მამარდაშვილის შანსი - ბორდალასმა შესაძლოა კოპა დელ რეიზე ათამაშოს
Aa
Aa

მამარდაშვილის შანსი - ბორდალასმა შესაძლოა კოპა დელ რეიზე ათამაშოს

ესპანურმა გამოცემა plazadeportiva-მ „ვალენსიას“ შესახებ სტატია გამოაქვეყნა და „ღამურების“ მომდევნო შეხვედრაში, გუნდის თავკაცის, ხოსე ბორდალასის გეგმებზე ისაუბრა. 2 დეკემბერს, „ვალენსია“ კოპა დელ რეის 1/64-ფინალში „უტრილიასს“ დაუპირისპირდება და plazadeportiva-ს მიხედვით, დიდი შანსია, ბორდალასმა გიორგი მამარდაშვილს თავის გამოჩენის საშუალება მისცეს.

„კოპა დელ რეის მატჩი ახლოვდება და ყველაფერი იმაზე მიუთითებს, რომ ვალენსიას თავკაცი სათადარიგო ფეხბურთელებს შანსს მისცემს. ერთ-ერთი მთავარი საკითხი ვალენსიას მეკარის ვინაობას უკავშირდება. სილესენმა დაამტკიცა, რომ ძირითადი შემადგენლობის ღირსია და ბორდალასის გეგმა სწორედ ეს იყო.

სეზონის სტარტზე, მას გოლკიპერის პოზიციაზე რამდენიმე ვარიანტი ჰქონდა. გიორგი მამარდაშვილმა კონკურენტების არყოფნით ისარგებლა და სასტარტო თერთმეტეულის წევრი გახდა. კარგი თამაშის წყალობით, იგი ვალენსიას კარში ლა ლიგის მე-7 ტურამდე იდგა. სილესენი ძირითადს ბილბაოსთან მატჩში დაუბრუნდა და მამარდაშვილმა სათადარიგოთა სკამზე გადაინაცვლა. ამის შემდეგ, მეკარის პოზიციაზე ცვლილებები არ ყოფილა, თუმცა კოპა დელ რეი ბორდალასს აიძულებს, ძირითადში ან მამარდაშვილი დააყენოს ან ნდობა ხაუმე დომენეკს გამოუცხადოს, რომელიც გასახდელში გუნდის ერთ-ერთი ლიდერია“, - წერს plazadeportiva.

შეგახსენებთ, რომ გიორგი მამარდაშვილი „ვალენსიაში“ 1-წლიანი იჯარის წესით თამაშობს. მისი შემადგენლობიდან ამოვარდნა „სევილიასთან“ დაშვებულ შეცდომებს მიაწერეს, თუმცა ხოსე ბორდალასის თქმით, გიორგის შანსი აუცილებლად მიეცემა და იმედი ვიქონიოთ, რომ ეს ზეგ ჩანიშნულ შეხვედრაში მოხდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები