მამუკა გორგოძე საქართველოს ნაკრებიდან მიდის
Aa
Aa

მამუკა გორგოძე საქართველოს ნაკრებიდან მიდის

საქართველოს ნაკრების კაპიტანმა, მამუკა გორგოძემ, ეროვნული გუნდის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. 

"ნაკრებიდან წასვლას 2015 წლის მსოფლიო თასის შემდეგ ვაპირებდი, თუმცა მთხოვეს და დავრჩი. მაგრამ მას შემდეგ სულ ამ საკითხზე ვფიქრობდი და საბოლოო გადაწყვეტილება მივიღე! არაერთხელ მითქვამს: მინდა, რომ გულშემატკივარს კარგად დავამახსოვრო თავი და ვგრძნობ, წასვლის დრო მოვიდა.

უკვე 33 წლის ვარ და 2019 წლის მსოფლიო თასის დროს 35-ის ვიქნები. ვამჩნევ, რომ ასაკში ვარ და წლების მატებასთან ერთად ამ დატვირთვებთან გამკლავება სულ უფრო და უფრო მიჭირს. 

მირჩევდნენ, რომ მხოლოდ მსოფლიო თასისთვის მოვმზადებულიყავი, მნიშვნელოვან თამაშებზე ჩამოვსულიყავი, მაგრამ ჩემთვის ეს მიუღებელია! კაპიტანი სულ გუნდთან ერთად უნდა იყოს, მის პულსზე უნდა ედოს ხელი, სხვა შემთხვევაში კაპიტანი ვერ იქნები.

ჯანი, სურვილი და ჟინი არ მომკლებია, მაგრამ ასეთ დატვირთვებს ვეღარ ვუძლებ. რომ ყოფილიყო შესაძლებელი, არჩევანს ნაკრებზე შევაჩერებდი, მაგრამ უთამაშებელი ნაკრებს ვერაფერში გამოვადგები, მხოლოდ ნაკრებში ვერ ვითამაშებ.

ნაკრებს დავაკლდები, მაგრამ შეუცვლელი არავინაა, მით უმეტეს, რომ საქართველოს ნაკრებს მესამე ხაზში მართლა ძალიან მაგარი ბიჭები ჰყავს და კარგი შევსება მოდის. გადავწყვიტე, წასვლის შესახებ მსოფლიო თასამდე 2 წლით ადრე გამეცხადებინა, რადგან გუნდი მზადებას იწყებს და მწვრთნელებს ხელი არ შეეშალოთ. ყველაზე მეტად მე მწყდება გული, თუმცა ჯობია დროულად წახვიდე და გულშემატკივარმაც კარგად გაგიხსენოს". - განაცხადა გორგოძემ.

მამუკა გორგოძე "ბორჯღალოსნების" რიგებში 2003 წლიდან თამაშობს და 69 ტესტი აქვს ჩატარებული, აქედან 11 კაპიტნის რანგში და საქართველოს ნაკრების საუკეთესო მელელოვეა (26 ლელო).

ის 6-ჯერ გახდა საქართველოს საუკეთესო მორაგბე (2008, 2009, 2011, 2013, 2015 და 2016 წლები), 2011 წელს კი, საქართველოს საუკეთესო სპორტსმენად დაასახელეს.

ცხელი ამბები