მატჩის წინ - ლიონი VS აიაქსი
Aa
Aa

მატჩის წინ - ლიონი VS აიაქსი

"ლიონი" და "აიაქსი", დღეს, 23:05 საათზე, "პარკ ოლიმპიკ ლიონზე" ითამაშებენ. 

ჰოლანდიელებმა პირველი შეხვედრა 4:1 მოიგეს. 

მნიშვნელოვანი ფაქტები და სტატისტიკები

* "ლიონს" აქვს შანსი, გახდეს პირველი ფრანგული კლუბი, რომელიც "ევროპის ლიგას" მოიგებს (არც "უეფას თასი" მოუგიათ). 

* 1/2 ფინალში მყოფ გუნდთაგან "აიაქსი" ერთადერთია, ვისაც "ევროპის ლიგა" ("უეფას თასი") მოგებული აქვს - 1992 წელს.

* "ევროპის ლიგის" წლევანდელ ფლეი-ოფში "ლიონმა" სამივე სახლის მატჩი მოიგო და ჯამში 13 გოლი გაიტანა. 

* "ლიონმა" მიმდინარე ტურნირის 1/16 ფინალში ჰოლანდიური "ალკმაარი" ორი მატჩის ჯამში 11:2 გაანადგურა.

* ეს გუნდები ერთმანეთს 2002-2003 და 2011-2012 წლების "ჩემპიონთა ლიგაზე" შეხვდნენ - 2 თამაში "აიაქსმა" მოიგო და 2 ფრედ დასრულდა. 

* "აიაქსის" კაპიტან დევი კლაასენს ევროტურნირებზე დებიუტი 2011 წლის 22 ნოემბერს სწორედ "ლიონთან" მატჩისას ჰქონდა - მაშინ ის 18 წლისა იყო.

* "აიაქსს" ევროტურნირებზე ზედიზედ 5 გასვლითი თამაშია არ მოუგია - 3 ფრე და 2 წაგება.

* ევროტურნირების 1/2 ფინალში "ლიონი" ბოლოს 2009-2010 წლების "ჩემპიონთა ლიგაზე" გავიდა. მაშინ მან ორმატჩიანი დუელი "ბაიერნთან" წააგო. 

* "ლიონი" მიმდინარე "ევროპის ლიგის" ყველაზე შედეგიანი გუნდია. მას შეხვედრაში საშუალოდ 2.86 გოლი გააქვს (7 თამაშში 20 გოლი).

* "აიაქსს" მიმდინარე "ევროპის ლიგაზე" ყველაზე მეტი საგოლე მომენტი და ზუსტი დარტყმა აქვს შესრულებული. მომენტების რაოდენობა 211-ია, ხოლო ზუსტი დარტყმების - 92. 

გუნდების ახალი ამბები

* "ლიონმა" საფრანგეთის ჩემპიონატში "ნანტს" შინ 3:2 მოუგო. კორნემ დუბლი ჩაიწერა, ხოლო ფეკირმა პენალტიდან შეაგდო. 

* მასპინძლები დღევანდელ შეხვედრას ოპტიმალური შემადგენლობით ხვდებიან. ტრავმა სრულად მოიშუშა ალექსანდ ლაკაზეტმა, რომელიც სტარტიდანვე ითამაშებს. 

* "აიაქსმა" ჰოლანდიის ჩემპიონატში საშინაო მატჩისას "იგლზი" გაანადგურა - 4:0. პატრიკის ვაჟმა, ჯასტინ კლუივერტმა ანგარიში გახსნა, რასაც დოლბერგმა, ფრენკი დე იონგმა და კასიერამ თითო ბურთი წაამატეს. 

* დანაკლისი არც სტუმრებს აქვთ. ერთადერთი დელი სინკგრავენის მოედანზე გამოსვლაა საეჭვოა, რომელიც ალბათ ძირითადში არც ისე იქნებოდა.

მწვრთნელების კომენტარები

ბრუნო ჟენეზიო: "წინა მატჩის შედეგი ჩვენთვის შოკი იყო, თუმცა ის მხოლოდ პირველი ნაწილია და შანსი ჯერ კიდევ გვაქვს. 

ჩვენ ბევრს ვსაუბრობდით და ახლა დროა ყველაფერი მოედანზე დავამტკიცოთ. 

შეგვიძლია ბევრი გოლი გავიტანოთ, მით უმეტეს, რომ "პარკ ოლიმპიკ ლიონზე" ვთამაშობთ. საკუთარი თავის გვჯერა. 

ლაკაზეტი ითამაშებს, ეს ჩვენთვის დიდი სტიმული და დახმარებაა. ის მეტოქის მცველების ყურადღებას მიიპყრობს, გარდა ამისა გოლის გატანა ნებისმიერ წამს შეუძლია. მას თანაგუნდელების მხარდაჭერა და პასებით მომარაგება სჭირდება.

"აიაქსი" ახალგაზრდული გუნდია, რომელიც შეიძლება მომენტებში აიჭრას. მეორე მხრივ, ჩვენ მშვიდად უნდა ვიმოქმედოთ და დაცვასაც დიდი ყურადღება დავუთმოთ. 

იმედი მაქვს, რომ საუკეთესო თამაშს ვაჩვენებთ". 

პიტერ ბოში: "გოლის გატანა თუ გოლის არ გაშვება? საქმე ასე არაა, რადგან ჩემი პასუხი შემდეგნაირია: გოლის გატანა და გოლის არ გაშვება. 

ჩვენ ახალგაზრდული გუნდი გვყავს, თუმცა არ დაგავიწყდეთ, რომ წელს ევროტურნირებზე 17 თამაში უკვე ჩავატარეთ. ასე რომ, გარკვეული გამოცდილება დაგვიგროვდა. 

კარგად გვახსოვს "შალკესთან" ჩატარებული გასვლითი მატჩი და გულშემატკივრების ფანატიკური განწყობა. ამას შეჩვეული ვართ და ვიცით როგორც უნდა ვიმოქმედოთ. 

როცა 60 ათასი ადამიანი შენ პროვოცირებას ცდილობს და მთელი თამაშის განმავლობაში გისტვენს, ეს მოტივატორად უნდა გამოიყენო". 

სავარაუდო შემადგენლობები

ლიონი: ლოპეში - ჟალე, ნკულუ, დიახაბი, მორელი - გონალონი, ტუსარი - ტოლისო - კორნე, ვალბუენა - ლაკაზეტი. 

აიაქსი: ონანა - ველტმანი, სანჩესი, დე ლიხტი, ვირგევერი - ზიეჩი, კლაასენი, შონე - ტრაორე, იუნესი - დოლბერგი.

შეხვედრას პოლონელი რეფერი, სიმონ მარცინიაკი იმსაჯებს.

 

მოამზადა ირაკლი ფოფხაძემ

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები