პლეიოფი ლებრონის გარეშე - მეფემ ლეიკერსს ნიუ ორლეანთანაც ვერ უშველა
Aa
Aa

პლეიოფი ლებრონის გარეშე - მეფემ ლეიკერსს ნიუ ორლეანთანაც ვერ უშველა

ლებრონ ჯეიმსის „ლეიკერსი“ მიმდინარე სეზონში 43-ედ დამარცხდა. გამთენიისას, „მეფე“ და კომპანია „ნიუ ორლეან პელიკანსს“ დაუპირისპირდნენ და უშუალო კონკურენტთან 108:116 წააგეს. ლებრონი კვლავინდებურად მოწოდების სიმაღლეზე იყო, მაგრამ საკუთარი გუნდი მარცხს ვერც ამ შეხვედრაში გადაარჩინა. ჯეიმსი ორივე გუნდის რიგებში საუკეთესო გახლდათ და აქტივში 39 ქულა, 9 მოხსნა, 5 შედეგიანი გადაცემა და 1 დაფარება ჩაიწერა.

მიმდინარე სეზონში „მეფემ“ მე-17 თამაში წააგო, რომელშიც მინიმუმ 30 ქულა ჰქონდა. ამ მაჩვენებლით ლებრონი NBA-ში პირველია და „ოკლაჰომა სითი თანდერის“ ვარსკვლავს, შეი გილჯეს-ალექსანდერს 1 მატჩით უსწრებს, თუმცა აღსანიშნავია, რომ მათ გარდა, 9-ზე მეტი ასეთი თამაში არავის აქვს. აღსანიშნავია ისიც, რომ მატჩის მიმდინარეობისას ლებრონმა კოჭი დაიზიანა. „მეფეს“ პარკეტი არ დაუტოვებია, მაგრამ განაცხადა, რომ ტრავმის გამო ისეთივე ფეთქებადი ვეღარ იყო და მოუწია, აქცენტი პერიმეტრიდან გაშვებულ სროლებზე გაეკეთებინა.

ლებრონის გარდა, „ლეიკერსის“ რიგებში 10-ქულიანი ნიშნული მხოლოდ მალიკ მონკმა და რასელ უესტბრუკმა გადალახეს. ამ უკანასკნელს 18 ქულა ჰქონდა, მონკმა კი 23 ქულა მიითვალა. „პელიკანსს“ ბრენდონ ინგრემმა ულიდერა - 26 ქულა, 7 მოხსნა. ვალანჩუნასმა ორმაგი დუბლი გააკეთა - 19 ქულა, 12 მოხსნა, სი ჯეი მაკკოლუმის ანგარიშზე კი 18 ქულა იყო.


ცნობისთვის, „ლეიკერსს“ 31 მოგება და 43 წაგება აქვს. ლებრონ ჯეიმსის გუნდი მე-10 გახლავთ და „სან ანტონიო სპურსს“ მხოლოდ 1 გამარჯვებით უსწრებს. „ლეიკერსის“ მთავარი პრობლემა ისაა, რომ ლოს ანჯელესელებს ურთულესი კალენდარი აქვთ და „დალასთან“, „იუტასთან“, „დენვერთან“, „ფინიქსთან“ და „გოლდენ სტეიტთან“ დარჩათ სათამაშო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ყატარი 2022 - როგორ ჩატარდება მსოფლიო ჩემპიონატის კენჭისყრა
ყატარი 2022 - როგორ ჩატარდება მსოფლიო ჩემპიონატის კენჭისყრა