,,შავი ლომის
Aa
Aa

,,შავი ლომის" პრესკონფერენცია: ,,ეს მეტოქის დაუფასებლობა არ იყო"

რაგბი ევროპის სუპერთასის ეგიდით „შავმა ლომმა“ „ლოკომოტივ პენზას“ უმასპინძლა და მძიმე ბრძოლაში, ანგარიშით -  16-19 დამარცხდა.

მატჩის მსვლელობისას  ,,შავმა ლომმა" არაერთი შეცდომა დაუშვა.  ჩვენი გუნდის ჩანაფიქრი ძირითადად,  ბურთს მოპოვებისას სწრაფი შეტევა იყო, რაც პირველ ტაიმში რამდენჯერმე, კარგად გამოვიდა. ერთი შეხედვით,  ყველა ასეთ წამოწყებას კარგი გარძელება უნდა ჰქონოდა, თუმცა საბოლოოდ შეტევის ტემპი ან ბურთი იკარგებოდა.

ლევან მაისაშვილი (მთავარი მწვრთნელი)

„რა თქმა უნდა შედეგით და თამაშით უკმაყოფილო ვარ. ძალიან ბევრი შანსი გავანიავეთ და შედეგიც ლოგიკური დადგა. რამდენჯერმე გვქონდა მატჩის გარდატეხის შესაძლებლობა, მაგრამ თამაშის მართვა იყო ცუდი, მოუთმენლად ვუტევდით და ეს ინდივიდუალურ შეცდომებში გადადიოდა. მოწინააღმდეგეს ქულების აღების ჩვენზე გაცილებით ნაკლები შანსი ჰქონდა, მაგრამ თითქმის ყველა მათგანის რეალიზება მოახერხა.

ჩვენი გეგმა იყო, რომ თუ ორი-სამი ფაზის შემდეგ წინსვლა არ გვექნებოდა, მეტოქის ნახევარზე ფეხით გადავსულიყავით და იქ გვეთამაშა, თუმცა, განსაკუთრებით მეორე ნახევარში მოთამაშეებმა რატომღაც მითითებებს გვერდი აუარეს და მივიღეთ ის რაც მივიღეთ. რამდენჯერმე შევძელით უპირატესობის ხაზის გადაკვეთა, მაგრამ მათი გამოყენება ვერ მოვახერხეთ და მთლიანობაში, ყველა შემთხვევაში ვცდილობდით პირველი ხელიდან თამაშს, რაც ჩვენს გეგმაში არ იყო.

ეს მეტოქის დაუფასებლობა არ იყო, თუმცა არის ერთი ფაქტორი, რომელმაც შესაძლოა ჩვენს თამაშზე იმიქმედა -  მოთამაშეთა ნაწილი ნაკრების შეკრებაზე იყო, ნაწილი დიდი 10-ის კლუბებში და 4 კვირის შემდეგ პირველად შევიკრიბეთ. მთელი რიგი მიზეზების გამო გვაკლდნენ ლიდერები და მათ შემცვლელებს მეტოქის დაუფასებლობა არ ექნებოდათ, მითუმეტეს, რომ არც პენზაში გვქონდა იოლი შეხვედრა. მთლიანობაში, ,,შავი ლომის'' მიზანი სწორედ ისაა, რომ ახალგაზრდა, პერსპექტიულ მორაგბეებს საერთაშორისო თამაშების ჩატარების შანსი მიეცეთ და  ექსპერიმენტები გამოვცადოთ.  გვექნება ანალიზი, ვნახავთ სად დავუშვით შეცდომები და მოვემზადებით მომდევნო შეხვედრისთვის".

ლაშა ხმალაძე (კაპიტანი)

„ჩვენს ნახევარზე ძალიან დიდი დრო დავყავით და შეტევაში ბევრჯერ დავჯარიმდით. მიუხედავად ამისა, მეტოქის დაცვის ხაზი ბევრჯერ გავარღვიეთ და ლელოს გატანის არაერთი შანსი გვქონდა, მაგრამ მათი რეალიზება ვერ შევძელით და მივიღეთ ის შედეგი, რაც საბოლოოდ დაფიქსირდა. თავიდან შევძელით ინიციატივის დაუფლება, თუმცა მერე მოვდუნდით, თითქოს დინებას მივყევით და მოწინააღმდეგემ ჩვენი შეცდომებით კარგად ისარგებლა“.

შეგახსენებთ, ,,შავი ლომი" ,,ლოკომოტივს" პენზაში, 23 ოქტომბერს ეთამაშა და ბონუსით - 27-11 დაამარცხა.

მასალაში გამოყენებულია რაგბის კავშირის ფოტოები

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები