ლევან მჭედლიძე: ,,ბავშობიდან დღემდე, მთელი ცხოვრების განმავლობაში, რეალის გულშემატკივარი ვარ
Aa
Aa

ლევან მჭედლიძე: ,,ბავშობიდან დღემდე, მთელი ცხოვრების განმავლობაში, რეალის გულშემატკივარი ვარ"

ფეხბურთის გულშემატკივარს ევროპული საღამოები დაუბრუნდა. ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში საინტერესო მატჩების მოლოდინში ვართ, თუმცა კიდევ უფრო საინტერესო იქნება, საბოლოოდ, რომელ გუნდებს არ გაასწრებს პარიზის სტად დე ფრანსზე მიმავალი მატარებელი.

აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით CrystalSport-მა საქართველოს ეროვნული ნაკრების, საქართველოს კრისტალბეთ ეროვნული ლიგისა და ლეგიონერების აზრი მოისმინა. თითოეულ მათგანს ფავორიტსა და ჩემპიონთა ლიგის შესაძლო ფინალისტზე ვკითხეთ.

საინტერესო საუბარი წარიმართა ქუთაისის ტორპედოს თავდამსხმელთან. ლევან მჭედლიძე, რომელიც რეალ მადრიდს გულშემატკივრობს, იმედიანადაა განწყობილი.

ლევან მჭედლიძე (ტორპედო ქუთაისი)

,,პირველი შეხვედრა სიტიმ მინიმალური სხვაობით მოიგო (1-0) და მოედანზე მეტოქე აშკარად დაჩაგრა, თუმცა სიმეონე მადრიდში ძალიან საშიშია, ამიტომ სენსაციურ პროგნოზზე წავალ და ვიტყვი, რომ შემდეგ ეტაპზე ატლეტიკო გავა. შეიძლება ატლეტიკო ისეთი საშიში აღარ არის, როგორც ეს წლების წინ იყო, თუმცა სიტის მძიმე შეხვედრა ელოდება.  სიტის ფეხბურთი ყველას სიამოვნებს, თუმცა მგონია, რომ ატლეტიკო ,,ბინძური" ფეხბურთით მიზანს მაინც მიაღწევს.

ბენფიკა-ლივერპულის წყვილში თავიდანვე უდავო ფავორიტი ლივერპული იყო. მერსისაიდელები მეტოქეს სახლშიც მარტივად მოუგებენ, რადგან ბენფიკა იდეალურ ფორმაში ნამდვილად არ არის და რომც იყოს, ლივერპული მაინც ლივერპულია.

ვილიარეალი-ბაიერნის წყვილზე ბენფიკა-ლივერპულის იდენტური შეხედულება მაქვს. ბაიერნი მოიგებს სტუმრადაც, იმიტომ, რომ მართლაც გერმანული ,,მანქანაა". როგორც რეალის გულშემატკივარს ბაიერნი არასოდეს მომწონდა, თუმცა , როგორც ფეხბურთელს, შეუძლებელია ეს გუნდი არ მიზიდავდეს: მიდგომები, თამაშის სტილი -  ყველანაირიად დიდი გუნდია.

უნდა ითქვას - ბენფიკასგან განსხვავებით ვილიარეალის პლუსი ისაა, რომ გუნდურ შთაბეჭდილებას ნამდვილად ტოვებს. ასე ვთქვათ, ვილიარეალს ბაიერნისთვის უფრო შეუძლია ,,კბენა", ვიდრე ბენფიკას - ლივერპულისთვის.

ბავშობიდან დღემდე, მთელი ცხოვრების განმავლობაში, რეალ მადრიდის გულშემატკივარი ვარ. ვფიქრობ, რომ ჩელსის გარშემო ის არეულობა რომ არ იყოს, რაც ამ გუნდს თავს მოულოდნელად დაატყდა, რეალისთვის ძალიან რთული მატჩი იქნებოდა. რთული ახლაც არის, რადგან მძიმე სიტუაციით ასეთი გუნდის დაშლა მაინც წარმოუდგენელია. ისიც უნდა ითქვას -  ჩელსის ბოლო ტურებში დაეტყო, რომ არსებულმა სიტუაციამ მასზე გარკვეული კვალი დატოვა. ამიტომ, რეალისკენ ვიხრები, რომელსაც ამ პრესტიჟულ საკლუბო ტურნირზე უდიდესი გამოცდილება აქვს. ეს გუნდი იმდენი გამოცდილი ფეხბურთელითაა დაკომპლექტებული, რთულ სიტუაციაში მათ სწორედ ეს გამოცდილება ეხმარება. მიმაჩნია, რომ რეალი ჩელსის ბარიერს იმაზე მარტივად გაივლის, ვიდრე ბევრს წარმოუდგენია -  ლონდონში რეალი არა თუ არ წააგებს, შეიძლება, მოიგოს კიდეც.

ბენზემასი ყველას უნდა ეშინოდეს. ამ ფეხბურთელის გულშემატკივარი ვარ, რეალს ფრანგი ძალიან უხდება. პირადად მე, მისი თამაშისგან უდიდეს სიამოვნებას ვიღებ".

აღსანიშნავია, რომ გასულ ზაფხულს CrystalSport-ის ,,საგოლე გადაცემის" პირველი გადაცემის სტუმარი სწორედ ლევან მჭედლიძე იყო. მაშინ ლევანმა გულშემატკივარს საკუთარი აზრი გააცნო და აღნიშნა, რომ ევრო 2020-ს იტალია მოიგებდა, რაც საბოლოოდ, სწორი პროგნოზი აღმოჩნდა.

აქვე შეგახსენებთ, რომ UEFA-ს აღმასრულებელი კომიტეტის გადაწყვეტილებით, 2021-22 წლების ჩემპიონთა ლიგის ფინალი სანქტ. პეტერბურგის ნაცვლად პარიზში, სტად დე ფრანსზე (ტევადობა:  81,338), 28 მაისს გაიმართება.

რუსეთს ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის მასპინძლობა უკრაინაში განხორციელებული საომარი მოქმედებების გამო ჩამოერთვა. რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, კიევის დროით 05:00 საათზე, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის კიევის, დაბომბვით დაიწყო, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კი ქვეყანაში საომარი მდგომარეობა გამოაცხადა. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ისტორიული მაჩვენებლები | რა შეცვალა ხვიჩას ტრანსფერმა ეროვნული ლიგის ისტორიაში
ისტორიული მაჩვენებლები | რა შეცვალა ხვიჩას ტრანსფერმა ეროვნული ლიგის ისტორიაში