რომის მასტერზი ჯოკოვიჩმა მძიმე მოგებით დაიწყო
Aa
Aa

რომის მასტერზი ჯოკოვიჩმა მძიმე მოგებით დაიწყო

რომის "მასტერსის" მესამე დღეს სცენაზე გამოვიდნენ ფავორიტები, რომლებიც პირველი წრიდან თავისუფალნი იყვნენ. გუშინ დაიწყო ტიტულის დაცვა მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა. სერბმა გამოტოვა გასულ კვირას მადრიდის "მასტერსი" და ინდივიდუალური პროგრამით ემზადებოდა რომისთვის და როლან გაროსისთვის. ესპანელ ნიკოლას ალმაგროსთან გუშინდელი მატჩის პირველ სეტში ისე ჩანდა, რომ მზადებამ წარმატებით ჩაიარა.

ჯოკოვიჩმა პირველ პარტიაში ორი ბრეიკით გაანადგურა მეტოქე - 6:1. მეორე სეტში ბრეიკი არ ყოფილა და საქმე ტაი-ბრეიკამდე მივიდა, სადაც ნოვაკი ძალიან ახლოს იყო საბოლოო გამარჯვებასთან. სერბი 5:2-ს იგებდა საჩოგბურთო ლატარიას, მაგრამ ალმაგრომ სასწაულის მოხდენა შეძლო - ზედიზედ ხუთი ქულა აიღო და სეტებში ანგარიში გაათანაბრა.

ბრძოლა ინერციით მესამე სეტშიც გაგრძელდა. კარგა ხანი თანაბარი თამაში მიდიოდა, მაგრამ ჯოკოვიჩმა 4:3-ზე პარტიაში ერთადერთი ბრეიკ-პოინტი გამოიყენა და შემდეგ მატჩზე ჩაწოდება შეძლო.

შეხვედრა ზუსტად ორი საათი გაგრძელდა, რომლის დროსაც ჯოკოვიჩმა ერთადერთი ბრეიკ-პოინტი მოიგერია, თავად კი სამიდან სამი ასეთი შანსი გამოიყენა. ამ გამარჯვებით სერბმა 18 მატჩამდე აიყვანა მოგებათა სერია. მესამე წრეში მისი მეტოქე კიდევ ერთი ესპანელი, რობერტო ბაუტისტა აგუტი იქნება.

გუშინდელი სათამაშო დღის მთავარი მოულოდნელობა გახდა ესპანელი გილერმო გარსია ლოპესის მოგება ხორვატ მარინ ჩილიჩთან - 6:4, 6:3. პირენეელი აშკარა უპირატესობას ფლობდა, 14 ბრეიკ-პოინტის შანსი მიიღო და აქედან სამი გამოიყენა, თავად ერთხელ დათმო საკუთარი მოწოდება. გარსია ლოპესისთვის ეს იყო სეზონში მე-20 მოგება. აშშ-ის ღია პირველობის ჩემპიონი ჩილიჩი კი შორს არის ოპტიმალური ფორმისგან - წელს ჩატარებული ხუთი ტურნირიდან მან მხოლოდ ერთში შეძლო ორი მატჩის მოგება.

 

კინაღამ ჩილიჩის ბედი გაიზიარა მერვე ნომრად განთესილმა სტენ ვავრინკამ, რომელმაც პირველი სეტი დათმო არგენტინელ ხუან მონაკოსთან და მეორეს ბრეიკით აგებდა, მაგრამ შეძლო თამაშში გარდატეხის შეტანა - 4:6, 6:3, 6:2. ვავრინკამ ორი საათი და 12 წუთის განმავლობაში მეტოქის 12 ბრეიკ-პოინტიდან რვა მოიგერია.

ჩილიჩის მსგავსად, შვეიცარიელიც დიდი ხანია ფორმიდანაა ამოვარდნილი - მას თებერვლის შემდეგ არც ერთ ტურნირში არ მოუგია ზედიზედ ორი მატჩი.

დიდ ინტერესს იწვევდა ესპანელი ფელისიანო ლოპესისა და ავსტრალიელი ნიკ კირგიოსის შეხვედრა. ამ უკანასკნელმა გასულ კვირას, მადრიდის "მასტერსზე" თვით როჯერ ფედერერს სძლია, თუმცა რომში პირველივე წრიდან გამოეთიშა ბრძოლას.

ფელისიანო ლოპესმა მაღალ დონეზე წარმართა შეხვედრა. 81 წუთში 12 ეისი ჩააწოდა და მხოლოდ ერთი ბრეიკ-პოინტის შანსი მისცა მეტოქეს, რომელიც მოიგერია - 6:4, 7:6(4).

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები