“ „ვილიარეალს“ უმასპინძლებს. ამ მატჩთან დაკავშირებით, CrystalSport ყველა საინტერესო და საჭირო დეტალს ერთ სივრცეში გთავაზობთ.
„ბაიერნი“
„რეკორდმაისტერი“ აღნიშნულ დაპირისპირებას კარგ ხასიათზე ხვდება. ნაგელსმანმა ბუნდესლიგის უკანასკნელ ტურში, ძალების დაზოგვით „აუგსბურგი“ საკუთარ კედლებში 1:0 დაამარცხა და სატურნირო ცხრილში ლიდერობა განიმტკიცა. ერთადერთი გოლი რობერტ ლევანდოვსკიმ გაიტანა.
მიუხედავად ამისა, დღეს გავრცელებულმა ინფორმაციამ შესაძლოა „ბაიერნის“ მესვეურები ააფორიაქოს და კლუბზე ცუდი გავლენა მოახდინოს. სხვადასხვა გავლენიანი გამოცემების ცნობით, პოლონელმა თავდამსხმელმა „რეკორდმაისტერის“ ხელმძღვანელობას განუცხადა, რომ „ბარსელონაში“ გადასვლას აპირებს და კონტრაქტს არ გაახანგრძლივებს.
დანაკლისი:
მიუნხენელებს „ვილიარეალთან“ მატჩში ჩუპო-მოტინგი, სარი, ტოლისო და ნიკლას ზიულე არ ეყოლება.
რა თქვა ნაგელსმანმა მატჩის წინ?
„პირველ მატჩში ძალიან ბევრი შეცდომა დავუშვით. მათ კი მხოლოდ ერთი - ცოცხლები დაგვტოვეს და მეორე თამაშს აზრი აქვს. „ვილიარეალს“ ამის გამო დავსჯით. ჩემს გუნდს მტკიცე ხასიათი აქვს და შესანიშნავი ფეხბურთელები ჰყავს. როდესაც პირველ თამაშს ვაგებთ, შემდეგ ჩვენთან ხუმრობა არ ღირს. პირველი მატჩის შემდეგ, შედეგზე მეტად თამაშის ხარისხით ვიყავი უკმაყოფილო. საუკეთესო ის არის, რომ მხოლოდ 0:1 წავაგეთ.
როგორ შემოვატრიალებთ დუელს? გაცილებით დიდი ინტენსივობით უნდა ვითამაშოთ. ჩემი მოთამაშეები „ბაიერნში“ დიდი ხანია თამაშობენ და ასეთ სიტუაციებს მიჩვეულები არიან. ფსონები საკმაოდ მაღალია და დიდი ინვესტიცია უნდა ჩავდოთ. ყველა ფეხბურთელი საუკეთესო ფორმაში არ არის და ეს ნორმალურია. სეზონი საკმაოდ გრძელია და გამუდმებით იდეალურ კონდიციებში ვერ იქნები.“

„ვილიარეალი“
„ყვითელი წყალქვეშა ნავი“ ლა ლიგაში არასტაბილურად გამოიყურება და ახლა მათი მთავარი მიზანი ევროპის ლიგის ზონაში მოხვედრაა. უკანასკნელ ტურში, ემერის გუნდმა „ბილბაოს“ უმასპინძლა. ესპანელმა სპეციალისტმა ძირითადი შემადგენლობის ყველა ფეხბურთელი დაასვენა, თუმცა მაინც არ წააგო. მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა.
დანაკლისი:
ამ მხრივ, უნაი ემერის პრობლემები არ აქვს. „ბაიერნთან“ მხოლოდ ალბერტო მორენო არ იქნება. სხვა მხრივ, „ვილიარეალი“ სრულ მზადყოფნაშია.
რა თქვა ემერიმ მატჩის წინ?
„ამ ეტაპზე ყოფნა კარგია, მაგრამ მე უფრო მეტი მსურს. რეალურად, საკმაოდ რთულ მატჩს ველოდები. ვცდილობ, მაქსიმალურად დავეხმარო ჩემს ფეხბურთელებს, რომ საუკეთესოდ ითამაშონ. ვფიქრობ, „იუვენტუსთან“ შედარებით, რადიკალურად განსხვავებულ და რთულ თამაშს ვიხილავთ. დაცვაში და შეტევაში მაქსიმალურად ყურადღებით უნდა ვითამაშოთ.
გვესმის, რომ „ბაიერნთან“ მატჩში ძალიან დავიღლებით და ბურთი ხშირად არ გვექნება, თუმცა ჩემმა მოთამაშეებმა კარგად იციან, თუ როგორ უნდა გაართვან თავი ასეთ სიტუაციებს. მოწინააღმდეგეს დიდი პატივი უნდა ვცეთ. ანალოგიურ დამოკიდებულებას „ბაიერნისგანაც“ ვგრძნობ. „რეკორდმაისტერი“ სახლში ბევრი გოლის გატანას არის მიჩვეული და ეს ნორმალურია.
ფეხბურთი მეტწილად გრძნობებზეა დამოკიდებული. ჩემი ფეხბურთელები გრძნობენ, რომ ამ გუნდის ისტორიას წერენ და ბედნიერები არიან. ისინი „ვილიარეალით“ ამაყობენ. ყველამ უნდა იამაყოს, რომ ჩვენი გუნდი ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში მიუნხენში გამარჯვებულის სტატუსით ჩადის.“

პირველი მატჩი ესპანეთში
შეგახსენებთ, რომ ამ გუნდების პირველი დაპირისპირება „ვილიარეალმა“ დანჯუმას ერთადერთი გოლის წყალობით მოიგო. მატჩის 41-ე წუთზე ფრენსის კოკლენმა ულამაზესი გოლი გაიტანა, თუმცა თამაშგარე მდგომარეობის გამო არ ჩაითვალა. ცნობისთვის, „ბაიერნისა“ და „ვილიარეალის“ განმეორებითი შეხვედრა 12 აპრილით თარიღდება და თბილისის დროით 23:00-დან დაიწყება.