მილანი VS ლივერპული - მატჩის წინ
Aa
Aa

მილანი VS ლივერპული - მატჩის წინ

ჩემპიონთა ლიგის ბოლო ტურში ძალზედ მნიშვნელოვანი დაპირისპირებაა. „მილანი“ „ლივერპულს“ უმასპინძლებს. „როსონერის“ ზედიზედ 3 წაგების შემდეგ ჯგუფიდან გასვლის შანსი აქვს. ამაზე ქვემოთ მოგახსენეთ. მატჩის წინ, CrystalSport ხსენებულ დაპირისპირებასთან დაკავშირებით ყველა საჭირო და საინტერესო ინფორმაციას გთავაზობთ.

„მილანი“

სტეფანო პიოლის კლუბი „ლივერპულთან“ მატჩს საკმაოდ კარგ ხასიათზე ხვდება. „როსონერი“ სერია ა-ს ბოლო ტურის შემდეგ გალიდერდა. „მილანმა“ საკუთარ კედლებში „სალერნიტანა“ 2:0 დაამარცხა. თავისი მატჩი წააგო „ნაპოლიმ“ და აქედან გამომდინარე ჩემპიონთა ლიგის 7 გზის გამარჯვებული ლიდერი გახდა. მასპინძელთა მხრიდან თავი კესიმ და საელემაეკერსმა გამოიჩინეს.

დანაკლისი

ამ მხრივ სტეფანო პიოლის პრობლემები აქვს. პირველ რიგში „მილანს“ გუნდის კაპიტანი სიმონ კიაერი გამოაკლდა. დანიელი უკანახაზელისთვის სეზონი დასრულებულია. „როსონერის“ „ლივერპულთან“ ლეაო, კასტილეხო, კალაბრია, ჟირუ, პელეგრი და რებიჩი არ ეყოლება. კითხვის ნიშნის ქვეშ დგას ტეო ერნანდესის თამაში.

რა თქვა პიოლიმ მატჩის წინ?

„მილანმა მძლავრად უნდა ითამაშოს, რადგან ჩვენ ვხვდებით გუნდს, რომელსაც ჩემპიონთა ლიგის მოგება შეუძლია. მზად ვართ. სტადიონზე გულშემატკივრები იქნებიან, რომლებიც დამატებით მოტივაციას მოგვცემენ. გამარჯვებისთვის ყველა წინაპირობაა. „ლივერპული“ პრესინგს მიმართავს, მაგრამ მათ კარგად ვიცნობთ და ვიცით, როგორ უნდა გავუმკლავდეთ.

შეტევაში ბევრი მოთამაშე უნდა გვყავდეს, რათა მეტი შესაძლებლობა გვქონდეს. დიასი, მესიასი, იბრაჰიმოვიჩი და კრუნიჩი სათამაშოდ მზად არიან. ასეთი მატჩების თამაში გუნდისთვის სასარგებლოა. სწორედ ასეთი დაპირისპირებებით შეუძლია „მილანს“ განვითარება.

„მილანი“ იტალიასა და ევროპაში კონკურენტუნარიანი უნდა იყოს. ჯგუფიდან თუ ვერ გავალთ, შესაძლოა კარგ შემთხვევაში ევროპის ლიგაზე გადავინაცვლოთ. ჩვენ გვსურს დავუპირისპირდეთ მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო გუნდს, რათა შევამოწმოთ და გავიგოთ რა მდგომარეობაშია ჩვენი დონე.“

„ლივერპული“

მერსისაიდულმა გრანდმა პრემიერ ლიგის უკანასკნელ ტურში უმძიმეს ბრძოლაში სტუმრად „ვულვერჰემპტონი“ დაამარცხა და ძალზედ მნიშვნელოვანი 3 ქულა მოიპოვა. ერთადერთი გოლი შეხვედრის 94-ე წუთზე დივოკ ორიჯიმ გაიტანა. კლოპის გუნდი პრემიერ ლიგაში მეორე პოზიციაზე იმყოფება და ლიდერ „მანჩესტერ სიტის“ 1 ქულით ჩამორჩება.

დანაკლისი:

„მილანისგან“ განსხვავებით, „ლივერპულს“ ბევრი ფეხბურთელი არ აკლია, თუმცა განაცხადში ისეთი მნიშვნელოვანი ფეხბურთელები ვერ მოხვდნენ, როგორებიც რობერტო ფირმინო და ჯეიმს მილნერი არიან. მერსისაიდელებს არც ჰარვი ელიოტი და კურტის ჯონსი ეყოლებათ. კითხვის ნიშნის ქვეშ დგას კეიტას და ჯო გომესის თამაში.

რა თქვა კლოპმა მატჩის წინ?

„ბოლო პერიოდში ბევრი თამაში გვქონდა. როტაციას უნდა მივმართოთ, ეს ნათელია. ვფიქრობ, ეს აუცილებელიც არის.. ახლა დასვენებული ფეხები გვჭირდება უმაღლესი დონით. ზუსტად ეს იდეა გვაქვს. ასეთი დონის მატჩებში მხოლოდ საუკეთესო შემადგენლობით გაიმარჯვებ.

მე კმაყოფილი ვარ იმ რესურსით, რაც გვაქვს. ერთმანეთს დიდი ხანია ვიცნობთ. ფეხბურთელებმა ერთმანეთის როლები იციან და ჩვენი დღევანდელი ფეხბურთი გაცილებით მკაფიო და ნათელია, ვიდრე წარსულში. ბიჭებს ერთმანეთთან ბრწყინვალე ურთიერთობა აქვთ, კარგი შემადგენლობა გვყავს და ეს ყველაფერი ძლიერს გვხდის.“

მილანი VS ლივერპული

ამ გუნდების უკანასკნელი დაპირისპირება დრამატულად წარიმართა. ჩემპიონთა ლიგის ტურში, „ენფილდზე“ მასპინძლები მე-9 წუთზე ფიკაიო ტომორის ავტოგოლით დაწინაურდნენ. მე-14 წუთზე სალაჰმა პენალტი ვერ გამოიყენა. შექმნილი სიტუაციით „როსონერიმ“ ისარგებლა და ტაიმის მიწურულს ორი გოლი გაიტანა. თავი რებიჩმა და ლეაომ გამოიჩინეს.

„ლივერპულის“ გეგმებში წაგება არ შედიოდა და მეორე ტაიმში ზეწოლა გააძლიერა. 49-ე წუთზე სალაჰმა წონასწორობა აღადგინა, ხოლო 69-ე წუთზე ჰენდერსონმა გამარჯვების მომტანი გოლი გაიტანა.

რა შემთხვევაში გავა „მილანი“ ჯგუფიდან“?

ჯგუფში სატურნირო ცხრილი ასე გამოიყურება: 15 ქულით პირველ ადგილზე „ლივერპულია“, მეორე პოზიციაზე 5 ქულით „პორტუ“ გახლავთ. მესამე ადგილზე სტეფანო პიოლის გუნდია 4 ქულით. ამავე რაოდენობის ქულები აქვს „ატლეტიკოსაც.“

იმ შემთხვევაში, თუ „პორტუ“ „ატლეტიკოს“ ვერ მოუგებს და „მილანი“ „ლივერპულს“ დაამარცხებს, ასეთ შემთხვევაში ჯგუფიდან სწორედ „როსონერი“ გავა.

შეგახსენებთ, რომ „მილანისა“ და „ლივერპულის“ დაპირისპირება 7 დეკემბრით თარიღდება და თბილისის დროით 00:00-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები