დებიუტი და საგოლე პასი - წიტაიშვილის კარგი მატჩი ვისლაში
Aa
Aa

დებიუტი და საგოლე პასი - წიტაიშვილის კარგი მატჩი ვისლაში

პოლონეთის ექსტრაკლასის 28-ე ტურში კრაკოვის „ვისლამ“ „გორნიკს“ უმასპინძლა და მარტივად 4:1 დაამარცხა. ქართველი გულშემატკივრებისთვის ეს შეხვედრა ინტერესს იწვევდა, რადგან „ვისლაში“ სულ ცოტა ხნის წინ გიორგი წიტაიშვილი გადავიდა.

„ჯვაროსნების“ შემტევი ძირითად შემადგენლობაში არ მოგვევლინა, თუმცა ის მინდორზე მე-60 წუთზე გამოჩნდა და ზუსტად 7 წუთში თანაგუნდელს საგოლე გადაცემა გაუკეთა. იმ დროს ანგარიში ჯერ კიდევ 1:1 იყო.

შეგახსენებთ, გასულ ზაფხულში წიტაიშვილი კიევის „დინამოსთან“ ერთად ფრანგულ შეკრებაზე იმყოფებოდა, თუმცა მირჩა ლუჩესკუსთან მისი თანამშრომლობა არ შედგა, რის შემდეგაც გიორგი იჯარით ოდესურ კლუბს, „ჩერნომორეცს“ შეუერთდა. გასაგები მიზეზების გამო, უკრაინის ჩემპიონატი დროებით შეწყვეტილია.

წიტაიშვილი, რომელიც ისრაელის ქალაქ რიშონ ლეციონშია დაბადებული, კიევის „დინამოს“ აღზრდილია და კლუბთან კონტრაქტი 2025 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს. მას იჯარით „ვორსკლასა“ და „ჩერნომორეცში“ უთამაშია. 2021-22 წლების სეზონში ოდესურ კლუბში ჩემპიონატისა და თასის ჩათვლით 15 მატჩი ჩაატარა და 1 გოლი შეაგდო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები