შარაპოვამ რომის მასტერსი მოიგო
Aa
Aa

შარაპოვამ რომის მასტერსი მოიგო

რომის ქალთა ტურნირის ტრიუმფატორი გახდა რუსი მარია შარაპოვა. მას შემდეგ, რაც იტალიის დედაქალაქში მეოთხედფინალური ეტაპიდან უარი თქვა ტურნირის გაგრძელებაზე ამერიკელმა სერენა უილიამსმა, შარაპოვა რუმინელ სიმონა ჰალეპთან ერთად გამარჯვების ერთ-ერთი მთავარი პრეტენდენტი გახდა.

ფინალში სწორედ ამ ორ ჩოგბურთელს ელოდნენ, მაგრამ ნახევარფინალში ესპანელმა კარლა სუარეს-ნავარომ რუმინელი შინ გაისტუმრა და თავად დაუპირისპირდა შარაპოვას.

შეხვედრა ორი საათი და 35 წუთი გაგრძელდა. პირველი პარტია კარლამ 6:4 მოიგო, რის შემდეგაც ინიციატივას მარია დაეუფლა. ის ორჯერ დაწინაურდა ორი გეიმით, მაგრამ სუარეს-ნავარომ ჯერ 1:3-ზე და შემდეგ 3:5-ზე გაათანაბრა ანგარიში. თუმცა ესპანელის გმირობები ამით დასრულდა - რუსმა მომდევნო ორი გეიმი "მშრალი" ანგარიშით მოიგო და სეტებში თანაფარდობა აღადგინა, მესამე სეტში კი ერთი გეიმი გაიმეტა მეტოქისთვის.


შარაპოვამ ძალიან აქტიური ჩოგბურთი აჩვენა, რაზეც მეტყველებს 39 "ვინერსი". რუსმა კარიერაში მესამედ მოიგო რომის ტურნირი და ამ გამარჯვებას ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. მარია დაიბრუნებს მეორე ადგილს კლასიფიკაციაში, შესაბამისად, როლან გაროსზე თავიდან აიცილებს ფინალამდე სერენა უილიამსთან შეხვედრას.

1/4-ფინალი
სიმონა ჰალეპი (რუმ, 2)-ალექსანდრა დულგერუ (რუმ) 6:1, 6:0; კარლა სუარეს-ნავარო (ესპ, 10)-პეტრა კვიტოვა (ჩეხ, 4) 6:3, 6:2; დარია გავრილოვა (რუს)-კრისტინა მაკჰეილი (აშშ) 6:2, 6:4; მარია შარაპოვა (რუს, 3)-ვიქტორია აზარენკა (ბლრ) 6:3, 6:2.

1/2-ფინალი
კარლა სუარეს-ნავარო (ესპ, 10)-სიმონა ჰალეპი (რუმ, 2) 2:6, 6:3, 7:5; მარია შარაპოვა (რუს, 3)-დარია გავრილოვა (რუს) 7:5, 6:3.

ფინალი
მარია შარაპოვა (რუს, 3)-კარლა სუარეს-ნავარო (ესპ, 10) 4:6, 7:5, 6:1.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები