სუპერ თასი - შავი ლომი დეკემბრის კამპანიისთვის მზადებას შეუდგა
Aa
Aa

სუპერ თასი - შავი ლომი დეკემბრის კამპანიისთვის მზადებას შეუდგა

‘შავი ლომი’ გუშინ საღამოს „შევარდენის ბაზაზე“ შეკრებაზე შევიდა და რაგბი ევროპის სუპერ თასის დეკემბრის კამპანიისთვის მზადებას შეუდგა.

ქართულ ფრენჩაიზს თამაშების გაწერილი გეგმა კოვიდ-პანდემიამ აურია და ახლადდაარსებულ ტურნირში ყველაზე ცოტა, ორი თამაში აქვს ჩატარებული. ‘შავმა ლომმა’ ოქტომბერში ჯერ თბილისში, ისრაელის ‘თელავივ ჰითს’ პირველი ტურის გამოტოვებულ მატჩში სძლია 33:10, მერე მესამე ტურის მატჩში ‘ლოკომოტივი’ პენზაში დაამარცხა – 27:11. გუნდმა ორივე შემთხვევაში მოახერხა ბონუსის აღება, ქულათა მაქსიმუმით (2 თამაშიდან 10) აღმოსავლეთ კონფერენციაში მეორე ადგილზეა და მხოლოდ ‘ენისეის’ ჩამორჩება, რომელსაც ერთი თამაშით მეტი აქვს ჩატარებული და 11 ქულა მოაგროვა.

აღსანიშნავია, რომ ქართულ ფრენჩაიზს ‘ენისეისთან’ 30 ოქტომბერს უნდა ეთამაშა, მაგრამ რუსეთში კოვიდ-სიტუაციის დამძიმების გამო, ქვეყანამ საზღვრები ჩაკეტა და გუნდი სოჭში ვერ გაფრინდა. ეს შეხვედრა სავარაუდოდ 2022 წელს, ფლეი ოფების წინ გაიმართება.

რაც შეეხება მომავალ თამაშებს, ‘შავი ლომი’ 4 დეკემბერს, „ავჭალაზე“ რუსეთის ვიცე-ჩემპიონ ‘ლოკომოტივ-პენზას’ მასპინძლობს, რომელმაც აქამდე ოთხივე შეხვედრა დათმო და მცირედი სხვაობით მარცხისთვის 1 ნუგეშის-ქულა ‘თელავივ-ჰითთან’ აიღო. ეს არის მე-5 ტურის შეხვედრა და 5 დეკემბერს ‘თელავივ ჰითი’ ‘ენისეის’ უმასპინძლებს. ისრაელის კლუბისთვის ეს პირველი საშინაო შეხვედრა იქნება.

11 დეკემბერს „ავჭალაზე“, 17 საათზე ‘ენისეის’ დავუხვდებით და სატურნირო მდგომარეობიდან გამომდინარე, არაა გამორიცხული ის გადამწყვეტი აღმოჩნდეს. ამავე დღეს ‘თელავივი’ ‘ლოკომოტივს’ მასპინძლობს.

18 დეკემბერს მეორე ტურის გადადებული მატჩია და ‘შავი ლომი’ ფეთაჰ-თიქვაში ‘თელავივ ჰითს’ შეხვდება.

შეგახსენებთ, ჯგუფური ეტაპის დასრულების შემდეგ, აღმოსავლეთ და დასავლეთ კონფერენციების ორ-ორი მოწინავე ერთრაუნდიან ნახევარფინალში გადის, სადაც პირველადგილოსნები მასპინძლები იქნებიან. დასავლეთ კონფერენციაში 4 სრული ტური ჩატარდა და 19 ქულით პორტუგალიური ‘ლუსიტანოსი’ ლიდერობს, მეორე ადგილზე კი 11 ქულით ესპანური ‘იბერიანზია’.

‘ლოკომოტივი-პენზასთან’ თამაშის წინ, ‘შავი ლომი’ ხვალ, 16 საათზე „შევარდენზე“ ღია ვარჯიშს გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
7 კაცა რაგბი - საქართველოს ნაკრები დუბაის საერთაშორისო ტურნირზე ბრუნდება
7 კაცა რაგბი - საქართველოს ნაკრები დუბაის საერთაშორისო ტურნირზე ბრუნდება