ყველაზე კაშკაშა დრიბლიორი, ვინც დასკვნით ფაზაში ცდებოდა - OPTA-ს ანალიზი ხვიჩაზე
Aa
Aa

ყველაზე კაშკაშა დრიბლიორი, ვინც დასკვნით ფაზაში ცდებოდა - OPTA-ს ანალიზი ხვიჩაზე

ხვიჩა კვარაცხელიამ ყაზანის ''რუბინი'' დატოვა, კარიერას ბათუმის ''დინამოში'' გააგრძელებს. ავტორიტეტული იტალიელი ჟურნალისტი ალფრედო პედულა წერდა, რომ კვარაცხელიას გადაბირება „ნაპოლის“ სურს, ნეაპოლში მას ლორენცო ინსინიეს შემცვლელად მოიაზრებენ, თუმცა ყველაფერი მოულოდნელად განვითარდა, კვარაცხელია დროებით ბათუმის ''დინამოში'' ითამაშებს. რუსეთის მიერ უკრაინაში განხორციელებული ინტერვენციის შემდეგ რუსული ფეხბურთის დასჯამ კვარაცხელია რუსულ ფეხბურთს შესაძლოა დროებით, მაგრამ მაინც დააშორა.

ამ გარიგებასთან დაკავშირებით, ახლახანს, თბილისის ''დინამოს'' მთავარმა მწვრთნელმა კახა ცხადაძემ გადაცემაში ''სპორტი იმედზე'' ხვიჩას შესახებ ისაუბრა.

''ხვიჩა დღეს არც ერთ ქართულ კლუბში არ უნდა თამაშობდეს. ქართულ კლუბებს არ ვაკნინებ, ფეხბურთელის დონიდან გამომდინარე ვსაუბრობ. 1 ნაბიჯი უკან და 10 ნაბიჯი წინ - დარწმუნებული ვარ ასე იქნება''.

რუსული Sports.ru კვარაცხელიასთან დაკავშირებით OPTA-ს საინტერესო სტატისტიკას აქვეყნებს, რომელიც ფეხბურთელის რუსეთის ჩემპიონატში გამოსვლას ეხება. 2019 წლის ზამთრიდან მიმდინარე თვის ჩათვლით ფეხბურთელი რუსეთში თამაშობდა, ყველაზე წარმატებულად 2020-21 წლები სეზონი ჩაატარა.

სიომინის ცრემლები

2019 წელს სიომინმა ხვიჩა ალექსეი მირანჩუკის შემცვლელად დაინახა, თუმცა მოსკოვის ''ლოკომოტივმა'' ქართველი მოთამაშე არ შეიძინა. როგორც ხვიჩას მამა, ბადრი კვარაცხელია აღნიშნავს, მისი შვილის დამატებით პერსონალურად იური სიომინი იყო დაინტერესებული.

მოსკოვის ''ლოკომოტივში'' ხვიჩას დებიუტი ''ანჟისთან'' შედგა, 86-ე წუთზე გამოჩნდა მინდორზე, ფარფანი შეცვალა. შემდეგ სიომინმა ხვიჩას სათამაშო დრო გაუზარდა. მიუხედავად იმისა, რომ კლუბი ჩემპიონობისთვის იბრძოდა, მოსკოვის ''დინამოსთან'' დიდი დრო მიიღო, ''ზენიტთან'' კი სასტარტოში მოხვდა. მაშინ 18 წლის იყო, გამოუცდელი, 11-ეულში კი მასთან ერთად გაცილებით გამოცდილი მოთამაშეები იყვნენ (ჩორლუკა, ედერი, კრიხოვიაკი, ძმები მირანჩუკები).

2019 წლის გაზაფხულზე ''ლოკოში'' მხოლოდ 1 გოლი შეაგდო, ''რუბინს'' გაუტანა, თუმცა სიომინს მასთან გრძელვადიანი კონტრაქტის გაფორმება ძალიან სურდა. საბოლოოდ, ხვიჩამ კლუბი დატოვა და კარიერა ''რუბინში'' გააგრძელა. ეს სიომინმა კლუბის ხელმძღვანელებს არ აპატია. როგორც რუსული მედია წერდა, სიომინი ტიროდა, როცა ხვიჩა მოსკოვურ გუნდს ტოვებდა. რუსი სპეციალისტი თვლიდა, რომ მისი შეძენა იაფი დაჯდებოდა. მეორე მხრივ მას ალექსეი მირანჩუკის შეცვლა შეეძლო. 2020 წელს ''ლოკომ'' რუსი შემტევი ბერგამოს ''ატალანტაში'' 15 მილიონ ევროდ გაყიდა.

იმ პერიოდში მოსკოვის ''ლოკომოტივის'' გენერალური დირექტორი ვასილ კიკნაძე იყო, რომელმაც კვარაცხელიასთან დაკავშირებით ვრცლად ისაუბრა:

"ხვიჩას ინტერესები აგენტებმა შეიწირეს. ჩვენ თანამშრომლობის გაგრძელებაზე შეთანხმებული ვიყავით. სიომინი მას ხედავდა, როგორც მომავალ ვარსკვლავს. ხვიჩას ვერ დავადანაშაულებ. მისმა აგენტებმა უცბად ფულის შოვნა გადაწყვიტეს, დამნაშავეები სწორედ ისინი არიან.

საჭირო იყო შეთანხმების უფრო მკაცრად შესრულება მომეთხოვა, მაგრამ ასე არ მოვიქეცი, რასაც ახლა ვნანობ. ჩემპიონთა ლიგა, კეთილგანწყობილი მწვრთნელი, შესანიშნავი ურთიერთობა გუნდში, კვირკველიას ფაქტორი. მას შეეძლო ''ლოკომოტივში'' სუპერვარსკვლავი გამხდარიყო. სამწუხაროდ, ის წავიდა''.

მოსკოვის ''ლოკომოტივთან'' მოლაპარაკების დეტალები ხვიჩა კვარაცხელიამ Sport24-თან ინტერვიუში 2019 წლის ივლისში გაიხსენა, როცა ''რუბინში'' ახალი გადასული იყო.

''ლოკომ'' შემომთავაზა კონტრაქტი 1+3 სისტემით, ეს ჩემთვის მიუღებელი იყო. პირველ სეზონში ტრავმის მიღების შემთხვევაში კლუბს შეეძლო კონტრაქტი 3 წლით არ გაეხანგრძლივებინა. ტრავმირებული უკლუბოდ აღმოვჩნდებოდი. ასეთი ხელშეკრულებები იმ ფეხბურთელებთან ფორმდება, რომლებიც გუნდში სინჯებზე მოდიან. მე ხომ სინჯებზე არ ვიყავი.

რაც შეეხება ''რუბინს'', კლუბმა თავიდანვე ხუთწლიანი კონტრაქტი შემომთავაზა. ნებისმიერ შემთხვევაში ხუთ წელს ''რუბინში'' გავატარებდი, ტრავმის მიღების შემთხვევაში უკლუბოდ დარჩენა არ მომიწევდა, გაურკვევლობა გამოირიცხა. მამუკა ჯუღელთან და ოჯახის წევრებთან საუბრის შემდეგ არჩევანი ''რუბინზე'' შევაჩერე''.

''რუბინში'' ხვიჩა კვარაცხელიას დებიუტი ბრწყინვალე იყო. რუსეთის ჩემპიონატის პირველ ტურში მოსკოვის ''ლოკომოტივი'' ალექსეი მირანჩუკის გოლით ''რუბინს'' ამარცხებდა. 66-ე წუთზე დავითაშვილი კვარაცხელიამ შეცვალა. 76-ე წუთზე კვარაცხელიამ ექს-კლუბს შეუგდო და ''რუბინი'' მარცხისგან იხსნა, რომელსაც იმ პერიოდში რომან შარონოვი წვრთნიდა. 

შარონოვთან დაკავშირებით რუსული მედია აღნიშნავს, რომ მისი მწვრთნელობისას ''რუბინის'' ტაქტიკური მონახაზი ხშირად იცვლებოდა, რაც კლუბის სტაბილურ თამაშზე უარყოფითად მოქმედებდა. კარგი დებიუტის მიუხედავად ხვიჩა რომან შარონოვის ფავორიტ მოთამაშედ ვერ იქცა. 

შარონოვი: ''რუბინში'' მუშაობისას საზოგადოებისთვის გაუგებარი იყო თუ რატომ არ თამაშობდა ხვიჩა ხშირად, თუმცა მე მასთან ინდივიდუალურად ბევრს ვმუშაობდი. გუნდში ვიყავი, არსებულ ვითარებას კარგად ვხედავდი და იმ ფაქტს, რომ მეტი სათამაშო დრო არ ეძლეოდა, ნორმალურად ვთვლიდი. ხვიჩა და ზურიკო ინდივიდუალურად ძლიერი ფეხბურთელები არიან. ფიზიკური მომზადების კუთხით დავითაშვილი შედარებით სუსტია, თუმცა ხვიჩასთან შედარებით ხაზებს შორის ფეხბურთი უკეთ ესმის.

კვარაცხელია ბრწყინვალე ფეხბურთელია ახლაც და იმ სეზონშიც ასეთი იყო. მაშინ ზურიკოს იმიტომ ვამჯობინებდით, რომ უკეთეს ფორმაში იყო, ხვიჩას კი სულ მეტოქის მოტყუება უნდოდა. მის მიერ ბურთის დაკარგვა ჩვენთვის დიდ პრობლემას წარმოადგენდა და კონტრშეტევას ვუშვებდით. ახლა სხვა ვითარებაა. როცა ხვიჩა ბურთს კარგავს, ართმევაზე თამაში სხვა ფეხბურთელებს შეუძლიათ. როცა ''რუბინს'' ვწვრთნიდი, სხვა ვითარება იყო, ჩვენი მიდგომის მიხედვით  შეტევაზე მთელი გუნდი გადადიოდა და თავსაც მთელი გუნდი იცავდა''.

როცა შარონოვი სლუცკიმ შეცვალა, ხვიჩას როლი გაიზარდა

''ლოკომოტივთან'' დებიუტის შემდეგ ხვიჩა კვარაცხელიას 14-მატჩიანი უგოლო სერია ჰქონდა. მე-18 ტურში ''ახმატს'' გაუტანა და მალევე შარონოვი ლეონიდ სლუცკიმ შეცვალა. მაშინ როცა შარონოვი ქართველ ტალანტს ხშირად არ ათამაშებდა, სლუცკიმ დიდი ნდობა გამოუცხადა, რაც ფეხბურთელის პროგრესის ერთ-ერთ საფუძვლად იქცა.

2019-20 წლების სეზონში, 2019 წლის დეკემბერში ''რუბინმა'' შარონოვი გაუშვა და მას შემდეგ გუნდს ლეონიდ სლუცკი ხელმძღვანელობს. 2018-19 წლების სეზონი ხვიჩა კვარაცხელიასთვის ორ ნაწილად იყოფა: დეკემბრამდე (შარონოვის პერიოდი) და დეკემბრის შემდეგ, როცა სლუცკის კლუბში მოსვლას ქართველი ფეხბურთელის როლის მნიშვნელოვნად გაზრდა მოყვა.

შარონოვმა ''რუბინს'' 19 ტური უხელმძღვანელა. ამ პერიოდში ხვიჩამ 631 ტური ითამაშა, 2 გოლი შეაგდო, 1 საგოლე პასი შეასრულა და 1 საკვანძო გადაცემა ჩაიწერა აქტივში. საშუალოდ ყოველ შეხვედრაში 3,28 დარტყმასა და ერთ საკვანძო გადაცემას ასრულებდა. 

სლუცკის ხელმძღვანელობით ''რუბინმა'' 11 შეხვედრა გამართა. ხვიჩამ მინდორზე 832 წუთი ითამაშა, მის ანგარიშზე 1 გოლი და 1 საგოლე პასი იყო. საშუალოდ ყოველ შეხვედრაში 3,14 დარტყმასა და 1,19 საკვანძო გადაცემას ასრულებდა. 

xG - შექმნილი საგოლე მომენტის ხარისხი, რამდენად სახიფათო მომენტია. გამოითვლება იმის მიხედვით კონკრეტული პოზიციიდან მატჩის კონკრეტულ ფაზაში გოლის გატანის შანსი რამდენად დიდია.

xA -შესრულებული საგოლე პასის ხარისხი, რამდენად სახიფათოა პასი. გამოითვლება იმის მიხედვით კონკრეტული პოზიციიდან მატჩის კონკრეტულ ფაზაში გოლის გატანის შანსი რამდენად დიდია.

რუსეთის პრემიერ ლიგაში, პირველ სრულფასოვან სეზონში ხვიჩა შესამჩნევი იყო, თუმცა მისი ინდივიდუალური სიკაშკაშა ყოველთვის არ ნიშნავდა ეფექტურობასა და სტაბილურობას, რაზეც ქვემოთ მოცემული სტატისტიკა მეტყველებს.

2019-20 წლების სეზონში ხვიჩას დრიბლინგის შემდეგ მხოლოდ 8 საგოლე შანსი შეიქმნა. ამ მაჩვენებლით ხვიჩა კვარაცხელია რუსეთის ჩემპიონატში 41-ე ადგილზე იყო. საუკეთესო მაჩვენებელი ნიკოლა ვლაშიჩს ჰქონდა, მის დრიბლინგს 32 საგოლე მომენტი მოჰყვა. ამავე სეზონში ზურიკო დავითაშვილის დრიბლინგის შემდეგ 14 საგოლე მომენტი შეიქმნა. დრიბლინგში იგულისხმება მინიმუმ 5-მეტრიანი გარბენი ბურთთან ერთად. ამ სეზონში ხვიჩა არ იყო სტაბილური და ეფექტური.

2020 წლის მარტში შარონოვმა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა. მისი აზრით, ფეხბურთელი მეტოქის მოტყუებას ზედმეტად დიდ დროს უთმობდა, როცა პასი გასაკეთებელი იყო, მაინც დრიბლინგზე მიდიოდა.

შარონოვი: ''როგორც წესი, ხვიჩა მეტოქეს ერთი და იგივე ტემპით ატყუებს. ამაზე ვმუშაობდით, მაგრამ რიტმის შეცვლას დიდი დრო სჭირდება. დრიბლინგს ზედმეტად ხშირად იყენებს, როცა პასია გასაკეთებელი. როცა ვერტიკალურად მოძრაობაა საჭირო, ის მაინც ცრუ მოძრაობებს მიმართავს, მეტოქის მოტყუებას ცდილობს. როცა დრიბლინგის განხორციელება საჭირო არაა, ის მაინც იგივეს აკეთებს''.

2020-21 წლების სეზონი ''რუბინისთვის დეკადაში საუკეთესო იყო. ხვიჩა პრემიერ ლიგის საუკეთესო დრიბლიორი გახდა, როგორც დრიბლინგის განხორციელების მცდელობების რაოდენობით, ასევე წარმატებული დრიბლინგებით. გარდა ამისა, პრემიერ ლიგაში 4 გოლი შეაგდო და 4 საგოლე გადაცემა შეასრულა (საუკეთესო სეზონი კარიერაში).

ასე აღნიშნეს სლუცკიმ და ფეხბურთელებმა 2021 წლის დადგომა, ხვიჩა რუსეთში საუკეთესო სეზონს ატარებდა, მასზე მხოლოდ დადებითს ამბობდნენ და აჟიოტაჟი, რომელიც შემდგომში მის შესაძლო ტრანსფერს ახლდა, ჯერ დაწყებული არ იყო.

წარმატებული დრიბლინგების რაოდენობით კვარაცხელიამ ნიკოლა ვლაშიჩსაც აჯობა, რომელმაც ხვიჩასგან განსხვავებით რუსულ ფეხბურთს თავი დააღწია, 2021 წლის 31 აგვისტოს ''ვესტ ჰემთან'' ხუთწლიანი კონტრაქტი გააფორმა. როგორც ხორვატული მედია წერდა, ვლაშიჩის სანაცვლოდ, საბონუსე სისტემის ჩათვლით, ''ჩაქუჩებთან'' 30 მილიონ ევროიანი გარიგება შედგა, რაც ეწინააღმდეგება იმ ფაქტს, რომ ხვიჩას 20 მილიონ ევროდ გაყიდვა არარეალური იყო.

ხორვატისთვის ინგლისური კარიერა წარუმატებელია, პრემიერ ლიგის მხოლოდ 16 მატჩში ითამაშა, სასტარტოში მხოლოდ ხუთჯერ მოხვდა, 1 გოლი შეაგდო. ''ჩაქუჩებში'' ვლაშიჩთან ერთად მოსკოვის ''სპარტაკის'' მცველი ალექს კრალი დაიმატეს, თუმცა მას ფაქტობრივად თამაში არ უწევს. ამ მაგალითებიდან გამომდინარე, შესაძლოა სიმართლესთან ახლოს იყოს ანზორ კავაზაშვილის შეფასება, მისი თქმით რუსეთის ჩემპიონატის ფეხბურთელები ევროპაში არავის სჭირდება. ცხადია, შესაძლოა ერთმა კონკრეტულმა მოთამაშემ რუსეთის შემდეგ ევროპაში წარმატებით ითამაშოს, თუმცა ამ ტიპის მაგალითები ძალიან იშვიათია.

ანზორ კავაზაშვილი: ''ლეგიონერებს, რომლებიც უცხოეთში ასპარეზობენ, ევროპაში ვერ გამოიყენებენ, ევროპულ კლუბებს სარგებელს ვერ მოუტანენ, იქ ისინი არავის სჭირდება. ჩვენ ძალიან სუსტი ლეგიონერები გვყავს. აქ ნაგავს ყრიან და აგენტებს დიდ თანხას აძლევენ. შეხედეთ, ვლაშიჩსა (''ვესტ ჰემი'') და კრალს (''ვესტ ჰემი''), იქ მათ უკანალით სკამებს ''ახეხინებენ''.

კონკურენტების ფონზე ხვიჩას დრიბლინგებს შედეგიანი გაგრძელება არ მოყვებოდა. ხშირ შემთხვევაში მის დრიბლინგების გაგრძელების შემდეგ გოლი არ გადიოდა, ზოგჯერ ბურთს კარგავდა ან შეტევის ტემპს აგდებდა. მას უჭირდა სწორი გადაწყვეტილებების მიღება მას შემდეგ რაც დრიბლინგს ასრულებდა.

Opta-ს მონაცემების მიხედვით, შედარებისთვის ''რუბინის'' მარჯვენა გარემარბი დენის მაკაროვი 1,5-ჯერ ნაკლებ დრიბლინგს ახორციელებდა, მაგრამ დრიბლინგის შემდეგ კარისკენ 13 დარტყმა შეასრულა, მაშინ როცა ხვიჩამ კარისკენ მხოლოდ 10-ჯერ დაარტყა (2021-22 წლების სეზონი).

ბევრი ფაქტორის გათვალისწინებით 2021-22 წლების რუსული სეზონი ხვიჩასთვის წარუმატებელი გამოვიდა (მარტში კლუბი დატოვა). ყველაფერი ზაფხულიდან დაიწყო, როცა მედია მასზე ძალიან აქტიურად წერდა, მის მიმართ ძლიერ ევროპულ კლუბებს ინტერესი ნამდვილად ჰქონდათ, თუმცა საბოლოოდ, ფეხბურთელი რუსულ კლუბში დარჩა და ამ ფაქტმა მის ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე ძალიან ცუდად იმოქმედა.

მიუხედავად იმისა, რომ ხვიჩასთვის 2021-22 წლების სეზონი წარუმატებლად მიმდინარეობდა, ყაზანური კლუბი პოზიციას არ იცვლიდა, ფეხბურთელს კვლავ 20 მილიონ ევროდ აფასებდა. მიმდინარე წლის თებერვალში, როცა რუსეთის მიერ უკრაინაში ინტერვენცია დაწყებული არ იყო, ''რუბინის'' სპორტულმა დირექტორმა ოლეგ იაროვინსკიმ განაცხადა, რომ ქართველ ფეხბურთელს მხოლოდ 20 მილიონ ევროდ გაყიდიდნენ.

'რომელ გუნდებს ჰქონდათ კვარაცხელიას მიმართ ინტერესი? ბუნდესლიგის ერთ-ერთ საუკეთესო კლუბს. ასევე, პრემიერ ლიგის ორ გამორჩეულ გუნდს, თუმცა საქმე არ მისულა კონკრეტულ წინადადებამდე, საფინალო შემოთავაზებამდე. კონკრეტული წინადადების შემთხვევაში ხვიჩას ასი პროცენტით გავყიდიდით, მაგრამ ასე არ მოხდა. ხვიჩა სუპერტალანტია, რომელიც ძლიერ ევროპულ კლუბში უნდა წავიდეს.

ხვიჩას ვუთხარი, რომ თუ შესაბამისი წინადადება იქნებოდა, მას გავუშვებდით, მაგრამ კონკრეტული არაფერი ყოფილა, თუმცა მედია მასზე ბევრს წერდა და მის ტრანსფერზე წერა მაისში დაიწყეს, როცა კონკრეტული არაფერი იყო.

მისი სატრანსფერო თანხა არ შეცვლილა, მას კვლავ 20 მილიონ ევროდ ვაფასებთ, თუმცა ჩვენ მოლაპარაკებას ყოველთვის და ყველგან ვახერხებთ''.

პრობლემების მიუხედავად ხვიჩა რუსეთის ჩემპიონატის საუკეთესო დრიბლიორად რჩება, თუმცა მიმდინარე სეზონში უშუალოდ თამაშიდან მხოლოდ ერთი გოლი გაიტანა, მისი რამდენიმე კარგი დრიბლინგი კვლავ წარუმატებლად გაგრძელდა, დარტყმისას ბურთი ან მეკარის მიმართულებით მიდიოდა ან დარტყმას სიზუსტე აკლდებოდა.

ხვიჩა რუსეთის პრემიერ ლიგის ბოლო წლების საუკეთესო დრიბლიორია, მაგრამ ის არასდროს ყოფილა კარგი დრიბლინგის შემდეგ შეტევის დასკვნით მომენტში, დამაგვირგვინებელ ფაზაში. ამ მხრივ მას სტაბილური სეზონი არასდროს ჰქონია, მათ შორის 2019-20 წლების სეზონშიც კი, როცა 4-დან 3 გოლი ხუთმატჩიან მონაკვეთში შეაგდო.

ახლახანს, ხვიჩა კვარაცხელიას ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, იური სიომინმა ქართველი ფეხბურთელის შესახებ ისაუბრა. სიომინს „კვარას“ „რუბინში“ დაბრუნების ალბათობის შესახებ ჰკითხეს და მისი თქმით, ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, ყაზანელები ამ საკითხზე როგორ იმუშავებენ.

„ამ ეტაპზე რაიმე ვარაუდის გამოთქმა იმის შესახებ თუ ვინ დაბრუნდება და ვინ არ დაბრუნდება, ძალიან ძნელია. ხვიჩას რაც შეეხება, მის შემთხვევაში ყველაფერი იმაზე იქნება დამოკიდებული თუ კლუბი რა სამუშაოს გასწევს. კვარაცხელია მაღალკვალიფიციური და ძალიან პერსპექტიული ფეხბურთელია. არ ვიცი, მისი წასვლის შემთხვევაში, ჩვენი ჩემპიონატი რას დაკარგავს. ამ ეტაპზე ამაზე პასუხის გასაცემად მზად არ ვარ.“

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
''როცა კარიერაზე ფიქრობ, ევროპაში თამაში რუსეთის დიდ ფულს უნდა ამჯობინო''
''როცა კარიერაზე ფიქრობ, ევროპაში თამაში რუსეთის დიდ ფულს უნდა ამჯობინო''