სათამაშო ბიზნესის პასუხი მოსალოდნელ რეგულაციებზე
Aa
Aa

სათამაშო ბიზნესის პასუხი მოსალოდნელ რეგულაციებზე

22 ნოემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე სათამაშო ბიზნესის ასოციაცია (GGA) გამოეხმაურა პრემიერ მინისტრისა და ფინანსთა მინისტრის განცხადებას საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით.

განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ ონლაინ სათამაშო ბიზნესის დასაბეგრი ლიმიტი გაიზრდება 70%-მდე, ხოლო აზარტულ თამაშებში მონაწილეობის მიღება აეკრძალებათ საქართველოს 25 წლამდე მოქალაქეებს. აიკრძალება სათამაშო ბიზნესის ყველანაირი სატელევიზიო რეკლამა, ასევე გარე რეკლამა და ქართულ ვებგვერდებზე რეკლამის განთავსება. ასოციაციის თქმით, ამჟამინდელი საგადასახადო ტვირთი, რომელიც 40%-ს შეადგენს და დაახლოებით 30%-ით მეტია სხვა ბიზნესებთან შედარებით, სექტორისთვის ისედაც მძიმეა.

„სამწუხაროდ, მთავრობა გვესაუბრება მხოლოდ მედიის საშუალებით, ისე, რომ არ ითვალისწინებს სექტორში მონაწილე სუბიექტების პოზიციებს - ადგილობრივ, აგრეთვე უცხოურ კომპანიებს, რომლებმაც საქართველოს ეკონომიკაში უმსხვილესი ინვესტიციები განახორციელეს,“ - განაცხადა ასოციაციის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, გიორგი მამულაიშვილმა.

მისივე თქმით, მოსალოდნელი ცვლილებები უდიდეს უარყოფით გავლენას მოახდენს საქართველოს ეკონომიკაზე - დაზარალდება სპორტი, მედია, ტელეკომუნიკაცია, ფინანსური და აიტი სექტორები. ეკონომიკური მაჩვენებლების გაუარესებასთან ერთად გაიზრდება უმუშევართა რაოდენობა როგორც სათამაშო ბიზნესში, ისე მასთან დაკავშირებულ ინდუსტრიებში, რაც ქვეყანაში არსებული 22%-იანი უმუშევრობის პირობებში კიდევ უფრო დაამძიმებს საერთო სურათს, რადგან საუბარია ათასობით დასაქმებულსა და ათეულობით ათას მათზე დამოკიდებულ ადამიანზე.

საქართველოში სათამაშო ბიზნესი დღეს სრულად ლეგალური, გამჭვირვალე და რეგულირებულია. ჩვენი ბაზრით დაინტერესებულები არიან როგორც უმსხვილესი საერთაშორისო კომპანიები, ისე სხვადასხვა ქვეყნის სათამაშო ბიზნესის მარეგულირებელი ორგანიზაციები მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

პრესკონფერენციაზე ასევე ნათქვამი იყო, რომ პრემიერ მინისტრისა და ფინანსთა მინისტრის მიერ გაჟღერებული აკრძალვები განსაკუთრებით თვალშისაცემია იმ პირობებში, როდესაც მსოფლიოს უდიდეს ქვეყნებს აღებული აქვთ სრულად საპირისპირო კურსი, მაგალითად აშშ-ში პერიოდულად იზრდება ისეთი შტატების რიცხვი, სადაც აზარტული ონლაინ თამაშები დაშვებულია. აღსანიშნავია ისიც, რომ გაიხსნა და დარეგულირდა უკრაინისა და ბელარუსის ბაზრებიც. ასეთი მიდგომები სრულიად ბუნებრივია, რადგან განპირობებულია მსოფლიო გამოცდილებით, რომლის მიხედვითაც სათამაშო ბიზნესის აკრძალვა არ წარმოადგენს თამაშის შეზღუდვის ან თამაშდამოკიდებულების აღმოფხვრის საშუალებას, ნებისმიერი სახის აკრძალვის პირობებში ადამიანები მაინც აგრძელებენ თამაშს არალეგალურ ვებ-გვერდებსა თუ ე.წ. „ხელზე თამაშის“ გზით.

გიორგი მამულაიშვილის განცხადებით, დღევანდელი მოცემულობით, თუ მთავრობა შეინარჩუნებს ცალმხრივ პოზიციას და არ წამოვა კონსტრუქციულ დიალოგზე, ბიზნესი მიმართავს ხარჯების ოპტიმიზაციის გზას და უარს იტყვის მთელ რიგ სოციალურ თუ სხვა სახის პროექტებზე, მათ შორის სპონსორობაზეც. ამასთან, რადგან გაცხადებული ცვლილებებით აზრი დაეკარგება სპორტულ მიმართულებას, ბიზნესი იძულებული გახდება, განიხილოს ონლაინ ტოტალიზატორის გათიშვის საკითხი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები