Aa
Aa

"გამარჯვებისთვის ყველა წინაპირობა გვაქვს" - პიოლი ლივერპულთან მატჩის წინ

ჩემპიონთა ლიგის ბოლო ტურში ძალზედ მნიშვნელოვანი დაპირისპირებაა. „მილანი“ „ლივერპულს“ უმასპინძლებს. „როსონერის“ ზედიზედ 3 წაგების შემდეგ ჯგუფიდან გასვლის შანსი აქვს. ამაზე ქვემოთ მოგახსენეთ. მატჩის წინ, „როსონერის თავკაცმა კომენტარი გააკეთა.

პიოლი:

„მილანმა მძლავრად უნდა ითამაშოს, რადგან ჩვენ ვხვდებით გუნდს, რომელსაც ჩემპიონთა ლიგის მოგება შეუძლია. მზად ვართ. სტადიონზე გულშემატკივრები იქნებიან, რომლებიც დამატებით მოტივაციას მოგვცემენ. გამარჯვებისთვის ყველა წინაპირობაა. „ლივერპული“ პრესინგს მიმართავს, მაგრამ მათ კარგად ვიცნობთ და ვიცით, როგორ უნდა გავუმკლავდეთ.

შეტევაში ბევრი მოთამაშე უნდა გვყავდეს, რათა მეტი შესაძლებლობა გვქონდეს. დიასი, მესიასი, იბრაჰიმოვიჩი და კრუნიჩი სათამაშოდ მზად არიან. ასეთი მატჩების თამაში გუნდისთვის სასარგებლოა. სწორედ ასეთი დაპირისპირებებით შეუძლია „მილანს“ განვითარება.

„მილანი“ იტალიასა და ევროპაში კონკურენტუნარიანი უნდა იყოს. ჯგუფიდან თუ ვერ გავალთ, შესაძლოა კარგ შემთხვევაში ევროპის ლიგაზე გადავინაცვლოთ. ჩვენ გვსურს დავუპირისპირდეთ მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო გუნდს, რათა შევამოწმოთ და გავიგოთ რა მდგომარეობაშია ჩვენი დონე.“

მილანი VS ლივერპული

ამ გუნდების უკანასკნელი დაპირისპირება დრამატულად წარიმართა. ჩემპიონთა ლიგის ტურში, „ენფილდზე“ მასპინძლები მე-9 წუთზე ფიკაიო ტომორის ავტოგოლით დაწინაურდნენ. მე-14 წუთზე სალაჰმა პენალტი ვერ გამოიყენა. შექმნილი სიტუაციით „როსონერიმ“ ისარგებლა და ტაიმის მიწურულს ორი გოლი გაიტანა. თავი რებიჩმა და ლეაომ გამოიჩინეს.

„ლივერპულის“ გეგმებში წაგება არ შედიოდა და მეორე ტაიმში ზეწოლა გააძლიერა. 49-ე წუთზე სალაჰმა წონასწორობა აღადგინა, ხოლო 69-ე წუთზე ჰენდერსონმა გამარჯვების მომტანი გოლი გაიტანა.

რა შემთხვევაში გავა „მილანი“ ჯგუფიდან“?

ჯგუფში სატურნირო ცხრილი ასე გამოიყურება: 15 ქულით პირველ ადგილზე „ლივერპულია“, მეორე პოზიციაზე 5 ქულით „პორტუ“ გახლავთ. მესამე ადგილზე სტეფანო პიოლის გუნდია 4 ქულით. ამავე რაოდენობის ქულები აქვს „ატლეტიკოსაც.“

იმ შემთხვევაში, თუ „პორტუ“ „ატლეტიკოს“ ვერ მოუგებს და „მილანი“ „ლივერპულს“ დაამარცხებს, ასეთ შემთხვევაში ჯგუფიდან სწორედ „როსონერი“ გავა.

შეგახსენებთ, რომ „მილანისა“ და „ლივერპულის“ დაპირისპირება 7 დეკემბრით თარიღდება და თბილისის დროით 00:00-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები