,,ქართველები მარცხზე არ დარდობენ, მწვრთნელის მოთხოვნები ალოგიკურია
Aa
Aa

,,ქართველები მარცხზე არ დარდობენ, მწვრთნელის მოთხოვნები ალოგიკურია" - ხორვატი ლეგიონერი

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის გუნდის, სამტრედიას ყოფილი თავდამსხმელი, ნიკოლა პრელჩეცი ხორვატიულ მედიასთან საქართველოში გატარებულ პერიოდს იხსენებს.

32 წლის ფეხბურთელი glasistre-თან ინტერვიუში აღნიშნავს, რომ საქართველოს რანგით უმაღლელი ლიგა არც ისე სუსტია, პრობლემა კი ძირითადად, ფეხბურთელების საქმისადმი მიდგომას უკავშირდება:

რაბოტჩნიკთან კონტრაქტის დასრულების შემდეგ, სამტრედია ჩემი ყოფილი მწვრთნელის დახმარებით დამიკავშირდა და კონტრაქტი სეზონის ბოლომდე გავაფორმეთ. საქართველოში საფეხბურთო სეზონი გაზაფხული-შემოდგომის სისტემით მიმდინარეობს, ამიტომ ისე მოხდა, რომ ახალ კლუბს სეზონის განახლებამდე 1 კვირით ადრე შევუერთდი. მაშინ სამტრედია არასახარბიელო სატურნირო მდგომარეობაში იყო, მაგრამ კლუბის გაძლიერებასა და უმაღლეს ლიგაში დასარჩენად იბრძოდა. სხვათა შორის, რამდენიმე ფეხბურთელი იყო, ვინც ხორვატიის ჩემპიონატს კარგად იცნობდა, მაგალითად, გიორგი ილურიძე., რომელიც სპლიტის ჰაიდუკში თამაშობდა.

პირადად მე, ამ ქვეყანაში მოთამაშე ფეხბურთელების მენტალიტეტი ვერ გავიგე. მათ მარცხი ან დაქვეითების საშიშროება არ ადარდებდათ. ისინი ფეხბურთს როგორც სამსახურს, ასე უყურებდნენ. ჩემს გარდა სამტრედიაში ლეგიონერი სერბეთიდან იყო, მხოლოდ ჩვენ განვიცდიდით გუნდის წარუმატებლობას, დანარჩენებს კი ემოციები არ გააჩნდათ. ეს ჩემთვის გაუგებარი, სამტრედიას დანარჩენი ფეხბურთელებისთვის კი სრულიად ნორმალური იყო.

მიუხედავად იმის, რომ ნახევარი სეზონი ვითამაშე, გუნდის საუკეთესო ბომბარდირი ვიყავი. ჩვენი ურთიერთობა აღარ გაგრძელდა, რადგან შეთანხმების მიხედვით, სამტრედიაში ჩემი კონტრაქტი ამოიწურა, გაგრძლება კი აღარ მსურდა - ეს გუნდი უმაღლესი ლიგიდან გავარდა.

ჩემპიონატის ხარისხი გამიკვირდა. გამიკვირდა ის, რომ ინფრასტრუქტურაში თანხების ინვესტირება ხდებოდა. სტადიონები კარგია და ტექნიკურად არც ისე სუსტი ჩემპიონატია, თუმცა ტაქტიკურად ჩამორჩებიან. მწვრთნელის მოთხოვნები ცოტა უცნაური და სრულიად ალოგიკურია, ყოველ შემთხვევაში ჩვენთვის, ვინც დასავლეთიდან მოვდივართ.

საქართველოს ჩემპიონატში ბათუმის დინამო ძლიერია. ვფიქრობ, ბათუმი ხორვატიის ჩემპიონატში ცხრილის ზედა ნაწილში იქნებოდა. ზოგადად, ლიგა არც ისე ცუდია, როგორც შეიძლება შორიდან ჩანდეს. მაყურებელს კი ვერ შევაფასებ, რადგან არსებული რეალობის გათვალისწინებით, მოედნებზე დასწრება შეზღუდული იყო.

ნიკოლა პრელჩეცი საქართველოს კრისტალბეთ ეროვნული ლიგის დასრულებულ სეზონში სამტრედიას მაისურით 11 მატჩში გამოჩნდა. მის ანგარიშზე 4 გოლია.

რაც შეეხება სამტრედიას, გუნდი გამოკვეთილი აუტსაიდერი იყო და საბოლოოდ, რანგით უმაღლეს ლიგაში ადგილის შენარჩუნება ვერ შეძლო. ჩატარებული 36 მატჩიდან სამტრედიამ მხოლოდ 5 მოიგო.

ფოტო: საფეხბურთო კლუბი სამტრედია

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სუმო - მარილით განდევნილი ბოროტება
სუმო - მარილით განდევნილი ბოროტება