მატჩის წინ - იუვენტუსი VS მონაკო
Aa
Aa

მატჩის წინ - იუვენტუსი VS მონაკო

დღეს, 22:45 საათზე, "იუვენტუსი" და "მონაკო" იტალიაში ითამაშებენ. მასპინძლებს ორბურთიანი უპირატესობა აქვთ და ფინალთანაც ახლოს არიან.

მნიშვნელოვანი ფაქტები და სტატისტიკები

„ჩემპიონთა ლიგის“ 1/2 ფინალში არცერთ გუნდს 2 ბურთიანი უპირატესობა ხელიდან არ გაუშვია.

* "ჩემპიონთა ლიგის" ფლეი-ოფების ისტორიაში (1993 წლიდან მოყოლებული), მხოლოდ ორმა გუნდმა შეძლო სახლის მატჩის წაგების შემდეგ საბოლოო წარმატების მიღწევა - 1996 წელს "აიაქსმა" - "პანათინაიკოსთან", ხოლო 2011 წელს "ინტერმა" - "ბაიერნთან".

* „იუვენტუსს“ ევროტურნირების ეგიდით საკუთარ მოედანზე 22 მატჩიანი დაუმარცხებელი სერია აქვს. ბოლოს 2013 წელს "ბაიერნთან" წააგო.

* "იუვენტუსს" ფრანგულ გუნდებთან 11-დან 11 ფლეი-ოფის ორრაუნდიანი დაპირისპირება აქვს მოგებული. მათ შორის ორჯერ "მონაკოსთან" - 1998 და 2015 წლებში.

* მასიმილიანო ალეგრის ხელმძღვანელობით "იუვე" ბოლო 3 სეზონში მეორედ გავიდა "ჩემპიონთა ლიგის" 1/2 ფინალში.

* "იუვენტუსს" ამ ტურნირის 1/2 ფინალებში სახლის მატჩი არასდროს წაუგია - 9 მოგება და 2 ფრე.

* "იუვენტუსი" ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირის მე-9 ფინალს უმიზნებს.

* "იუვენტუსს" მიმდინარე ტურნირზე 2 გოლი აქვს გაშვებული. აღსანიშნავია, რომ ფლეი-ოფის სტადიაზე ბუფონისთვის ჯერ არ გაუტანიათ. მის კარში ჯგუფურ ეტაპზე "სევილიამ" და "ლიონმა" გაიტანეს.

* ჯანლუიჯი ბუფონის საჩემპიონთალიგო მშრალი სერია 621 წუთს ითვლის. იტალიელი ლეგენდა, იენს ლემანის რეკორდს უახლოვდება - 853 გოლგაუშვებელი წუთი.

* "იუვეს" "ჩემპიონთა ლიგაზე" ზედიზედ 9 საშინაო მატჩია გოლი არ გაუშვია.

* როცა "იუვენტუსმა" ფლეი-ოფის პირველი მატჩი სტუმრად მოიგო, არასდროს გამოვარდნილა. ასეთი 37 შემთხვევა იყო.

* ევროტურნირებზე როცა "მონაკომ" პირველი მატჩი სახლში წააგო, შემდეგ ეტაპზე არასდროს გასულა. ასეთი 5 შემთხვევა იყო.

* "მონაკო" ამ ტურნირის 1/2 ფინალში მეოთხედ თამაშობს - 1994 წელს "მილანთან" დამარცხდა, 1998 წელს - "იუვენტუსთან", ხოლო 2004 წელს "ჩელსის" აჯობა.

* "მონაკოს" 1/2 ფინალის გასვლითი შეხვედრა არასდროს მოუგია - 1 ფრე და 2 წაგება.

* "მონაკოს" "ჩემპიონთა ლიგის" ფინალში 2004 წელს აქვს ნათამაშები - "პორტოსთან" 0:3 განადგურდა.

* მასიმილიანო ალეგრის დებიუტი ევროტურნირებზე ფრანგულ გუნდთან შედგა. მან 2011 წელს "მილანი" "ოსერის" წინააღმდეგ გაიყვანა. "როსონერიმ" 2:0 იმარჯვა.

* ანდრეა რაჯი და კამილ გლიკი 2010-2011 წელს "ბარიში" ერთად თამაშობდნენ. 2010 წელს "ბარის" რიგებში ლეონარდო ბონუჩი ასპარეზობდა.

* კამილ გლიკს "იუვენტუსის" წინააღმდეგ 9 ტურინულ დერბიში აქვს ნათამაშები. იგი 2011-2016 წლებში "ტორინოს" ერთ-ერთი ლიდერი და ბოლო წლებში კაპიტანი იყო.

* მორგან დე სანკტისი 1997-1999 წლებში "იუვენტუსში" ირიცხებოდა და 3 მატჩი ჩაატარა.

* რადამელ ფალკაო და გონსალო იგუაინი 2005-2007 წლებში არგენტინულ "რივერ პლეიტში" თანაგუნდელები იყვნენ.

* 1998 წლის მსოფლიო ჩემპიონები - ტიერი ანრი, დავიდ ტრეზეგე და ლილიან ტურამი, კარიერის მანძილზე ორივე გუნდში თამაშობდნენ. ისევე, როგორც პატრის ევრა.

* კილიან მბაპეს ბოლო 20 თამაშში 18 გოლი აქვს გატანილი.

გუნდების ახალი ამბები

* "ბებერ ქალბატონს" სერია ა-ს მატჩში "ტორინოსთან" ქულა გონსალო იგუაინმა 92-ე წუთზე გადაურჩინა. "იუვე" ლიდერია და მეორეადგილოსან "რომას" მთელი 7 ქულით უსწრებს.

* "მონაკომ" ლიგა 1-ის ეგიდით სტუმრად "ნანსი" 3:0 დაამარცხა. გოლები ბერნარდო სილვამ და ლემარმა შეაგდეს, ხოლო პირველი ბურთის ავტოგოლით გავიდა. ლიგა 1-ის ლიდერი "მონეგასკები" მდევარ "პსჟ"-ს 3 ქულით უსწრებენ და მასზე 1 მატჩით ნაკლები აქვთ ჩატარებული.

* იტალიელებს დღევანდელ შეხვედრაში ტრავმირებულები - მარკო პიაცა და დანიელე რუგანი დააკლდებათ.

* ფრანგთა მხრიდან საეჭვოა კარილიოს, მენდისა და ტურეს მოედანზე გამოსვლა.

მწვრთნელების კომენტარები

მასიმილიანო ალეგრი: "მეტოქეს დასაკარგი აღარაფერი აქვს. ისინი თავისუფლად ითამაშებენ და ეცდებიან ცხოვრება გაგვირთულონ. მათ ბევრი ნიჭიერი ფეხბურთელი ჰყავთ, განსაკუთრებით წინა ხაზში.

ჩვენ აგრესიულად უნდა ვითამაშოთ და მხოლოდ გამარჯვებაზე ვიფიქროთ. ვიტყოდი, რომ იმაზე კარგი მატჩი უნდა ჩავატაროთ, ვიდრე - მონაკოში, რადგანაც იმ თამაშში შეცდომები გვქონდა.

ამ წუთისათვის დაფიქსირებული ანგარიში არაფერს ნიშნავს. უდავოა, რომ კარდიფამდე 90 წუთიანი მძიმე ბრძოლაა გადასატანი".

ლეონარდო ჟარდიმი"უნდა შევუტიოთ და რაც მთავარია ჩვენი ფეხბურთი ვითამაშოთ. 

პირველ შეხვედრაში არაერთი ზუსტი დარტყმა შევასრულეთ და ბევრი მომენტი შევქმენით, თუმცა "იუვე" უფრო ზუსტი აღმოჩნდა. 

ცხადია, მეტოქე უფრო შეკრული და ძლიერი გუნდია, თუმცა ჩვენი წაგების მიზეზი ჩვენივე შეცდომები და შანსების გამოუყენებლობა იყო.

გვსურს, რომ ხვალ ჩვენი ოცნება კვლავაც ცოცხალი იყოს. სწორად გაიგეთ, მიზანი სწორედ ფინალში გასვლაა, რისთვისაც თითოეული მოთამაშე ყველაფერს გაიღებს. 

ვამაყობ ჩემი ფეხბურთელებით და იმით, რაც მათ აქამდე გააკეთეს, თუმცა ერთი მატჩის გამოკლებით და ეს მატჩი წინა კვირას 0:2 წავაგეთ".

სავარაუდო შემადგენლობები

იუვენტუსი: ბუფონი - დანი ალვეში, ბარძალი, ბონუჩი, კიელინი, ალექს სანდრო - ხედირა, პიანიჩი - დიბალა, მანჯუკიჩი, იგუაინი.

მონაკო: სუბაშიჩი - მენდი, ჟემერსონი, გლიკი, სიდიბე - ფაბინიო, ბაკაიოკო - ბერნარდო სილვა, ლემარი - მბაპე, ფალკაო.

შეხვედრას ჰოლანდიელი რეფერი, ბიორნ კუიპერსი იმსაჯებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები