,,მე ვარ ნონა გაფრინდაშვილი, ქართველი, ვიცავ ჩემს განვლილ ცხოვრებასა და ეროვნებას
Aa
Aa

,,მე ვარ ნონა გაფრინდაშვილი, ქართველი, ვიცავ ჩემს განვლილ ცხოვრებასა და ეროვნებას"

აშშ-ში, კალიფორნიის შტატის ცენტრალური ოლქის საოლქო სასამართლომ ნონა გაფრინდაშვილთან მიმართებაში არ დააკმაყოფილა კინოინდუსტრიის მაგნატის, Netflix-ის შუამდგომლობა საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ.

 მოსამართლე  ვირჯინია ფილიპსმა არ გაიზიარა Netflix-ის არგუმენტაცია გამოხატვის თავისუფლებით დაცვასთან დაკავშირებით.

ნონა გაფრინდაშვილი:

ჭადრაკის ენაზე რომ ვთქვათ, დებიუტი მოგებულია. ზოგადად, ცხოვრებაში და ასევე, სპორტში გამარჯვების მისაღწევად რამდენიმე აუცილებელი პირობა არსებობს: რწმენა, ბრძოლის წყურვილი და ჟინი, პროფესიონალიზმი და აუცილებელი კვალიფიკაცია, გულშემატკივრები და სიმართლე.

მე ვიცავ ჩემს განვლილ ცხოვრებას, ეროვნებას და მიღწევებს, რომლებსაც უღირსად შეეხნენ. გულშემატკივრების საოცარ მხარდაჭერას მთელი ცხოვრება ვგრძნობდი. პროფესიონალიზმი ამ შემთხვევაში ჩემი ქართველი და ამერიკელი ადვოკატების უძლიერეს გუნდში აისახა, რომლებმაც საოცარი სამუშაო გასწიეს. მადლობა ამერიკულ სასამართლოს, რომელმაც ძალზედ კვალიფიციურად და სამართლიანად შეაფასა არსებული მოცემულობა. გამარჯვების წყურვილი და ბრძოლის ჟინი არასოდეს გამნელებია. ახლაც ღრმად მწამს, რომ ჩემს გუნდთან და ყველა ჩემს გულშემატკივართან ერთად საბოლოო გამარჯვებამდე მივალთ, რადგანაც სიმართლე ჩვენს მხარესაა და ეს დღეს მგონი, მთელი სამყაროსთვის ცხადია.

დიახ, მე ვარ ნონა გაფრინდაშვილი, ვარ ქართველი. დიახ, მთელი კარიერის მანძილზე მე ვეთამაშებოდი მამაკაც მოჭადრაკეებს და ხშირად ვამარცხებდი მათ, ამიტომაც მერგო პატივი გავმხდარიყავი პირველი ქალი დიდოსტატი მამაკაცებს შორის. უღრმეს მადლობას ვუხდი უამრავ ადამიანს საქართველოში და მთელ მსოფლიოში, ვინც მე მხარდაჭერა და თანადგომა გამომიცხადა. ბრძოლა საბოლოო გამარჯვებამდე გრძელდება.

ლეგენდარულმა მოჭადრაკემ Netflix-ის სერიალ The Queen’s Gambit-თან დაკავშირებით რამდენიმე თვის წინ უჩივლა. გაფრინდაშვილი მიიჩნევს, რომ სერიალის (ლაზიერის გამბიტი) ერთ-ერთ ეპიზოდში მის მიმართ არასწორი ინფორმაცია ჟღერდება. ასევე, ეს ეპიზოდი სექსისტურია. ეპიზოდში ნონა გაფრინდაშვილის წარმატებას პერსონაჟ ბეთ ჰარმონის მიღწევებს ადარებენ. როცა ბეთ ჰარმონი მოსკოვში შეხვედრას ატარებს, კომენტატორის ტექსტი შემდეგია:

ერთადერთი უცნაური რამ მის შესახებ (იგულისხმება ბეთ ჰარმონი) მისივე სქესია, თუმცა რუსეთში ეს ფაქტი მას უნიკალურად არ აქცევს. იქ არის ქალი მსოფლიოს ჩემპიონი, თუმცა მას კაცი მოჭადრაკის წინააღმდეგ არასდროს უასპარეზია.

აღნიშნული მონაკვეთი 1968 წლით თარიღდება. ამ პერიოდისთვის ნონა გაფრინდაშვილს სულ მცირე 59 მამაკაცი მოჭადრაკის წინააღმდეგ უთამაშია.

თავის მხრივ, The Queen’s Gambit-მა 62 მილიონი ნახვით Netflix-ის ყველაზე ნახვადი მინისერიალის წოდება დაიმსახურა. სერიალში მთავარი პერსონაჟის, ბეთ ჰარმონის, როლს ანია ტეილორ-ჯოი ასრულებს, რომელიც ობოლი გოგონას როლს განასახიერებს, შემდეგ კი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მოჭადრაკის სტატუსს მოიპოვებს.

სერიალის დამსახურებით, Google-ს საძიებო სისტემაში ჭადრაკი 2-ჯერ უფრო ხშირად იძებნება, ამის გარდა, სტატისტიკის მიხედვით, chess.com-ზე ჭადრაკით დაინტერესებული ადამიანების რაოდენობა 5-ჯერ გაიზარდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
,,ნაწილს ყვითელი ბარათები აქვს, ზოგს მცირე ტრავმა აწუხებს
,,ნაწილს ყვითელი ბარათები აქვს, ზოგს მცირე ტრავმა აწუხებს" - მზადება ესპანეთისთვის